ინტერვიუები

10:16 | 13.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: “ჩვენი ნაშრომი მინდორზე კარგად გადაგვაქვს”

შოთა არველაძის გაწვრთნილმა "კაისერისპორმა” თურქეთის სუპერლიგა სამ მატჩში აღებული 7 ქულით რომ დაიწყო, ბევრმა ალბათ, პატარა გუნდებისთვის დამახასიათებელ “შეფუცხუნებად” ჩათვალა. თუმცა, გუშინწინ დამტკიცდა, რომ შოთას და მის გუნდს სულაც არ ეხუმრებათ: თურქეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ “ფენერბახჩეს” 2:0 სძლიეს და ცხრილში მეორეზე არიან, მხოლოდ ჩემპიონ “ბურსასპორს” ჩამორჩებიან. სასიხარულოა, რომ ძლიერად თამაშობს “კაისერისპორის” ქართველი მცველი ალეკო ამისულაშვილიც. და მაინც, არველაძე აღმატებით ხარისხში ჯერ არ ლაპარაკობს, ეს მხოლოდ დასაწყისია და რეალურად, ჩვენი ძალა 12-13 ტურის შემდეგ გამოჩნდებაო.
“მსოფლიო სპორტი” ტყუპისცალს თურქეთში დაუკავშირდა და რა თქმა უნდა, მხოლოდ “კაისერისპორზე” არ უსაუბრია. თემა საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლო ორი მატჩიც იყო – საბერძნეთთან და ისრაელთან:
- 3 მოგება და ერთი ფრე: ელოდით ასეთ დასაწყისს სუპერლიგაში?
- შესაძლოა, არ ველოდით, მაგრამ თამაშებმა აჩვენა, რომ ჩვენი ნაშრომი კარგად გადაგვაქვს მინდორზე. ზაფხულში კარგად მოვემზადეთ და შედეგსაც ვიმკით. ჯერჯერობით, ასეა.
- ალეკო ამისულაშვილის თამაშზე რას იტყვით?
- ძალიან კარგად გამოიყურება. ერთ-ერთი საუკეთესოა გუნდში.  
- ხშირია შემთხვევა, როცა ქვეყნის არაფავორიტი გუნდი ჩემპიონატს ხმაურიანად იწყებს, მაგრამ შემდეგ ვეღარ მიდის წინ. “კაისერისპორს” რამდენად ემუქრება ეს საფრთხე?
- ეს მომდევნო მატჩებში გამოჩნდება. ჯერ მაინც დასაწყისია და გუნდების რეალურ ძალას ვერ გაიგებ. დაახლოებით, 12-13 ტურის მერე უფრო ვნახავთ. თანაც, ვერ გეტყვით, რომ აქ ყველა გუნდი შესაწავლილი მყავს. ჯერ მხოლოდ იმ გუნდებზე შემიძლია ვილაპარაკო, რომლებსაც ვეთამაშეთ. მთავარია, ჩვენ მოტივირებულები ვართ, ვარჯიში გვსიამოვნებს, გუნდში კარგი გარემოა, გამართულად ვთამაშობთ და ვიცით, რა გზით უნდა ვიაროთ.
- ეს კარგია. “ფენერბახჩესთან” მატჩზე ცალკე ვთქვათ...
- “ფენერი” კარგად გვყავდა შესწავლილი, გამართული, ორგანიზებული ფეხბურთი ვითამაშეთ და მოვიგეთ. ვერ ვიტყვი, რომ “ფენერბახჩემ” მოსალოდნელზე ცუდად ითამაშა: რასაც ველოდი, ის გუნდი იყო.
- ამ სეზონში რა მიზნები გაქვთ?
- კარგად თამაში. რაც უფრო მაღალ ადგილს დავიკავებთ, მით უკეთესი. ევროპის ლიგის ზონაში მოხვედრა შეგვიძლია.
- თურქეთის ჩემპიონატის დონე მნიშვნელოვნად ამაღლებულია მას შემდეგ, რაც თქვენ თამაშობდით “ტრაბზონსპორში”?
- მაშინ გუნდში მხოლოდ 3 უცხოელის თამაში შეიძლებოდა, ახლა კი სავსეა აქაურობა ლეგიონერებით. ფინანსური მდგომარეობაც გაუმჯობესებულია კლუბებში.   
- როგორ ფიქრობთ, საქართველოს ჩემპიონატის გამორჩეული ფეხბურთელები თურქეთის სუპერლიგაში ღირსეულად თამაშს შეძლებენ?   
