სტატიები

14:37 | 22.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

შესახებ იმისა, თუ რატომაა პირდაპირი ეთერი სისასტიკე

25 მილიონი ჩრდილოეთკორეელი შოკშია! ეს რა ნახა მათმა თვალებმა! თანაც პირდაპირ ეთერში! მათი გმირი შვილები 0:7 განადგურდნენ “ვიღაც რიგით გუნდთან”! ეს რა გამოუსწორებელი შეცდომა მოუვიდა ქვეყნის იდეალურად გამართულ იდეოლოგიურ მანქანას! უმაღლესი ჩინოვნიკები ალბათ ვერასდროს აპატიებენ თავს ამ “საბედისწერო შეცდომას”, რასაც მსოფლიოს ჩემპიონატის პირდაპირ ეთერში ჩვენება ჰქვია. ხომ შეიძლება ერმა ვერ გადაიტანოს ასეთი სირცხვილი და თავის მოჭრა? 

ჩვენ აქ ვხუმრობთ, ისევე როგორც მთელი შეგნებული მსოფლიო, მაგრამ აბა, ფხენიანის ტყავ-ფეხსაცმლის ან ძაფსართავი ფაბრიკის მუშა-მშრომელებს ჰკითხეთ! 21-ე საუკუნის ერთადერთ კომუნისტურ ქვეყანაში, სადაც ერთი პარტია, ერთი ტელევიზია და ერთი რადიოა, ერთი აზრი და ერთი ბელადია, პირდაპირი ეთერის ცნება მხოლოდ ტექნიკური გაგებით სულდგმულობს. რეალურად იქ პირდაპირ ეთერში არაფერს უჩვენებენ. თვით “ერის მამის” და “დიადი ბელადის” კიმ ჩონ ილის მშრომელი ხალხისადმი მიმასთვაც კი ჩანაწერია. თურმე ფხენიანის ტელევიზია არასდროს გადასცემს უარყოფით ცნობებს, რადგან შეუძლებელია, დიადი კომუნისტური მიზნებისთვის მებრძოლ ქვეყანაში რაიმე ცუდი ხდებოდეს.
მაგრამ აი, გავიდა მათი ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე და იდეოლოგიის სამინისტრომ - ცხადია დიადი ბელადის კეთილი ნებართვით - ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო, პირდაპირ ეთერში ეჩვენებინა სასიქადულო ფეხბურთელების საქმენი საგმირონი. ალბათ ეგონათ, რომ ისინი გაიმეორებდნენ 1966 წლის მუნდიალის საოცრებებს, როცა მათმა მამებმა მართლა გადარიეს მსოფლიო, ჯგუფში იტალია ჩატოვეს და მეოთხედფინალში ლამის პორტუგალიას მოუგეს. მაგრამ ახლა მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა. ბედის მწარე ირონიით ჩრდილოკორეელები კვლავ პორტუგალიის ხელში აღმოჩდნენ და ეს უმწარესი მარცხი ერმა საკუთარი თვალით იხილა! მართალია, ტელეწამყვანმა მატჩის დასრულების შემდეგ ელდის ჩაფარცხვა სცადა - პორტუგალიამ მოიგო და ახლა ოთხი ქულა აქვსო და შემდეგ სიტყვაც აღარ თქმულა, მაგრამ რაღა დროს. არა, აშკარად ცუდი მომენტი შეირჩა, რომ ჩრდილოეთ კორეას საკუთარი ხალხისთვის მსოფლიო ენახვებინა.
და თავად ამ “გმირობის შემოქმედნი”? კარგად ვნახეთ, რა დღეში იყვნენ ნამარცხევს. ზოგიერთ მათგანს ალბათ ერჩივნა მიწა გასკდომოდა. რა ქნან საწყლებმა, თუ მთელი მსოფლიოსთვის ფეხბურთი გართობა, ბიზნესი და ყველაზე ცუდ ვარიანტში მხოლოდ კარგი სამუშაოა, კომუნისტი კორეელებისთბის ეს ბევრად მეტია. რამდენად? ეს რომ გავიაზროთ, ჩვენც იმ საცოდავი ქვეყნის ძალით “ბედნიერი” შვილები უნდა ვიყოთ. ღმერთმა დაგვიფაროს.
ორი გოლის შემგდებმა პორტუგალიელმა ტიაგომ მიწასთან გასწორებულ მეტოქეს თამაშის შემდეგ ყოველივე საუკეთესო და კოტ დივუართან გამარჯვება უსურვა. მაგრამ კითხვაზე, არ გებრალებიან ეს საწყლებიო, მიუგო - სულაც არა, ეს მხოლოდ ფეხბურთიაო. 
გამოცნობაც არ სჭირდება, რომ ჭკუანასწავლი ფხენიანი კოტ დივუართან დარჩენილ შეხვედრაში აღარ გაიმეორებს ფატალურ შეცდომას და პირდაპირ ეთერში აღარ დაზაფრავს ხალხს. მერე წვრილხმიანი კეთილსახიერი წამყვანი საინფორმაციო გამოშვების ასე მეშვიდე თემად ლაკონურად იტყვის - მოიგო კოტ დივუარმაო და მერე კარგა 20-წუთიან რეპორტაჟს გამოაცხობს ქვეყანაში ბრინჯის მეორე მოსავლის გეგმაგადაჭარბებით აღებასთასთან დაკავშირებით.
 
ირაკლი ფირაშვილი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091197