შოთა არველაძის გაწვრთნილ “კაისერისპორს” თურქეთში წარმატებული სეზონი აქვს, გუნდი მეორე ადგილზეა – იქ, სადაც ბერნდ შუსტერის და გუტის “ბეშიქთაში”, დანი გუისას “ფენერბახჩე” და მილან ბაროშ-არდა თურანის “გალათასარაი” ლიდერთა ჯგუფში ვერც ხვდებიან. შოთასა და ალექსანდრე ამისულაშვილის “კაისერისპორი” ცხრილში მხოლოდ “ტრაბზონსპორს” ჩამორჩება.
თურქული spor3-ი შოთას საინტერესო თემებზე ესაუბრა. ინტერვიუს შემოკლებით გთავაზობთ:
- კარგა ხანია, ჩემპიონატი დაიწყო. რა შეფასებას გააკეთებთ?
- ჩვენ ჩვენი გზით მივდივართ, ყველა შეხვედრაში ბოლომდე ვიბრძვით. ვიცი, რომ ლიდერთა შორის მუდმივად ყოფნა ძნელია, რადგან თურქეთში თამაშობენ “გალათასარაი”, “ფენერბახჩე”, “ბეშიქთაში”, ჩემპიონთა ლიგის მონაწილე “ბურსასპორი” და “ტრაბზონსპორი”. რაც მთავარია, საქმეს პროფესიონალურად ვუდგებით და ყოველ მომდევნო მატჩს ველოდებით.
- მსაჯების შეცდომებზე არ ბრაზდებით...
- რომ გავბრაზდე, რა შეიცვლება? მწვრთნელის პროტესტის გამო, როდესმე მსაჯს თავისი გადაწყვეტილება შეუცვლია? ამიტომაც თავს ვიკავებ.
- თურქულად მშვენივრად საუბრობთ. რამდენი ენა იცით?
- ექვსი. ქართული, რუსული, თურქული, ჰოლანდიური, ინგლისური და ესპანური.
- მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ იმ ქვეყნის ენა, სადაც თამაშობენ?
- “კაისერისპორი” პირველი კლუბია, რომელსაც ვთავკაცობ. თურქული ჯერ კიდევ მაშინ ვიცოდი, როცა “ტრაბზონსპორში” ვთამაშობდი. თავიდან რომ გადავედი “ტრაბზონსპორში”, 3-4 თვე ვერ ვლაპარაკობდი, მაგრამ ვისწავლე. ბურთის ენა ყველა ფეხბურთელს ესმის, მაგრამ საუბარი სხვაა, ეს ეხმარება მწვრთნელს და მოთამაშესაც. საერთაშორისო ენა ინგლისურია, რომელიც ჩემი აზრით, ყველამ უნდა იცოდეს. სასურველია მაინც.
- ტექნიკური და ინტელექტუალური ფეხბურთელი იყავით. როგორ ფიქრობთ, ახლა სუპერლიგაში თქვენნაირი ფორვარდები თამაშობენ?
- რატომ უნდა იყოს მაინცდამაინც ჩემნაირი? ყველა ფეხბურთელს და ზოგადად, ადამიანს თავისი სტილი აქვს.
მოამზადა ილია ნანობაშვილმა









