ძიუდო

4:59 | 17.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

შუკვანი და შავდათუაშვილი ბუენოს აირესში გაჩემპიონდნენ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბუენოს აირესის “მსოფლიოს თასის” პირველი დღე ასპროცენტიანი მაჩვენებლით დაასრულა. 16 ივნისს არგენტინულ ტატამზე ბეთქილ შუკვანი (60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ) გავიდნენ და ორივე ჩემპიონი გახდა.
შუკვანი ტურნირში მეოთხედფინალიდან ჩაერთო და საჩემპიონო გზაზე არგენტინელი გაბრიელ საბატინო და ორი ბრაზილიელი: დიეგო სანტოსი და ბრენო ალვეში იპონ-იპონ ჩამოიცილა.
შავდათუაშვილი პირველივე წრიდან – მეთექვსმეტედფინალიდან დაიწყო, არგენტინელი მარტინ ლაურეანოს წმინდად ძლევით. ურუგვაელ ივან დუარტესაც იპონით გასცდა, ბრიტანელ ნათან ბარნსს ორი იუკო აკმარა, ხოლო არგენტინელ ფერნანდო გონზალესსა და ბრაზილიელ ლუიზ რევიტეს საფინალო სირენამდე მოუმთავრა საქმე.
შუკვანი და შავდათუაშვილი “მსოფლიოს თასზე” პირველ ნომრებად იყვნენ განთესილები, ისევე, როგორც საქართველოს ნაკრების დანარჩენი წევრები: ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ), ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ). ეს სამი ძიუდოისტი საქმეში 17 ივნისს ჩაერთვება.
ჭრიკიშვილი მერვედფინალში ჩილელ როდრიგო იდროს დაეჭიდება, ჟორჟოლიანი მეოთხედფინალით დაიწყებს, ბრაზილიელ ვიქტორ კონსერვასა და არგენტინელ ლაუტარო ავაკიანს შორის მოგებულთან შეხვედრით, ოქრუაშვილს კი ჩემპიონობას მხოლოდ ორი გამარჯვება აშორებს. ქართველი მძიმეწონოსანი კენჭისყრამ პირდაპირ ნახევარფინალში განთესა, სადაც არგენტინელ ორლანდო ბაჩინოსა და კოლუმბიელ ლუის სალაზარს შორის უძლიერესს უნდა დაუპირისპირდეს.

ძიუდო
“მსოფლიოს თასი”
ბუენოს აირესი
16 ივნისი


60 კგ
1 ბეთქილ შუკვანი (საქართველო)
2 ბრენო ალვეში (ბრაზილია)
3 დიეგო სანტოსი (ბრაზილია)
3 ჰერმან ბარბიერი (არგენტინა)

66 კგ
1 ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)
2 ლუიზ რევიტე (ბრაზილია)
3 ლუის კიბლი (ბრიტანეთი)
3 დენის ლავრენტიევი (რუსეთი)

73 კგ
1 იგორ პერეირა (ბრაზილია)
2 მეთიუს მაჩადო (ბრაზილია)
3 ალეხანდრო კლარა (არგენტინა)
3 ფრანცისკო კუენო (არგენტინა)

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168448