ბოლნისის “სიონმა” კიდევ ერთხელ სძლია თბილისის “დინამოს” და ამჯერადაც “დინამო არენაზე”. ლადო ბურდულის გუნდმა თვენახევრის წინ 2:1 მოიგო, ამჯერად კი 1:0. ეს ერთადერთი გოლი 37-ე წუთზე კარგად შესრულებულ სტანდარტულ სიტუაციას მოჰყვა: გიორგი რეხვიაშვილმა სეხნია კახელიშვილი კუთხურის ნიშნულთან ახლოს წააქცია, თორნიკე აფციაურმა კი მარჯვნიდან ცაციათი ჩააბზრიალა ბურთი. ეს იყო მატყუარა ჩაწოდება, სიონელთა მცველმა ლაშა თოთაძემაც კარგად გაიყოლა მასპინძელთა ერთი მცველი და ბურთი არავის შეხებია, ისე შევარდა შორეულ კუთხეში – 0:1.
მთლიანობაში თამაშს რაც შეეხება, “დინამო" მეტს უტევდა და მეტოქეზე მეტი ხიფათი შექმნა, თუმცა ისიც აშკარად ჩანდა, რომ ბურდულის გუნდმა შეგნებულად დათმო უპირატესობა და ტიპიურ მეორე ნომრად თამაში არჩია. აფციაურმა 37-ე წუთამდეც სცადა გატანა, როცა სწრაფ კონტრშეტევას საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმა მიაყოლა, თუმცა გიორგი ლორია დახვდა ბურთს. ტაიმის შუაწელს ესპანელი ჩისკო პირისპირ დარჩა მირზა მერლანთან, თუმცა სწრაფად ვერ გაისარჯა, მცველი დაეწია და მერლანიც დროულად გამოვიდა კარიდან. მალევე, გიორგი მერებაშვილი დაუსხლტა ორ მცველს და სუსტად დაარტყა, ამიტომაც მერლანს აღება არ გასჭირვებია.
გოლზე უკვე ვთქვით, ტაიმის ბოლო წუთზე კი “დინამოს” მარჯვენა შემტევმა ირაკლი მოდებაძემ (უცნაური პოზიცია კი შეურჩია ჟვანიამ მოდებაძეს და წინა მატჩებშიც ამ ადგილზე ათამაშა) გოლი გაიტანა, თუმცა თამაშგარე დაფიქსირდა.
მეორე ნახევარში “დინამომ” ტემპს მოუმატა, თუმცა “სიონი” ძალიან ორგანიზებულად იცავდა თავს და კონტრშეტევებით არ ასვენებდა მეტოქეს. ამიტომაც იყო, რომ დინამოელთა ფლანგელი მცველები ხშირად ვერ ბედავდნენ წინ ჩართვას. დიდი სამუშაო გასწია 37 წლის ალეკო გოგობერიშვილმა, რომელიც ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია უმაღლეს ლიგაში.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კი აფციაურს დავასახელებდით და არა მხოლოდ გოლის გამო – თორნიკე კარგად იჭერდა ბურთს, რითაც ამოსუნთქვის საშუალებას აძლევდა მცველებს. “სიონის” მცველებსა და მეკარეზეც ვერავინ იტყვის აუგს, ხოლო წინ კახელიშვილი და ჯაბა უგულავა ცდილობდნენ გამწვავებას: წინ იშვიათად, რადგან მეორე ტაიმში ისინიც მეტწილად ჩამშლელებად თამაშობდნენ.
დინამოელთა შემტევებსაც არ წაუვიდათ თამაში, თუმცა ასე თუ ისე მომენტები შეექმნათ: ოთარ მარცვალაძე ახლოდან ურტყამდა და მცველებმა დაუფარეს; ჩისკოს მეკარემ აუღო; კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ, მერებაშვილმა ერთ შეხებაში დაარტყა და ააცილა; კიდევ, ძელმა იხსნა “სიონი”, თუმცა ამ მომენტში თამაშგარე დაფიქსირდა.
