“ბრუკლინ ნეთსმა”, რომლის ღირსებასაც ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია იცავს, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) უკანასკნელი 9 მატჩიდან მე-8 წააგო და ატლანტის დივიზიონში ბოლო ადგილზე იმყოფება, მთელს აღმოსავლეთ კონფერენციაში კი მხოლოდ ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსს” უსწრებს.
“ბარკლაი სენთერში” გამართულ მორიგ მატჩში “ნეთსის” მთავარმა მწვრთნელმა ჯეისონ კიდმა სხვადასხვა მიზეზთა გამო დერონ უილიამსი, ბრუკ ლოპესი, ჯეისონ ტერი და ანდრეი კირილენკო მოისაკლისა, თუმცა, ბრუკლინელთა გულშემატკივარისთვის აღნიშნული საპატიო მიზეზი ვერ გამოდგა და “დეტროიტ პისტონზთან” საშინაო მარცხის (97:109) შემდეგ, გუნდი სტვენით გააცილა.
ბრუკლინელები დიდი შესვენებისთვის 7 ქულით იგებდნენ, მაგრამ მე-3 მეოთხედში 15:34 განადგურდნენ და მდგომარეობის გამოსწორება ვეღარ მოახერხეს. მასპინძლებს ვერც ჯო ჯონსონის ჩუბინობამ უშველათ, რომელმაც 10-დან 8 სამქულიანი ჩააგდო და ჯამში 34 ქულა მოაგროვა.
რაც შეეხება შენგელიას, მან მოედანზე მხოლოდ 04:13 წუთი გაატარა და აქტივში 1 მოხსნა ჰქონდა, პასივში კი 2 პერსონალური ფოლი. “ნეთსს” 3 მოგება და 10 მარცხი გააჩნია, მომდევნო შეხვედრა კი 27 ნოემბრის დილას სტუმრად “ტორონტო რეპტორზთან” ელის.









