ინტერვიუები

10:04 | 9.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

სლავენ ბილიჩი: “ბერძნების შემეშინდა? 7 შემტევი ფეხბურთელით ვთამაშობდით”

ხორვატიის ნაკრები ევრო-2012-ის შესარჩევი ციკლის F ჯგუფის ლიდერია, ბალკანელებს ორ ტურში 4 ქულა აქვთ და ისრაელს ბურთების შეფარდებით უსწრებენ. და მაინც, ხორვატთა ნაკრების თავკაც სლავენ ბილიჩს პრესისგან და ქომაგებისგან “მოხვდა” – შინ ბერძნებთან ვერმოგების (0:0) გამო. არც მწვრთნელი დარჩა ვალში, თქვენ რაღაც ძალიან მალე გადადიხართ ეიფორიიდან გულგატეხილობაშიო... მოკლედ, ბილიჩის ნაუბარი ხორვატულ sportnet-თან:
- რას იტყვით, რატომ ვერ მოიგო ხორვატიამ?
- არ დაგვიმალავს, რომ სამი ქულის აღება გვინდოდა. რა თქმა უნდა, შედეგით უკმაყოფილო ვარ. ორი ქულა დავკარგეთ, მაგრამ დაკარგეს ბერძნებმაც. მძიმე, დაბალანსებული ჯგუფია და აუტსაიდერ მალტას გარდა, ყველას პრეტენზია აქვს გასვლაზე. საქართველომ საბერძნეთში ფრედ ითამაშა, მაგრამ შინ ვერ მოუგო ისრაელს. გასაგებია, რომ ჩვენ ფავორიტები ვართ და ამიტომაც ვითამაშეთ შეტევაზე. ალბათ, უიღბლობის მომენტიც იყო, რომ ვერ მოვიგეთ.
- ბევრის აზრით, შეშინებული თამაშობდით.
- მე თავიდანვე ვთქვი, რომ თუ 80 წუთის განმავლობაში ფრე იქნებოდა, ხუთი თავდამსხმელით შევუტევდით. დააკვირდით ცვლილებებს, ბოლოს შეტევაზე ორიენტირებული 7 ფეხბურთელით ვთამაშობდით. ასე რომ, შეშინებული არასწორი ფორმაა. ზოგიერთები მოთმინებას შიშს ეძახიან.
- ბერძნებისგან ასეთ თამაშს არ ელოდით?
- მათ ძალიან ბევრი იაქტიურეს, მაგრამ მხოლოდ დაცვაში. აქამდე შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ფერნანდო სანტუშის მოსვლის შემდეგ, ისინი უფრო გახსნილ ფეხბურთს თამაშობდნენ, მაგრამ მათი სტილი არ შეცვლილა. სანტუშმა დაცვა აირჩია, ჩვენ კი რიტმი ვერ მოვახვიეთ მეტოქეს. ეს ორი ქულის დაკარგვად დაგვიჯდა.
- ოქტომბერში რთული მატჩი გექნებათ: ისრაელთან სტუმრად...
- გეთანხმებით. ეს იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი შეხვედრა ჯგუფში. ვიცი, რომ ისრაელში თამაში რთულია, მაგრამ ჩვენ იქ მოგვიგია და ოქტომბერშიც იგივეს შევეცდებით. ისრაელში ერთი შეცდომაც კი ძვირად დაგვიჯდება. ამის უფლება არ გვაქვს.
- ჟურნალისტებზე გაბრაზებული ხართ?
- არა. მესმის, რომ მათ ორ შეხვედრაში 6 ქულა უნდოდათ. იგივე მსურდა მეც, მაგრამ უნდა მივხვდეთ, რომ ჯგუფში სხვა ნაკრებებიც არიან. გულშემატკივრებისგან სტვენა ისმოდა და ჩემზე კარგად არავის ესმის მათი უკმაყოფილობის მიზეზი. ჩვენ მთლიანად შეტევაზე ვიყავით ორიენტირებულნი და თავადაც ნახეთ, ბერძნებს საგოლე შანსი თითქმის არ ჰქონიათ. ზოგჯერ ისე ხდება, რომ პრესა და გულშემატკივრებიც ეიფორიიდან უცებ გადადიან გულგატეხილობაში. ლატვიასთან მშვენიერი თამაშის შემდეგ, ქების მეტი არაფერი ისმოდა, დღეს კი, ისე გამოვიდა, ანტიგმირები ვართ...   
მოამზადა ილია ნანობაშვილმა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.10175