მსოფლიოს მეორე ჩოგანი სიმონა ჰალეპი, მესამე ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც 20-26 ოქტომბერს სინგაპურში დაგეგმილ წლის შემაჯამებელ ტურნირში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ჰალეპის გარდა შემაჯამებელ ტურნირზე მოხვედრა განაღდებული აქვთ პლანეტის ნომერ პირველ ჩოგბურთელს სერენა უილიამს და რუს მარია შარაპოვას.
„ჩემი ოცნება იყო წლის შემაჯამებელ ტურნირში მიმეღო მონაწილეოა, წარმატებული წელი მქონდა, მოუთმენლად ველი მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელების წინააღმდეგ თამაშს სინგაპურში“, - აცხადებს ჰალეპი.
22 წლის რუმინელმა ჩოგბურთელმა წლევანდელ სეზონში მოიგო ბუქარესტის და ყატარის ტურნირები. სიმონა საფრანგეთის ღია პირველობაზე ფინალში მარია შარაპოვასთან დამარცხდა.
ჰალეპი წლის დასაწყისში რეიტინგში მე-11 ადგილზე იმყოფებოდა, ახლა კი მეორეზეა - მას მხოლოდ სერენა უილიამსი უსწრებს.
ლაშა ქოიავა







