ოთხი წლის წინათ, ჩინელმა ოლიმპიელებმა პეკინის ოლიმპიადაზე რომ იპირველეს, ეს ფაქტი მაშინ მარტივად შეფასდა. ანუ, ჩინელების წარმატება ”სამშობლოში გამოსვლის” ფაქტორით ახსნეს. ოლიმპიადა ხომ პეკინში – ჩინეთის დედაქალაქში იმართებოდა. პეკინის ზაფხულის ოლიმპიადიდან აგერ უკვე ოთხი წელი გავიდა. ოლიმპიური ჩირაღდანი ამჯერად ბრიტანეთის მთავარ ქალაქში აინთო, მაგრამ ”აღმოჩნდა”, რომ ჩინელები ამჯერადაც შესანიშნავ შედეგებს აჩვენებენ და ამერიკის შეერთებული შტატების გუნდთან მძაფრ კონკურენციაში მოპოვებული ოქროს მედლების რაოდენობით, მეორე ადგილზე გავიდნენ.
15-20 წლის წინ, სიტუაცია რადიკალურად სხვანაირი იყო. ჩინელები მსგავს შედეგებზე უბრალოდ ვერც კი იოცნებებდნენ და ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ დადგებოდა დრო, როდესაც პლანეტის უპირველეს სპორტულ ქვეყანად, ჩინეთის განვითარებადი სახალხო რესპუბლიკა წარმოგვიდგებოდა. მართლაც და როგორ, რანაირად მოახერხა ამ ხალხმა ქვეყანაში სპორტის თითქმის ყველა სახეობის (მცირედი გამონაკლისების გარდა) თანაბრად მაღალი ტემპებით განვითარება?
პირველ რიგში ჩინეთი ალბათ მაინც არ უნდა წარმოვიდგინოთ ისეთ ქვეყანად, როგორსაც საბჭოთა კავშირის სკოლებში გეოგრაფიის მასწავლებლები წარმოგვიდგენდნენ. საბჭოთა კავშირის დანგრევისა და ე.წ. სოციალისტური ბანაკის დაშლის შემდეგ, ჩინეთმა ალბათ ყველაზე მარტივად და უმტკივნეულოდ შეძლო სოციალისტური და კაპიტალისტური ეკონომიკის შერწყმა. ანუ, ქვეყანაში დარჩა დიდი საწარმოები, რომლებსაც ჯერ ისევ სახელმწიფო მართავს, მაგრამ ჩინეთმა ასევე ფართოდ გაუხსნა გზა უცხოურ ინვესტიციებს. სოციალისტური ბანაკის დაშლიდან ოცი წლის თავზე, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩინეთში საკუთარი ქარხანა მსოფლიოს თითქმის ყველა ცნობილ ფირმას აქვს გახსნილი. იაფი მუშახელი, შრომისმოყვარე ხალხი, მყარი ეკონომიკური გარემო... მეტი რაღა უნდა უნდოდეს ფულის შოვნაზე თვალებგაფაციცებულ ბიზნესმენს?! ჩინეთის დიდი პოპულაციის გამო, ამ ქვეყანას ეკონომიკური პრობლემები რა თქმა უნდა არ დალევია და ალბათ კიდევ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი ამ კუთხით. მთავარი მაინც ისაა, რომ ჩინეთის სახელმწიფომ ფინანსურად წელი მოიდგა თუ არა, ერთ-ერთი პირველი რაც გააკეთა, ეს იყო სპორტში დიდი ფულის ჩადება და უცხოეთიდან სხვადასხვა სახეობებში გამოცდილი მწვრთნელების ჩინეთში ჩაყვანა. აი რას წერს ერთ-ერთი რუსი ჟურნალისტი ჩინეთის სპორტულ პოტენციალზე 2006 წელს.
”ჩინელებისგან პირველ რიგში რაც უნდა ვისწავლოთ, ესაა ფულის სწორად და გეგმაზომიერად ხარჯვა. ჩვენი (იგულისხმება რუსეთის) ხელისუფლება და ბიზნესმენები ბოლო დროს სპორტში მართლაც დებენ ფულს, მაგრამ შემდეგ აღარავინ ინტერესდება ეს ფული სად მიდის და რამდენად სწორად იხარჯება. ჩინეთში კი ამ მხრივ ყველაფერი კარგადაა მოგვარებული. გამოყოფილ თანხებს სხვადასხვა სახეობებში ჩამოყალიბებული სპეციალური საბჭოები განკარგავენ და კონსესუსის გარეშე, ერთი დოლარის დახარჯვის უფლებაც კი არა აქვთ. მოსკოვის სპორტულ მანეჟებში ალბათ ბევრს გინახავთ, ჩვენს სპორტსმენებთან ერთად მოვარჯიშე ჩინელი ახალგაზრდები. ჩინეთის მთავრობა საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავს იმაში, რომ ახალგაზრდა ტალანტები სხვადასხვა ქვეყანაში გაუშვან და იქ მოამზადონ. ეს ახალგაზრდები არიან “მზვერავები”, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის სპორტის სახეობებს აკვირდებიან და ჩინეთში განსხვავებული ცოდნით ბრუნდებიან. ეს სამაგალითო უნდა იყოს ჩვენთვის”.
თუკი საქართველოსა და ჩინეთს შორის პარალელს გავავლებთ, მთლად ”სწორხაზოვანი” პარალელი მართლა არ გამოგვივა. რა თქმა უნდა, ჩინეთი სხვა მასშტაბის, შესაძლებლობებისა და რესურსის მქონე ქვეყანაა და საქართველოს არა აქვს იმის სახსრები, რომ სპორტში ჩინეთის დარი რესურსები ჩადოს. მაგრამ, კარგი მაგალითების გათვალისწინება ყოველთვის შეიძლება და მით უმეტეს, როდესაც ამ მაგალითს ჩვენთვის საკმაოდ კარგად ნაცნობი ქვეყანა – ჩინეთი იძლევა.
საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში, ჩინეთში ნამყოფი ქართველები ალბათ დაადასტურებენ იმას, რომ 25-30 წლის წინ, ჩინეთში არსებული ცხოვრების დონე საქართველოს ცხოვრების დონეს ნამდვილად ჩამოუვარდებოდა და ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, საქართველოს (საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის) სპორტული წარმატებებიც ჩინეთზე ნაკლები ნამდვილად არ იყო. ჩვენ ვიცით, რომ ჩინელები მშრომელი, წესიერი და საკუთარი ქვეყნის პატრიოტი ხალხია. ეს სამი თვისებაა ალბათ ყველანაირი წარმატების საფუძველიცა და მიზეზიც. სამწუხარო ისაა, რომ დღეს, სწორედ ეს სამი რამ გვაკლია...
ლევან სეფისკვერაძე









