ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა გადამწყვეტი რომ იყოს, საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატების ყველა ფინალი ინდოეთისა და ჩინეთის ნაკრებებს შორის გაიმართებოდა. როდესაც ფეხბურთზეა ლაპარაკი, მხოლოდ მშიშარა და რეგრესისტ ხალხს თუ აფრთხობს ის, რომ რუსეთი მსოფლიოში ყველაზე “ვერზილა” ქვეყანაა და მისი მოსახლეობა ლამის 150 მილიონს აღწევს. ვისაც ასეთი სტატისტიკა არაფრად მიაჩნია, ისინი უზარმაზარი რუსეთისა და ციცქნა ჰოლანდიის ნაკრებებს ერთნაირი ჯიგრით ეთამაშებიან და რამე რომ იყოს, წირვასაც გამოუყვანენ.
გვიანი შემოდგომის სუსხიან საღამოს, სლოვენიის “მარიბორის” სტადიონზე, დიმიტრი მედვედევი მუდმივი გულშემატკივრობისაგან ხმაჩახლეჩილი რუსი ქომაგივით იჯდა და ჯერ კიდევ სლოვენია-რუსეთის ნაკრებების საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე ისეთი უწყინარი და იმედიანი თვალებით იმზირებოდა, კაცი იფიქრებდი, რუსეთის ნაკრებს სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე გასამგზავრებელი საგზური უკვე ჯიბეში უდევს და მედვედევი ამ თამაშით, მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერასღა ესწრაფვისო. ერთი შეხედვით, თითქოს, მართლა ასე იყო. მედვედევმა და პუტინმა, ტულის ჩამონგრეული ქარხნის რეაბილიტაციის დაწყებაზეც იმხელა ამბავი ატეხეს, უკვე წამოდგენილი მქონდა, რას იზამდნენ, რუსეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ გასულიყო. ჰოდა, იჯდა ეს მედვედევი “მარიბორის” სტადიონის” ტრიბუნაზე და გულში, ალბათ, უკვე მეასედ იმეორებდა წინასწარმომზადებულ სიტყვებს, რომლებიც, რუსთა გამარჯვების შემდეგ, თანამემამულე ჟურნალისტებისთვის უნდა ეთქვა. მარტო რუსებს კი არა, ევროპაში ძალიან ბევრ ადამიანს ეგონა, რომ მუნდიალზე რუსეთის ნაკრების არგასვლით, მსოფლიოს ჩემპიონატს ბევრი რამ დააკლდებოდა.
ბოლოს და ბოლოს, რუსებს რომ ჰკითხოთ, არშავინი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. უბრალოდ, “საძაგელ” ევროპლებს რუსები არ უყვართ (ნეტავ, რატომ?!) და არშავინს არ აპიარებენ, თორემ კრიშტიანუ რონალდუ და ზლატან იბრაჰიმოვიჩი “დიდ” სერიოჟასთან რას მოვლენ... ეგეც არ იყოს, ციცქნა სლოვენიამ რა ხეირი უნდა მისცეს ფიფას თავისი ნაკრების მუნდიალზე გასვლით, მაშინ როდესაც, რუსი ოლიგარქები უკვე ამზადებდნენ ფულს სამხრეთ აფრიკის სტადიონებზე მსუყე-მსუყე ადგილებისა და სასტუმროს ძვირადღირებული ნომრების დასაჯავშნად. მოკლედ, ხელი ხელს ბანს და რუსეთის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა, ფიფასა და ჩემპიონატის ორგანიზატორებისთვის მომგებიანი იყო, რუსებისთვის სიამაყის საბაბი, დანარჩენი მსოფლიოს დიდი ნაწილისათვის კი ის “მუღამი”, რომ გაეგოთ, ევროპის ჩემპიონატზე რუსების კარგი თამაში შემთხვევითობა იყო, თუ სხვა რამ.
სლოვენიის ეროვნული გუნდი პლანეტის საზოგადო აზრისა და ფულიანი ბიძების წინააღმდეგ იდგა და დადგა ბოლომდე. ვაჟკაცურად, ჯიგრიანად, გამბედავად და რაც მთავარია, საკუთარი ქვეყნისა და გულშემატკივრების სიყვარულით აღვსილი. დადგა და ეს ათასგზის ნაქები რუსეთის გუნდი სახალხოდ და დაუფარავად, დედიჩის გოლით, მწვანე მინდორზე საშობაო ბურვაკივით წამოაქცია. სლოვენიაში ამ მატჩზე დასასწრებად ათასობით რუსი გულშემატკივარი იყო ჩასული. იმ სლოვენიაში, რომელიც მუდამ ევროპის სისხლხორცეული ნაწილი იყო, სლოვენიელი ხალხი თავს მუდამ ევროპელად მიიჩნევდა და ამის მიუხედავად, რუსებს, ათწლეულების მანძილზე, დიდი იუგოსლავიის შემადგენლობაში, ანუ საბოლოო ჯამში, ავადსასხენებელ “სოციალისტურ ბანაკში” ჰყავდათ გამომწყვდეული. არცთუ ადვილი ასატანია, როდესაც არც მეტი, არც ნაკლები, იტალია გემეზობლება და შენ კი, სტალინის ავადმყოფური ამბიციებით შექმნილ ბანაკში ცხოვრობ.
სლოვენიელებს არც გამარჯვების ფიცი დაუდვიათ, არც მატჩის წინ ტრაბახი დაუწყიათ - ამას და იმას ვიზამთო... უბრალოდ, გამოვიდნენ მინდორზე, რაც შეეძლოთ და რაც არ შეეძლოთ ისიც კი გააკეთეს და რუსეთის ესოდენ ამბიციური გუნდი დაბღვერილი და დაბოღმილი გააბრუნეს უკან.
არავინ იცის, რას იზამს სლოვენია მსოფლიოს ჩემპიონატზე. შესაძლებელია, იქაც განაგრძონ პატარ-პატარა თუ დიდი სასწაულების ჩადენა. ისიც ადვილი შესაძლებელია, რომ სლოვენიამ სამხრეთ აფრიკაში ბევრი ვერაფერი ქნას და დიდი გუნდების ადვილი “ლუკმა” შეიქმნას, მაგრამ სულ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სლოვენიელებმა, საქართველოს მსგავსი, რუსთაგან ჩაგრული ქვეყნების ხალხის გულში ძალიან დიდი ადგილი დაიკავეს და დღეის შემდეგ, როდესაც სლოვენიის ნაკრებს ახსენებენ, ყველას “მარიბორის” სტადიონიდან მოსკოვში წაჩანჩალებული, დაღვრემილი მედვედევის სახე გაგვახსენდება.
ლევან სეფისკვერაძე