- არა აქვს მნიშვნელობა, თურქეთია თუ გერმანია: ნებისმიერი კარგი ფეხბურთელი ითამაშებს ძლიერ გუნდში. აქ მეორე საკითხია, გუნდს, მწვრთნელს როგორ შეეწყობა. არ მომხდარა, რომ საქართველოს ჩემპიონატიდან წასულან ბიჭები და ინგლისში ან გერმანიაში მაღალ დონეზე უთამაშიათ?
- ალბათ, კაისერში დიდი საფეხბურთო აჟიოტაჟია...
- რა თქმა უნდა. თუმცა, ახლა გადაიარა. მოგება კარგია, მაგრამ მომდევნო მატჩის მოლოდინში ვართ. თანაც, აქ ხომ კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონატია და თურქეთი ფინალშია გასული. ამან ცოტა დაჩრდილა ფეხბურთი.
- კალათბურთი გიყვართ? კაისერშიც ტარდებოდა მსოფლიოს ჩემპიონატის თამაშები და ხომ არ ესწრებოდით?
- კალათბურთი კი მიყვარს, მაგრამ არ მეცალა, რომ ცოცხლად მენახა მსოფლიოს ჩემპიონატის თამაშები.
- ახლა საქართველოს ნაკრებზე ვისაუბროთ: ალბათ, ორივე თამაში ნახეთ. რა ანალიზს გაუკეთებდით?
- მთლიანობაში, კმაყოფილი ვარ. გუნდმა ჯერ უნდა ისწავლოს, როგორ არ წააგოს. და მერე უნდა ისწავლოს მოგება. რაც დავინახე, ნაკრები გუნდურად თამაშობდა და ბიჭებს მადლობა უნდა ვუთხრათ.  
- თემურ ქეცბაიამ თქვა, ორგანიზაციული თვალსაზრისით არა გვიშავს, მაგრამ მეტოქის კართან ხიფათის შექმნა გვიჭირსო...
- ასეა და ქეცბაია ვერ გამოიგონებს ფეხბურთელებს. თემური გუნდს ათამაშებს ისე, როგორც რეალურად აწყობს და იმიტომაცაა კარგი მწვრთნელი. თვალის ასახვევად, შემოქმედებით ფეხბურთს ვერ ითამაშებ, ეს წარმოუდგენელია. დღეს არ გვყავს ქინქლაძესავით დრიბლიორი და პასის გამჭრელი, ცხონებული მიშა მესხისნაირად ვერავინ დაფრინავს ფლანგზე, ან დავით ყიფიანივით ვერავინ დაალაგებს თამაშს. ზოგიერთი მწვრთნელი წინ ტანმაღალ თავდამსხმელს იყენებს, მაგალითად, ლუკა ტონი ავიღოთ, რომელსაც შეუძლია თავით დააგდოს ბურთი... ჩვენ ასეთიც არ გვყავს. რა კონტიგენტიც ჰყავს ქეცბაიას, იმაზე მორგებულ ფეხბურთს ათამაშებს. ბიჭებიც დავალებას ასრულებენ.
- ექტორ კუპერი იგონებდა (გარემარბებით თამაშზე აქცენტირება და ა.შ) და ვერაფერი ხეირი ნახა...
- ფეხბურთელების გადაკეთება წარმოუდგენელია. ეს იცის ქეცბაიამ და ამიტომაც, მშვენივრად უძღვება საქმეს. 5 მატჩი ჩაატარა და ერთიც არ წაუგია. მართალია, ფრეს ვთამაშობთ, მაგრამ მეტოქეც ხომ ვერ იგებს. როდესმე გახსოვთ, სტუმრად საბერძნეთის დონის გუნდთან ფრეზე გული დაგვწყვეტოდა, რატომ ვერ მოვიგეთო?
- ჯანო ანანიძის თამაშზე ცალკე გკითხავთ. საბერძნეთთან კარგად შევიდა შეცვლაზე, მაგრამ ისრაელთან თითქოს გადაღლილი ჩანდა...
- 18 წლისაც არაა და ხან ახალგაზრდულ ნაკრებშია, ხან ეროვნულში. ეს არ არის იოლი, გამოიფიტება ბიჭი. არადა, ჯანო მართლაც მაგარია და ერთ-ერთი საუკეთესო გახდება ნაკრებში.

 

ილია ნანობაშვილი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163355