ინტერვიუები

10:26 | 17.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: "ადვოკაატი მუდმივად მეუბნებოდა - დროა, მთავარი მწვრთნელი გახდეო"

თურქული “კაისერისპორის” მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე, რომელიც გუნდს 28 ივნისს შეკრებს, თვლის, რომ ძალიან გაუმართლა, ვინაიდან ჰოლანდიურ “ალკმაარში” ლუის ვან გაალის, რონალდ კუმანისა და დიკ ადვოკაატის თანაშემწედ მუშაობა მოუწია.
“ნამდვილად ძალიან გამიმართლა. 3 წლის განმავლობაში ასეთ დიდოსტატებთან მუშაობა, არა მხოლოდ დიდი პატივი, არამედ, შეუფასებული გამოცდილებაც. თითოეული მათგანისგან რაღაც ვისწავლე და ახლა დამოუკიდებლად მუშაობას დიდი ინტერესით ვიწყებ. დიკი, რონალდი და ლუისი, არა მხოლოდ უმაღლესი რანგის პროფესიონალები, ამასთანავე, შემოქმედი ადამიანები არიან. მათთან მუშაობა ყოველთვის საუცხოოა” - განაცხადა არველაძემ რუსულ გამოცემა “სოვეტსკი სპორტთან” საუბრისას.  
- შესაძლებლობა გქონდათ, რუსეთის ეროვნულ ნაკრებში ადვოკაატის თანაშემწედ გემუშავათ. რატომ არ დათანხმდით?
- ჰოლანდიაში ოჯახი მყავს - ბავშვები სკოლაში დადიან და ბიჭი ფეხბურთსაც თამაშობს. მათ იქ მოსწონთ. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ თუ ჰოლანდიას დავტოვებდი, მხოლოდ დამოუკიდებლად მუშაობის სანაცვლოდ. იგივე ადვოკაატი მუდმივად მეუბნებოდა, რომ დროა, მთავარი მწვრთნელი გახდე და დამოუკიდებლად იმოქმედოო.
- დიკთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- საუცხოო! ის მენდობა და არა მხოლოდ სამუშაო პროცესში, არამედ ზოგიერთ საყოფაცხოვრებო საკითხებშიც. ადვოკაატი რუსეთს ყოველთვის თბილად იხსენებდა და მიხარია, რომ ისევ ამ ქვეყანაში მუშაობის შანსი მიეცა.   
- ადვოკაატს, კუმანსა და ვან გაალს საერთო რა აქვთ?
- ისინი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავდებიან. თუმცა, საერთო ის აქვთ, რომ მათი მუშაობა დისციპლინაზეა აგებული, განსაკუთრებით დიკისა და ლუისის. გარდა ამისა, ორივე ძალიან პირდაპირია. არასოდეს ეშინიათ თქვან ის, რასაც ფიქრობენ, მიუხედავად იმისა თუ ვინ დგას მათ წინაშე. გუნდში ყველამ იცოდა, რომ მართალი თუ არ იყო, კამათს აზრი არ ჰქონდა. არაფრის გამო, ადვოკაატი და ვან გაალი პრეტენზიას არავის უყენებენ. ორივესთვის მთავარია გუნდში გამარჯვებულის ატმოსფერო შექმნან. მათთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს ფეხბურთელებს ერთმანეთთან როგორი დამოკიდებულება ექნებათ, რადგან მთავარია, შედეგს მიაღწიონ.  
- ეს ხომ ნებისმიერი მწვრთნელისთვის მთავარია?
- ამ მხრივ, კუმანი ძალიან გამოირჩევა. ლუისისა და დიკისგან განსხვავებით, რონალდი ცდილობს გუნდში ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. ამიტომ, ფეხბურთელებს ინდივიდუალურად რეგულარულად ესაუბრება. კუმანისთვის მნიშვნელოვანი იყო, გუნდში იდეალური მიკროკლიმატი შექმნილიყო.  
- ვან გაალსა და ადვოკაატს შორის მსგავსება გასაგებია. მათ შორის რა განსხვავებაა?
- ვან გაალი მუდმივად დაკავებულია მეტოქის სათამაშო ტაქტიკის შესწავლით, როდესაც დიკს მხოლოდ საკუთარი გუნდი აღელვებს. ადვოკაატი ფეხბურთელებს მუდმივად რაღაც მომენტებს უთითებს და ურჩევს, მომავალში მსგავს სიტუაციაში როგორ მოიქცნენ. ოპონენტების შესახებ ის ბევრს არ საუბრობს. კიდევ რა? ვან გაალისთვის არა მხოლოდ ფეხბურთელის სათამაშო ფორმა და კლასი, არამედ მისი ხასიათიც მნიშვნელოვანია. ადვოკაატი კი, გუნდის შემადგენლობის განსაზღვრისას სწორედ ფეხბურთელების პროფესიონალურ თვისებებს ეყრდნობა.
