ინტერვიუები

10:16 | 11.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: “ნახევარფინალში ინგლისი, ესპანეთი, ბრაზილია და არგენტინა გავლენ”

შოთა არველაძე, რომელმაც თურქულს “კაისერისპორთან” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, გუნდს 28 ივნისს შეკრებს. მანამდე, ქართველი მწვრთნელი ცდილობს მისთვის სასურველი კადრები შეარჩიოს და მოლაპარაკებას სხვადასხვა ფეხბურთელებთან აწარმოებს. მომავალ სეზონში, არველაძეს “ფენერბახჩეს”, “გალათასარაისა“ და “ბეშიქთაშის” შევიწროებას არავინ თხოვს, მაგრამ “კაისერს” ამბიცია ნამდვილად ამოძრავებს და გუნდი ბრძოლას ევროსაგზურისთვის აპირებს. ამას, თავად ქართველი სპეციალისტიც ადასტურებს, რომელსაც სურს, რომ მისმა გაწვრთნილმა გუნდმა ლამაზი ფეხბურთი აჩვენოს. თუმცა, “მსოფლიო სპორტს”, ამჯერად, არველაძესთან “კაისერზე” არ უსაუბრია - მთავარი თემა მუნდიალი იყო.
- როგორც ცნობილია, არგენტინის ნაკრების გულშემატკივარი ხართ...
- არგენტინის გულშემატკივრად ვრჩები, მაგრამ მოუცლელობის გამო, ბოლო პერიოდში, ამ გუნდის მიერ ჩატარებული ამხანაგური თამაშიც კი არ მინახავს. ამიტომ, ვერ ვიტყვი, როგორი გუნდი ჰყავთ.
- მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტებად ვის მიიჩნევთ?
- დარწმუნებული ვარ, რომ ნახევარფინალში ინგლისი, ესპანეთი, ბრაზილია და არგენტინა გავლენ. ცხადია, თუ მანამდე არ გადაეღობნენ ერთმანეთს.  
- ჰოლანდიის ნაკრებზე რას იტყვით, რომელიც თქვენთვის კარგადაა ნაცნობი?
- ნახევარფინალში 5 გუნდი რომ გადიოდეს, ჰოლანდიელებსაც შევიყვანდი, თუმცა, მათ უკანა ხაზში უჭირთ.
- რა გაძლევთ იმის თქმის საშუალებას, რომ ნახევარფინალში თქვენს მიერ დასახელებული ოთხეული გავა?
- მათ დიდ საფეხბურთო ტურნირებზე თამაშის გამოცდილება აქვთ და კარგ ფეხბურთელებთან ერთად, მაღალი დონის მწვრთნელებიც ჰყავთ.
- როგორ ფიქრობთ, არგენტინელთა ლიდერი ლიონელ მესი, შეძლებს იგივეს გაკეთებას, რაც მარადონამ 1986 წელს გააკეთა?
- ყველამ ვიცით მარადონამ რა და როგორ გააკეთა, ამიტომ, უფრო ადვილი არაა, მესის ასწავლოს, რა როგორ კეთდება. მითუმეტეს, ამ ფეხბურთელს, თუ სწორ გზაზე დააყენებ, შეუძლია მარადონას მიღწევის გამეორება.
- თვლით, რომ მესი მარადონას უკვე გაუტოლდა?
- ჩემი აზრით, გაუტოლდა.
- თუმცა, მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაჩვენები თამაში, მაინც მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება მარადონას გვერდით მის დასაყენებლად...
- დიახ, მესის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოუწევს დამტკიცება, რომ მარადონას დონისაა.
- თქვენი აზრით, მარადონა რა დონის მწვრთნელია?
- რა დონის ფეხბურთელიც არის, ყველამ კარგად იცის, ხოლო მწვრთნელობა დიდი ხანი არაა, რაც დაიწყო და დრო სჭირდება.
- გჯერათ, რომ ამ ამპლუაშიც წარმატებული იქნება?
- ამხელა საფეხბურთო ქვეყანაა არგენტინა და სულელები ხომ არ არიან, მწვრთნელად რომ დანიშნეს.

ლაშა თაბაგარი

 

0.170027