“ჩიკაგო ბულსში” თორნიკე შენგელიას დებიუტი კვლავ არ შემდგარა. დღეს, გამთენიისას, ჩიკაგოელებმა “ლოს ანჯელეს კლიპერსს” უმასპინძლეს და ეს იყო მეორე შეხვედრა, რაც ქართველი ფორვარდი ახალ გუნდში მივიდა, თუმცა მწვრთნელმა შენგელია ისევ არ ათამაშა. საქართველოს ნაკრების წევრი მატჩის განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ გასულა.
რაც შეეხება შეხვედრას, ის “ჩიკაგომ” 95:112 წააგო. ბოლო მეოთხედის წინ სხვაობა 12 ქულა იყო და “ხარებს” მოგების შანსიც ჰქონდათ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ლოსანჯელესელებმა არ დათმეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს.
“ჩიკაგოში” საუკეთესო იოაკიმ ნოა იყო (12 ქულა, 13 მოხსნა, 7 პასი). 22 ქულა დააგროვა კარლოს ბუზერმა, ხოლო მაიკ დანლივიმ შეხვედრა 17 ქულით დაასრულა. კიდევ ერთმა მეფარე ტაჯ გიბსონმა, რომელიც სათადარიგო იყო და მოედანზე 25 წუთი გაატარა, ჩიკაგოელებს 18 ქულა შესძინა.
“ბულსს” 21-21 მოგება-წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში “ვაშინგტონთან” V-VI ადგილებს იყოფს. მომდევნო შეხვედრას ჩიკაგოელები ხვალ, შარლოტში გამართავენ.
www.gbf.ge









