მართალია, შოთა არველაძე თურქეთის სუპერლიგაში “კაისერისპორის” მთავარ მწვრთნელად მუშაობს, მაგრამ ჯერჯერობით პრო ლიცენზია არ აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში მისი აღება ამ ეტაპზე შეუძლებელია, ქართველი სპეცილისტი დროდადრო სამწვრთნელო კურსებზე კიევში ჩადის. უკრაინის დედაქალაქში მისი ერთ-ერთი ვიზიტის დროს, არველაძემ ინტერვიუ გამოცემა “sport-eqspres v ukraine”-ს მისცა.
- კიევში რა “ქარმა გადმოგაგდოთ”?
- ახალგაზრდა სპეციალისტების ლიცენზირების ადგილობრივ ცენტრში ვსწავლობ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, კატეგორიის სამწვრთნელო დიპლომი მივიღო.
- უკრაინა რატომ აირჩიეთ?
- მთავარი მიზეზი ისაა, რომ რუსულად ლექციების მოსმენა გაცილებით მიადვილდება, ვიდრე მაგალითად, ჰოლანდიურად. გარდა ამისა, პედაგოგების დონეც ძალიან მაღალია. ჩვენ სოლიდური პროფესურა გვასწავლის – ტაქტიკის, ფიზიოლოგიის, სპორტული კვების, ფარმაკოლოგიის სპეციალისტები. ხალხი, რომლებსაც ოლიმპიურ ჩემპიონებთან უმუშავიათ. ტყუილუბრალოდ არაა, რომ ჩემთან ერთად მხოლოდ ადგილობრივები კი არ სწავლობენ, არამედ, იგივე - ხორდი კრუიფი, რომელსაც უკრაინაში უთამაშია.
- უკრაინაში ბევრი მეგობარი გყავთ?
- დიახ რომ ვთქვა, მოვიტყუები. აქ მეგობრები არ მყავს. თუმცა, არიან ფეხბურთელები რომლებსაც ვაფასებ და კარგად ვიცნობ. მაგალითად, ვორონინი და ცხადია, შევჩენკო, რომელთა კლუბების წინააღმდეგ ევროტურნირებში არაერთხელ მითამაშია.
- რომელიმე უკრაინელი ფეხბურთელის გაცნობისა და მისი თურქეთში მიწვევის სურვილი ხომ არ გაქვთ?
- სურვილი მაქვს, მაგრამ ყველაფერი შესაძლებლობაზეა დამოკიდებული. თქვენი რომელიმე ახალგაზრდა ფეხბურთელის ყიდვა შესაძლოა მოვახერხოთ, მაგრამ ჩამოყალიბებულ ოსტატებს “კაისერისპორის” “ჯიბე” ალბათ, ვერ გასწვდება.
- თქვენს მიერ გაწვრთნილ გუნდში მხოლოდ ერთი-ორი მეტ-ნაკლებად ცნობილი სახე აღმოვაჩინეთ. როგორ მოახერხეთ გამოცდილი ურუგვაელი ფორვარდის მარსელო სალაიეტას მიწვევა, რომელიც “იუვენტუსში” და “სევილიაში” გამოდიოდა?
- უბრალოდ, მივიწვიეთ და შევეცადეთ მისთვის გვეჩვენებინა, რომ კარგი გუნდის აშენება გვსურს. სალაიეტა დარჩა ე.ი. დაგვიჯერა.
- თქვენი თანამემამულის, ალექსანდრე ამისულაშვილის, რომელმაც თავის დროზე კიევის “დინამოში” ფეხი ვერ მოიკიდა, თამაში გაკმაყოფილებთ?
- რა შეკითხვაა? რა თქმა უნდა, მაკმაყოფილებს. რატომ გავაჩერებ გუნდში ლეგიონერს, რომლის თამაშიც სამწვრთნელო შტაბის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს?
-”კაისერისპორის” ხელმძღვანელობამ რა მიზნები დაგისახათ?
- პირველყოვლისა, კარგი კოლექტივის ჩამოყალიბება. მეორე მხრივ, ლამაზი თამაშის ჩვენება, რომელიც ჩვენს გულშემატკივრებს მოეწონებათ. თურქეთში ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
- თქვენი კარიერის ანალიზის დროს, შეიძლება დავას¬კვნათ, რომ თავს უკეთ ავლენდით იმ ქვეყნებში, სადაც შემტევი და სანახაობრივი ფეხბურთის კულტია...
- დიახ, მაგრამ იგივე საქარ¬თველოსა და ჰოლანდიის შესადარებლად, ენა არ მომიბრუნდება. ორივე ქვეყანაში მსგავსი საფეხბურთო მენტალიტეტია, მაგრამ ორგანიზაცია... რაზე უნდა ვისაუბროთ, როდესაც ჰოლანდიაში ფეხბურთით 600 000 ადამიანია დაკავებული. საბავშვო ფეხბურთის მასობრიობა და პროპაგანდა უბრალოდ გასაოცებელია. უბრალო მაგალითს გეტყვით – ჰოლანდიის ჩემპიონატში, რომელიც 1997 წელს დაბადებულ ბავშვებში ტარდება და სადაც ჩემი შვილი გიორგი გამოდის, 5 სრულფასოვანი ლიგაა.