“დინამომ” შტურმი ვერ მოახერხა, რადგან ბოლნისელები საჯარიმომდე ხვდებოდნენ მეტოქეს და ყრუ დაცვაში არ ჩამდგარან. “დინამოს” ფეხბურთელები მსაჯსაც ედავებოდნენ და არც მალხაზ ჟვანია იყო კმაყოფილი: მან მატჩის შემდეგ პრეტენზია გამოთქვა, მსაჯმა ბოლნისელთა ერთი ფეხბურთელის რამდენჯერმე უხეშობაზე, ყვითელი ბარათი არ აჩვენაო. ალბათ, კახელიშვილს გულისხმობდა, რომელსაც უკვე ჰქონდა გაფრთხილება და იყო მომენტი, როცა იუხეშა და გაძევებას გადაურჩა.
თუმცა, “დინამოს” პრობლემა უფრო ღრმაა, ვიდრე ის, მსაჯი კახელიშვილს მეორე ყვითელ ბარათს უჩვენებდა თუ არა. გუნდმა წლეულს სამჯერ წააგო საშინაო მატჩი.
ბოლოს ისიც ვთქვათ, რომ მატჩს დაახლოებით 50 ბავშვი ესწრებოდა სოფელ წეროვნიდან – საუბარია იძულებით გადაადგებული ოჯახების შვილებზე. ეს სპორტის სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მეშვეობით ხდება, “დინამო” კი მათ მასპინძლობას უწევს. მომავალში, შესაძლოა, 100-მდე ბავშვიც ჩამოიყვანონ.
მატჩის შემდეგ:
ლადო ბურდული: “უპირველესად, ყველა ბოლნისელს და “სიონის” ქომაგს ვულოცავ ამ გამარჯვებას. “დინამოსთან” მოკლე პერიოდში ზედიზედ მეორედ მოგება ძალიან რთულია. სტანდარტულ სიტუაციებს კარგად ვამუშავებთ და დღეს სწორედ ასე გავიტანეთ გოლი. დამტკიცდა, რომ “სიონის” ის ფეხბურთელები, რომლებსაც ზოგმა თამაში “დაამთავრებინა” ასაკის გამო, ჩამოსაწერები სულაც არ ყოფილან.
... ის მითიც გაქრა, თითქოს “დინამოს” ჩვენთვის თამაში მოუცია და მერე ექვსეულში ჩვენ 6 ქულა უნდა დაგვებრუნებინა. ჟურნალისტებს გთხოვთ, ერთი გოგონას ნათქვამ ჭორს ნუ აჰყვებით. არ ვიცი, ადრე რა ხდებოდა, მაგრამ “სიონში” მისვლის დღიდან ვთქვი, რომ გარიგებული მატჩები ჩემს გუნდში გამორიცხული იქნებოდა”.
მალხაზ ჟვანია: “სამწუხაროა, როცა უპირატესობას ფლობ და მომენტებს ვერ იყენებ, ხოლო ამ დროს მეტოქე კი თუნდაც ერთ შანსს გოლად აქცევს. თუმცა, ამითაც არის ფეხბურთი საინტერესო.
... მსაჯების მოქმედება ჩემთვის უცნაურია. უკეთეს მსაჯობას ველოდი. როცა ერთი და იგივი ფეხბურთელი რამდენჯერმე უხეშობს, ყვითელი ბარათითაც უნდა დაისაჯოს”.
12.04. 18:00. თბილისი. “დინამო არენა”. 2000 მაყურებელი
დინამო (თბილისი) – სიონი (ბოლნისი) 0:1 (0:1)
დინამო: ლორია, ხურცილავა, რეხვიაშვილი, ხიდეშელი, კვირკველია, პაპავა, ცინცაძე (გოგა 74), მერებაშვილი (ვუო 83), ჩისკო, მოდებაძე, მარცვალაძე.
მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია
სიონი: მერლანი, სვანიძე, აბრამიძე, თოთაძე, იმედაშვილი, ფოფხაძე, ცხადაია, გოგობერიშვილი, აფციაური (განუგრავა 86), კახელიშვილი (სამხარაძე 80), ბიბილეიშვილი (უგულავა 26).
მწვრთნელი: ლადო ბურდული
გოლი: 0:1 აფციაური (37)
გაფრთხილება: გოგობერიშვილი (51), კახელიშვილი (75).
მსაჯი: ბაკურ ნინუა







