საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის წევრთა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის შეხვედრა ისე დასრულდა, მხარეებმა საბოლოო გადაწყვეტილებაზე შეთანხმება მაინც ვერ მოახერხეს. ძირითადი სასაუბრო თემა ამ შემთხვევაშიც თავისუფალი სტილით მოჭიდავე ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების სამწვრთნელო შტაბში განხორციელებული ცვლილებები იყო.
ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის რომან რურუას განცხადებით, ლუკა კურტანიძეს გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების უფლება არ ჰქონდა და მისი ინიციატივა პრეზიდიუმის წევრებს უნდა დაედასტურებინათ. სამეთვალყურეო საბჭო პრეზიდიუმის რიგგარეშე სხდომის მოწვევას არ ჩქარობს და ფედერაციის ხელმძღვანელობას სიტუაციის დასარეგულირებლად დროს აძლევს.
სპორტის მინისტრს პრეზიდიუმის წევრებთან შეხვედრის შემდეგ ოფიციალური კომენტარი აღარ გაუკეთებია. გუშინწინ საღამოს გაკეთებული განცხადების თანახმად კი, ლევან ყიფიანი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ დასახულ სამუშაო გეგმას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
რაც შეეხება კურტანიძე-ყაზარაშვილის ინციდენტს, აღნიშნულ საკითხზე არცერთ მხარეს აღარ უსაუბრია.
ოთარ მაღლაკელიძე







