ფორმულა 1-ში მისი დაბრუნება წარუმატებელი გამოდგა, თუმცა, ამის მიუხედავად, მიხაელ შუმახერი დარწმუნებულია, რომ მომდევნო ორ სეზონში, ”მერსედეს GP”-ით მას უკეთესი შედეგები ექნება. უფრო მეტიც, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი დარწმუნებულია, რომ მე-8 ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლია, თუმცა აღიარებს, რომ ეს უფრო ძნელი იქნება, ვიდრე დაბრუნებისას ეგონა.
”დარწმუნებული ვარ, რომ ეს შემიძია. ჩვენ სამწლიანი პროექტი გვაქვს. აშკარაა, ახლა იმ დონეზე ვერ ვართ, როგორზე ყოფნასაც ვისურვებდით. დაბრუნება ძალიან ძნელი გამოდგა, მაგრამ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და გვჯერა, რომ შანსი გვაქვს” - ჟურნალ ”F1 რეისინგთან” ინტერვიუში ამბობს შუმი და დასძენს, რომ ფ1-ის ისტორიაში ძალიან იშვიათია შემთხვევები, როცა ვინმეს დაბრუნებისთანავე ჰქონია წარმატება.
გერმანელი პილოტი ამბობს, რომ ახალ სეზონში მას ჩემპიონობისთვის ბრძოლის მცირე შანსი ექნება, თუმცა, საფუძველს მოამზადებს იმისათვის, რომ 2012 წელს, ისევ დაეუფლოს სანუკვარ ტიტულს. ის დარწმუნებულია, რომ ”მერსედესთან” თავისი კონტრაქტის ბოლო სეზონში, ისეთ შედეგებს აჩვენებს, როგორებსაც მისგან ელიან.
”დარწმუნებული ვარ, ამ სეზონში გამარჯვებებისთვის ბრძოლას შევძლებთ და არაა გამორიცხული, რომ უფრო მეტის შანსიც გაგვიჩნდეს. მე ამის იმედი და ჩემი მისია მაქვს და მინდა, მიზანს მივაღწიო. პაექრობა მწყურია, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავიღებ მიზნის მისაღწევად და თუ ამას ამ სეზონში მივაღწევ, ერთი სეზონი კიდევ მრჩება” - ამბობს შუმი.
მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ
http://formula1ge.blogspot.com/