- რუსეთის ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელისგან რა ისწავლეთ?
- ძალიან ბევრი. მუშაობის პირველსავე დღეს ყველას უნდა აგრძნობინო, რომ გუნდში პირველი შენ ხარ. ამასთანავე, ადვოკაატი ქედმაღალი არაა. “ალკმაარში” ერთი გუნდი ვიყავით და თითოეული ჩვენთაგანი საწვრთნელ პროცესში მონაწილეობისას თანასწორი უფლებებით ვსარგებლობდით. ადვოკაატისთვის ეს მნიშვნელოვანი იყო.
- ადვოკაატის გუნდში კონკრეტულად რა ფუნქციას ასრულებდით?
- დიკის მიერ ჩატარებულ ვარჯიშებზე ასისტენტების ფუნქციები მუდმივად იცვლებოდა. ადვოკაატს შეეძლო ეთქვა: “შენ ამ ჯგუფთან ერთად “ბურთის დაჭერაზე” იმუშავებ, ხოლო შენ ამ ბიჭებთან ერთად კარში დარტყმები დაამუშავე”. ზოგჯერ საერთოდ არაფრის გაკეთება არ იყო საჭირო და უბრალოდ, თვალი ორმხრივი თამაშისთვის უნდა გედევნებინა. ამასთანავე, მე მეტოქის თამაშის ანალიზი მევალებოდა და შემეძლო, მოედანზე შექმნილი ამა თუ იმ სიტუაციის თაობაზე საკუთარი აზრი გამომეთქვა.  
- როგორ თვლით, მართალია ადვოკაატი, როდესაც ფეხბურთელებთან დისტანციას იჭერს და მათთან თბილი ურთიერთობის დამყარებას არ ცდილობს?
- რომელ ურთიერთობაზე საუბრობთ! დიკი უკვე 60 წელიწადზე მეტისაა, ხოლო გუნდში ფეხბურთელების უმრავლესობა 18-20 წლის იყო. ამ შემთხვევაში, რომელ მეგობრობაზეა საუბარი? ის ჩამოვიდა, თავისი სამუშაო შეასრულა, ფული აიღო და სახლში წავიდა. ჩვენ ხომ პროფესიონალურ ფეხბურთზე ვსაუბრობთ, სადაც პირველყოვლისა, მიზანს უნდა მიაღწიო. ადვოკაატი ხშირ შემთხვევაში ამას აღწევს და ეს მთავარია.
- ადვოკაატთან ერთად, როგორც ფეხბურთელი და როგორც ასისტენტი მუშაობდით. როდის უფრო ადვილი იყო?
- რა თქმა უნდა, ასისტენტად! როგორც უკვე ვთქვი, ის კოლეგებზე მუდმივად ფიქრობს. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ სამწვრთნელო შტაბში თითოეულმა თავი კარგად იგრძნოს. ის ჩვენთვის სამუშაოს ყოველთვის პოულობდა. დიკს მოსმენა შეუძლია. მასთან 3 საათიც კი მიკამათია. თუმცა, როგორც ფეხბურთელმა, აბა სცადე და ადვოკაატს რაიმე უთხარი. მოთამაშეები მას მხოლოდ “თქვენობით” მიმართავენ. “გამარჯობა, როგორ ხარ? მზად ხარ სათამაშოდ?”, – ფეხბურთელი რომ ვიყავი, ამის გარდა, სხვა არაფერზე გვისაუბრია. თუმცა, ყველა მოთამაშე მას დიდ პატივს სცემდა. ნათელი იყო, რომ ის გამარჯვებული ადამიანია.   
- ადვოკაატს იუმორის გრძნობა თუ აქვს?
- ერთი სახალისო ისტორია დამამახსოვრდა. ერთ-ერთ ვარჯიშზე ადვოკაატი მომიახლოვდა და მითხრა: “შოთა ხელები ჯიბეებში რატომ გაქვს? იქნებ, სიგარეტიც შემოგთავაზოთ?” და გაეცინა. შემდეგ ამიხსნა, რომ ვარჯიშის დროს ჯიბეებში ხელების ჩაწყობა საჭირო არაა: “ბიჭებმა სავარჯიშო პროცესში შენი აქტიური მონაწილეობა  უნდა იგრძნონ. თორემ, ისე სჩანს, რომ თითქოს არ გაინტერესებს. ამის მერე, ისინი ბოლომდე როგორ დაიხარჯებიან?” იუმორის გრძნობასთან დაკავშირებით, მას ყველაფერი წესრიგში აქვს. სერიოზულ დეტალზე მიმითითა, მაგრამ ეს ისეთი ფორმით გააკეთა, რომ დისკომფორტი არ მიგრძვნია.  

მოამზადა ლაშა თაბაგარი
 


0.08815