- გსმენიათ სკანდალური ისტორიის შესახებ, რომელშიც თქვენი თანამემამულე გიორგი დემეტრაძე გაეხვა?
- ცხადია, უსიამოვნო სიტუაციაა. იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერი მოგვარდება.
- გჯერათ, რომ დემეტრაძე არალეგალურად ორგანიზებულ ტოტალიზატორში წაგებული ხალხიდან, რომლების ვალს არ იხდიდნენ, ფულს “იღებდა”?
- ის არ უარყოფს, რომ ამ ხალხს იცნობდა, მაგრამ ნაცნობობა და მონაწილეობა სხვადასხვა რამაა. თბილისში ყველა ერთმანეთს იცნობს. მითუმეტეს, ადამიანი, რომელიც ამ ქალაქში გაიზარდა და 30 წელიწადი ფეხბურთს თამაშობდა ნებისმიერისთვის ცნობილია.
- რაში მდგომარეობს “აიაქსის” საკმაოდ გაუგებარი მოთხოვნის არსი - თითქოს ამ კლუბის 300 000 ევრო გმართებთ?
- ეს ძალიან ძველი ისტორიაა. 1997 წელს “ტრაბზონსპორიდან” წამოვედი და კონტრაქტი ამსტერდამის “აიაქსთან” გავაფორმე. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჰოლანდიის საგადასახადო ინსპექციამ ამ ტრანსფერის გარკვეული მომენტები საეჭვოდ მიიჩნია. იმ დროდან “აიაქსის” წინააღმდეგ საქმე აღიძრა კლუბის მიერ გადასახადებიდან თავის არიდების თაობაზე. 11 წლის შემდეგ, უმაღლესმა სასამართლომ თავისი ვერდიქტი გამოიტანა, რომელიც საფეხბურთო კლუბის სასარგებლოდ არ აღმოჩნდა. ამრიგად, “აიაქსმა” სახელმწიფოს თანხა უნდა გადაუხადოს, მაგრამ სჩანს, კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ მომხდარში დამნაშავე არველაძეა.
- რის გაკეთებას აპირებთ?
- ადვოკატს უკვე დავუკავშირდი. ვფიქრობ, საღი აზრი გაიმარჯვებს, მაგრამ მართალი გითხრათ, ცოტა საწყენია. ამსტერდამულ კლუბში 4 წელიწადი გავატარე და 50-ზე მეტი გოლი გავიტანე. ამსტერდამში საკმაოდ ბევრი მეგობარი შევიძინე. გარდა ამისა, “აიაქსმა” შოტლანდიურ “გლაზგო რეინჯერსში” 10 მილიონად გამყიდა და არა რაღაც კაპიკებად.
- მართალია, რომ დიკ ადვოკატმა, რომელთანაც “გლაზგო რეინჯერსში” თამაშობდით, რუსეთის ნაკრებში თავის თანაშემწედ მუშაობა შეგთავაზათ, მაგრამ თქვენ უარი პოლიტიკური მოტივების გამო თქვით?
- რეალურ მოლაპარაკებამდე საქმე არ მისულა. თუმცა, ადვოკატთან მართლაც ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ჩემი აზრით, ის ძალიან დიდი მწვრთნელია და მადლობელი ვარ, რადგან ჩემში გარკვეული სამწვრთნელო თვისებები აღმოაჩინა და აღიარა, რომ რაღაც ვღირვარ. თუმცა, იმ პერიოდში, როდესაც მან მუშაობა რუსეთის ნაკრებში დაიწყო, უკვე “კაისერისპორის” თავკაცი ვიყავი.
- მეორე ლეგენდარული ჰოლანდიელი სპეციალისტის, ლუის ვან გაალის ხელმძღვანელობით “ალკმაარში” თამაშობდით...
- ჩვენ ურთიერთობა დღემდე გვაქვს. ბოლოს ერთმანეთს, როგორც მწვრთნელი მწვრთნელს შევხვდით.
- რა ვითარებაში?
- რამდენიმე კვირის წინ, დამწყები სპეციალისტების მთელი ჯგუფი, რომელიც სწავლის კურსს კიევის ლიცენზირების ცენტრში გავდივართ, სტაჟირებაზე მიუნხენში გავემართეთ. ბუნებრივია, იქ “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელის მუშაობისთვის თვალის დევნების საშუალება გვქონდა.
- თურქეთში თუ არიან სპეციალისტები, რომელთაგან რაიმეს სწავლა შეიძლება?
- რა თქმა უნდა. რად ღირს თუნდაც თურქეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გუს ჰიდინკი. საუცხოო მწვრთნელია. პირადად, მას ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევ.
- დაბოლოს, კიევის “დინამოს” როდესმე მიუწვევიხართ?
- არა, არასოდეს. შესაძლოა, ესმოდათ, რომ ჩემი სათამაშო სტილი უფრო “სპარტაკისას” ესადაგებოდა. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ არც მოსკოვში მიუწვევივართ.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა







