ფეხბურთი

20:50 | 19.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სიონი” – ხუთიდან ხუთი მოგება

უკვე მერამდენე გოლი სტანდარტულიდან...

ბოლნისის “სიონმა” ექვსეულში შესვლის შემდეგ უკლებლივ ყველა, ხუთივე მატჩი მოიგო. ბევრნი არ ელოდნენ “ზესტაფონთან” გამარჯვებას, თუმცა პროგნოზი არ გამართლდა: ლადო ბურდულის გუნდმა იმერულ კლუბთან ჩამორჩენა ერთ ქულამდე დაიყვანა. ალექსანდრე გოგობერიშვილი – ის ყველაზე ასაკოვანია ეროვნულ ჩემპიონატში, 37 წლის გახლავთ და მორიგი კარგი თამაში ჩაატარა. მარტო გოლებში არაა საქმე, გოგობერიშვილმა დუბლი ხომ მიითვალა, მთლიანობაშიც წამყვანი ფიგურა იყო 90 წუთის განმავლობაში.

ცალკე თემაა “სიონი” და სტანდარტული მდგომარეობები: ბოლნისელთა გოლების უმრავლესობა სტანდარტულებით გადის და თანაც, ორიგინალურად შესრულებით – როცა ფეხბურთელი აწვდის თუ ურტყამს, ვერ გაიგებ, ბურთი კი ყველას სცდება და შორეულ კუთხეში გადის.

ზუსტად ასე გავიდა პირველი გოლი. გოგობერიშვილმა მარცხნიდან შეასრულა, ბურთმა ყველას აუარა და შორეულ კუთხეში შევარდა – 1:0. გოგობერიშვილმა ზუსტად ასეთი ბურთი გაუტანა “ჩიხურას” სათასო შეხვედრაში.

ანგარიში 33-ე წუთზე გაიხსნა, რასაც მალევე მოჰყვა გამთანაბრებელი გოლი. რევაზ გეწაძემ დაარტყა საჯარიმო, ბურთი ცოცხალ კედელში გაძვრა, მცირე რიკოშეტიც იყო და მირზა მერლანმა, მიუხედავად იმისა, რომ რეაგირება მოახდინა, ბურთის აღება ვერ შესძლო – 1:1.

ტაიმის ბოლოს კი “ზესტაფონის” ნახევარმცველმა გიორგი ჭანკოტაძემ იდეალური მომენტი ვერ გამოიყენა, როცა მეკარესთან მარტო დარჩა და კარს ააცილა. მთლიანობაში, პირველ ტაიმში “ზესტაფონი” უფრო ხშირად ფლობდა ბურთს, მაგრამ რაც ჩამოვთვალეთ, ამის გარდა ხიფათი არ შეუქმნია. პირიქით, “სიონმა” საწყის 10 წუთში განახორციელა ორი მწვავე შეტევა – ირაკლი სამხარაძესა და გოგობერიშვილს უკეთ შეეძლოთ დარტყმა.

მეორე ტაიმი სანახაობრივად უკეთესი გამოდგა, რადგან ტემპმა იმატა. “ზესტაფონი” უპირატესობას დაეუფლა და მერლანმა მკვდარი ბურთი აუღო გრიგოლ დოლიძეს, რომელიც ჭანკოტაძე-ტატანაშვილის მიერ გათამაშებული კომბინაციის შემდეგ ახლოდან ურტყამდა. ერთ წუთში ლევან შარიქაძემ ოდნავ ააცილა, ხოლო მერლანმა კიდევ ორჯერ გამოავლინა ოსტატობა და ჯერ ვახტანგ ჭანტურიშვილის დარტყმულს გაუმკლავდა, ხოლო შემდეგ ტატანაშვილს არ გაატანინა. ეს ყველაფერი 20-წუთიან მონაკვეთში მოხდა.

“სიონმა” ნელ-ნელა მოახერხა თამაშის შედარებით წინ გადატანა, თუმცა მეტწილად მეორე ნომრად თამაშობდა. ერთხელ შეტევაში ჩართულ დავით იმედაშვილს შეეძლო სტანდარტულის შემდეგ გატანა და ბოლო ფაზაში ვერ იმარჯვა.

გოლს რაც შეეხება, პენალტს მოჰყვა. ლევან შარიქაძემ თავის საჯარიმოში ფეხი გამოსდო ზვიად ლობჟანიძეს, ხოლო თერთმეტმეტრიანი გოგობერიშვილმა ზუსტად შეასრულა და დუბლი მიითვალა – 2:1.

დარჩენილ წუთებში “ზესტაფონმა” რაიმე განსაკუთრებულის შექმნა ვერ მოახერხა. “სიონი” მწყობრად თამაშობდა და შეცდომების გარეშე ჩაამთავრა მატჩი.  

 

19.04. 16:00. თბილისი.”მიხეილ მესხი”.300 მაყურებელი

სიონი (ბოლნისი)-ზესტაფონი 2:1 (1:1)

სიონი: მერლანი, სვანიძე, აბრამიძე, თოთაძე, იმედაშვილი, ფოფხაძე, ცხადაია, გოგობერიშვილი, სამხარაძე (განუგრავა 62), კახელიშვილი (უგრეხელიძე 83), ზვიად  ლობჟანიძე (კანდელაკი 90).

მწვრთნელი: ლადო ბურდული

ზესტაფონი: პავლოვიჩი, თედო გრიგალაშვილი, რენე ფერეირა, ჭელიძე, გიორგი გურული, შარიქაძე, ჭანტურიშვილი, დოლიძე (ფანცულაია 69), გეწაძე, ჭანკოტაძე (კაპანაძე 77), ტატანაშვილი.

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

გოლები: 1:0 გოგობერიშვილი (33), 1:1 გეწაძე (37), 2:1 გოგობერიშვილი (75 პენ)

გაფრთხილება: იმედაშვილი (41), შარიქაძე (74), თოთაძე (87)

მსაჯი: გვანცელაძე

 

ჩიხურა (საჩხერე) – გურია (ლანჩხუთი)3:0 (2:0)

გოლი: 1:0 გაბედავა (28), 2:0 ჭელიძე (39), 3:0 კვასხვაძე (84) 


მეტალურგი (რუსთავი) – დინამო (თბილისი)0:2 (0:1)

გოლი: 0:1 ჩისკო (18), 0:2 პაპუნაშვილი (89) 

 

 

1              დინამო (თბ)                   27               18               4                 5                  58:19               58
2 ზესტაფონი 27 15 4 8 36:19 49
3 სიონი 27 14 6 7 36:26 48
4 ჩიხურა 27 12 6 9 46:40 42
5 მეტალურგი 27 11 6 10 31:32 39
6 გურია 27 11 0 16 27:41 33

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.176108