შოთა არველაძის გაწვრთნილმა “კაისერისპორმა”, თურქეთის სუპერლიგის პირველი წრე მე-4 ადგილზე დაასრულა და ზამთრის შესვენებაზე კარგი ტრანსფერებიც “გამოაცხო”, რაც ანატოლიური გუნდის გულშემატკივრებს, ევროტურნირებზე გასვლის იმედს აძლევს.
“ვნახოთ, მეორე წრე წინაა, ნაადრევად ძნელია რაიმეს თქმა” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ინტერვიუში შოთა არველაძემ.
- კლუბის ხელმძღვანელობამ რამდენად დააკმაყოფილა თქვენი სურვილი ტრანსფერებთან დაკავშირებით?
- ურიგო ფეხბურთელები არ მოგვიყვანია. ნორდინ ამრაბატი პსვ-დან, კარიმ ზიანი “ვოლფსბურგიდან”, ემირ კუიოვიჩი შვედეთის “ჰალმშტადიდან”. თუმცა, კუიოვიჩი ზაფხულშივე ნაყიდი გვყავდა, უბრალოდ, ახლა გადმოვიყვანეთ. მთლიანობაში, მზადებით კმაყოფილი ვარ.
- “ვიტესს” ეთამაშეთ ამხანაგურში და 5:1 მოუგეთ. როგორ შეაფასებდით ამ მატჩს?
- ეს ისეთი თამაში არ იყო, რომ შეფასებისთვის გამოდგეს. უბრალოდ, ამხანაგური შეხვედრა იყო, ორი შემადგენლობით ვითამაშეთ. კარგია, რომ გავიმარჯვეთ, მაგრამ რაიმე განსაკუთრებული არ მომხდარა.
- პირველი წრის ბოლო მატჩები აშკარად სუსტად ჩაატარეთ. რა იყო ამის მიზეზი?
- ალბათ, კომპლექსური მხარე. ისე, ფიზიკურადაც გაგვიჭირდა, ბევრი ტრავმირებული გვყავდა, მაგრამ მთავარი მიზეზი მაინც სხვა მგონია - ფეხბურთელებმა ვერ დაიჯერეს, ცხრილში ლიდერობა რომ შეეძლოთ.
- ანუ “კაისერისპორი” მაინც პატარა გუნდი რომ არის, ამან იმოქმედა?
- ასე ვფიქრობ. თითქოს ეს ძლიერ გუნდებთან მატჩებში უფრო უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ მათგან მხოლოდ “ბურსასპორთან” წავაგეთ. “ფენერბახჩესა” და “ბეშიქთაშს” მოვუგეთ.
- ალეკო ამისულაშვილი პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ალბათ, ძალიან კმაყოფილი იქნებით მისი თამაშით.
- რა თქმა უნდა. ამისულაშვილი ჩვენი დაცვის ლიდერია და მისით ძალიან კმაყოფილი ვარ.
- “კაისერისპორში” მეორე ქართველი ფეხბურთელის გამოჩენა ხომ არაა მოსალოდნელი?
- არა, ნამდვილად არ განიხილება.
ილია ნანობაშვილი









