სილვიო ბერლუსკონი იტალიის პრემიერის თანამდებობიდან გადადგა. უფრო სწორად, იძულებული გახადეს, რომ გადამდგარიყო. ამ მომენტს თითქმის მთელი იტალია ელოდა, რადგან ბერლუსკონის მმართველობამ ეს ქვეყანა მრავალი სოციალური თუ სხვა ტიპის პრობლემების წინაშე დააყენა და თანდათან ცხადი ხდებოდა, რომ პუტინის ძმაბიჭი იტალიაში დიდხანს ვეღარ იპირველკაცებდა. სენიორ სილვიოს თანამდებობიდან მოშორებამ, სხვებთან ერთად, აპენინელი ტიფოზებიც გაახარა. ბერლუსკონის გადადგომიდან უკვე ორი კვირა გავიდა და ”მილანის” ქომაგების გარდა, თითქმის ყველა იტალიური კლუბის ტიფოზები ამ ფაქტს დღემდე ზეიმობენ, რადგან ყველას მიაჩნდა, რომ კალჩოს დაჩაჩანაკების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი სწორედ იტალიის ყოფილი პრემიერისა და საფეხბურთო კლუბ ”მილანის” პრეზიდენტის არასწორი მმართველობის სტილი იყო.
ყველაფერი ცუდი განსაკუთრებით 2006 წლის შემდეგ, ანუ ”კალჩოპოლის” ყბადაღებული სკანდალიდან დაიწყო, როდესაც ”სამართლიანობის აღდგენის” ლოზუნგით არაერთი იტალიური კლუბი დაისაჯა და ამის შემდეგ, იტალიური ფეხბურთი ვერა და ვერ გაიმართა წელში. მოკლედ, დონ სილვიო წარსულში დარჩა, მაგრამ პრობლემები ჯერ ისევ დასაძლევია და საეჭვოა, რომ კალჩოში არსებული პრობლემები მხოლოდ და მხოლოდ ბერლუსკონის პრემიერობიდან წასვლით გადაწყდეს. მით უმეტეს, რომ იტალიური ფეხბურთიდან სილვიო ჯერ არსად წასულა და ”მილანის” სადავეების დათმობას ცოცხალი თავით არ აპირებს.
”გვითხარით საით მივდივართ?!” – რიტორიკულ კითხვას სვამს იტალიური სპორტული გაზეთის – ”გაძეტა დელა სპორტის” საკვირაო მიმომხილველი და თავის დასმულ კითხვას თვითონვე პასუხობს: ”ბერლუსკონის წასვლით იტალიურ ფეხბურთში განსაკუთრებულ ძვრებს არ უნდა ველოდოთ, რადგან ჩვენი კლუბების პრეზიდენტების დიდი ნაწილი სწორედ ისე აზროვნებს, როგორც ბერლუსკონი. სხვა კლუბის პრეზიდენტს რომ ჰქონოდა ხელში ისეთი მართვის სადავეები, როგორიც ბერლუსკონის ეპყრა, განა იგივეს არ გააკეთებდა, რაც სილვიომ ქნა?! ვითომ ახლა ჩადებენ ჩვენს ფეხბურთში მილიარდელები ფულს, როდესაც ავტორიტეტი უკვე ასე გვაქვს შერყეული?! მე არა მგონია, რომ უახლოეს ათ წელიწადში მაინც დაუბრუნდეს კალჩო 90-იანი წლების რეიტინგის ნიშნულს და ამაში დამნაშავე ბერლუსკონის გარდა უამრავი ადამიანია”.
მიუხედავად იმისა, რომ ”გაძეტა დელო სპორტის” საკვირაო მიმომხილველი ნიჰილისტური წიაღსვლებითა და მოთქმა-გოდებით არის ცნობილი, ამ კაცს ალბათ უნდა დავეთანხმოთ იმაში, რომ იტალიური ფეხბურთის წელში გამართვა და ავტორიტეტის დაბრუნება ადვილი ნამდვილად არ იქნება. მით უმეტეს, მსოფლიოში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რომელიც ეკონომიკის ექსპერტების გათვლებით, საბერძნეთის შემდეგ, ესპანეთსა და იტალიას უნდა დაატყდეს თავს. ასეთ დროს, ერთი ლოგიკური კითხვა ავტომატურად ჩნდება: აბა, რატომ უხარიათ იტალიელ ტიფოზებს ბოლოდროინდელი ცვლილებები და რატომ ზეიმობენ ბერლუსკონის პრემიერობიდან გადადგომას? თავს ნებას მივცემ და მე გავცემ ამ კითხვაზე პასუხს – იტალიელებს, უპირველეს ყოვლისა, ორი რამ ახარებთ. პირველი ის რომ, ამ ხალხმა მოინდომა, იბრძოლა, იწვალა და მათთვის ესოდენ საძულველი პრემიერი (რომელმაც იტალიას პუტინთან მეგობრობის გარდა, ფაქტობრივად, ვერაფერი შესძინა) მარტივად და ლამაზად დაიფრინა. და მეორე - იტალიელებმა საკუთარ ტყავზე გამოსცადეს, თუ რას ნიშნავს პოლიტიკურ თანამდებობაზე სპორტული კლუბის მფლობელის არჩევა. ანუ, რა ცუდი შედეგების მოტანა შეუძლია ”სულელურ ექსპერიმენტს”, რომელიც პოლიტიკისა და ფეხბურთის ასეთ სერიოზულ დონეზე ”შეკავშირებას” გულისხმობს. ამის შემდეგ, რიგითი იტალიელი ბევრად კრიტიკული და დაეჭვებული იქნება იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც საფეხბურთო საზოგადოებიდან პოლიტიკაში მოსვლა მოუნდებათ. ბერლუსკონის შემთხვევა მტკივნეული, მაგრამ მშვენიერი მაგალითია იტალიელებისათვის და სწორედაც რომ სასიხარულოა, რომ ასეთი შემთხვევების მომავალში განმეორების შანსი შემცირდება.
ამასწინათ სადღაც ამოვიკითხე, რომ ბოლო დღეების მანძილზე თურმე ხუმრობის მოყვარული იტალიელები ერთმანეთს სილვიო ბერლუსკონის ცნობილი ჟესტით, ნეკათითაშვერილი ხელის აწევით ემშვიდობებიან. ეს არის ერთგვარი ქილიკი კაცზე, რომელმაც მათი იმედები გააცრუა, მაგრამ ეს ასევე იმასაც გამოხატავს, რომ იტალიელებმა ჭკუა ისწავლეს! ეს კი, ცოტა ნამდვილად არაა...
ლევან სეფისკვერაძე









