ორწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი შოთა ხაბარელი ძიუდოს დაუბრუნდა. შეგახსენებთ, 2009 წლის შემოდგომაზე ხაბარელი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, დილარ ხაბულიანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდის უშედეგობის მიზეზით გაანთავისუფლა. ნამდვილი მიზეზი რომ სულ სხვა რამ იყო – ამ ორ ადამიანს შორის არსებული დაპირისპირება. ბრძოლიდან გამარჯვებული ფედერაციის პრეზიდენტი გამოვიდა. ხაბარელის გადაყენებას წინ დაახლოებით 8-თვიანი შიდა არეულობა უძღვოდა. უსიამოვნებაში ძიუდოისტებიც გაერივნენ. ნაკრები ორად გაიყო და უშედეგობის უმთავრესი მიზეზიც სწორედ ეს ხელჩართულ ჩხუბებამდე მისული განხეთქილება გახდა. შოთა ხაბარელის წასვლიდან ერთ წელიწადში ფედერაცია უკვე ხაბულიანმაც დატოვა. ახალმა პრეზიდენტმა გიორგი ალექსიძემ კი ვიცეპრეზიდენტად ხაბარელი დანიშნა. ევროპის 3-გზის საუკეთესო მწვრთნელი ახალ ამპლუაში მუშაობას ახლა იწყებს. “მსოფლიო სპორტთან” საუბარში მან პარიზში ხუთიოდ დღის წინ დასრულებული მსოფლიოს ჩემპიონატი შეაჯამა.
- გილოცავთ აქტიურ ძიუდოში დაბრუნებას.
- მადლობთ. ორი კვირაც არაა, რაც მოვედი და ამ დროის დიდი ნაწილი მსოფლიოს ჩემპიონატზე გავატარე. ფაქტობრივად, მუშაობას ახლა ვიწყებ.
- უშუალოდ ძიუდოში არ საქმიანობდით, მაგრამ როგორც ვიცით, ძიუდოს მაინც ყურადღებით ადევნებდით თვალს. რა შეიცვალა თქვენი არყოფნის პერიოდში?
- ზოგადად ბევრი რამე შეიცვალა. თუნდაც მარტო ის რად ღირს, რომ ამ წლებში ნაკრებმა სამი მწვრთნელი გამოიცვალა. დეტალურად საუბარი მიჭირს, რადგან მოვლენებში აქტიურად არ ვიყავი ჩართული, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ყველა მწვრთნელს რაღაც პრობლემა ჰქონდა. ასეა თუ ისე, მთავარია, რომ ძველი გაუგებრობების შემდეგ სიტუაციამ ნელ-ნელა დალაგება დაიწყო. ეს პროცესი ჯერაც არ დასრულებულა.
- თუ საიდუმლო არაა, როგორი იყო თქვენი განწყობა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ?
- ძალიან დიდი ინტერესით ველოდი, რა იქნებოდა. ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, პიტერ ზაიზენბახერმა მთლიანად შეცვალა მოსამზადებელი პროგრამა და საჭიდაო სტილი. მან თავისი მეთოდები შემოიტანა. ამაში ცუდი ისაა, რომ, რაც ჩვენი იყო, ქართულ სტილს ვგულუისხმობ, დავიწყებას ეძლევა. ქართველების კოზირი მაღლიდან ჭიდაობა იყო, რომლის წინააღმდეგაც უცხოელებს ყოველთვის უჭირდათ. ახლა კი... ეს უპირატესობა დავიწყებას ეძლევა. სიმართლე გითხრათ, მომზადების პრინციპიც არ მომწონს. ძალიან დიდი უპირატესობა აქვს ეტაპობრივ მზადებას, რაც ახალ ნაკრებში არეული იყო. თუმცა არ მინდა მარტო ნაკლოვანებებზე ვილაპარაკო. დადებითი მხარეებიც გამოიკვეთა. პირველ ყოვლისა, ფიზიკური მომზადება, რაც ქართული ძიუდოს დიდი პრობლემა იყო. ამ მხრივ პროგრესი აშკარაა.
- როგორ შეაფასებთ პარიზულ ტატამზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას?
- კატასტროფულს ნამდვილად არ ვუწოდებ. გარკვეული დადებითი მომენტებიც გამოიკვეთა. პირველ ყოვლისა, იმ სპორტსმენების ჭიდაობაში, რომლებისაც მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე ყველაზე მეტად გვეიმედება. მომეწონა ჭრიკიშვილის ჭიდაობა, ასევე ლიპარტელიანი, რომელმაც მართალია ინდივიდუალურ პირველობაზე იაპონელ ნიშიამასთან პირველივე შეხვედრაში წააგო, მაგრამ გუნდურში ბრწყინვალედ იჭიდავა და იმავ ნიშიამასთან სულ სხვა, გაცილებით გამართული ჭიდაობა აჩვენა. როგორც ყოველთვის, ახლაც კარგი იყო ცირეკიძე. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ლევან ჟორჟოლიანის ძალიან კარგი გამოსვლა. ცუდად არც ამირან პაპინაშვილს უჭიდავია. საერთო ფონი საკმაოდ ნორმალურია. საგანგაშოც ამ ეტაპზე ნაკლებადაა. მთავარია მწვრთნელმა სწორი დასკვნები გამოიტანოს. ლონდონის ოლიმპიურ თამაშებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა.
- ერთი შეხედვით ჩანდა, რომ ნაკრების წევრები თითქოს გამოფიტულები იყვნენ. ხომ არ გგონიათ, რომ ფორმის პიკს ჩემპიონატამდე გადააბიჯეს?
- ამის ზუსტად თქმა ასე ადვილი არაა. თუმცა ბიჭები რომ ჩემპიონატს პიკზე ვერ შეხვდნენ, ეს ისევ და ისევ იმის ბრალია, რომ ეტაპობრივი მზადება არ გაუვლიათ. ეს მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია და მისი უგულვებელყოფა არ გვარგებს. ამ პრობლემის გადაჭრას სამომავლოდ აუცილებლად შევეცდებით.
- გამოდის, ფედერაცია ნაკრების მთავარი მწვრთნელის კომპეტენციაში ჩაერევა?
- უკვე ვთქვი, იმედია მწვრთნელი თავადვე გამოიტანს სწორ დასკვნებს მეთქი. თუ საჭირო გახდა, ისე მოვიქცევით, რომ ჩვენი მოქმედება მწვრთნელისთვის გამაღიზიანებელი არ იყოს. კორექტივების შეტანა უმტკივნეულოდ უნდა მოხდეს.
- ორი წლის წინ, თქვენთან ერთად ქართულ ძიუდოს რამდენიმე ძლიერი სპეციალისტი ჩამოაშორეს. თუნდაც ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბორის ფირცხელიანი. ამ მხრივ სამართლიანობის აღდგენას თუ გეგმავთ?
- ფირცხელიანი მართლაც ძლიერი სპეციალისტია. მისი გუნდი ყოველთვის შედეგიანობით გამოირჩეოდა. ასევე ჩემს გვერდით დგომისთვის ჩამოაცილეს ძიუდოს ბიძინა მოხევიშვილი და ჯემალ ნათელაშვილი. ყველაზე დიდი შეცდომა ამ ხალხის საქმისგან მოწყვეტა იყო. მათ ქართული ძიუდოს წინსვლაში დიდი წვლილის შეტანა კიდევ შეუძლიათ და ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ როგორმე დავიბრუნოთ.
ოთარ მაღლაკელიძე







