სტატიები

10:50 | 20.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

სლოვენიური დებიუტებისა და რეკორდების ისტორია

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, სლოვენიაში ამხანაგური მატჩის მოგებით (2:1), 2010 წლის სეზონი დაასრულა. “ჯვაროსნებმა” მისია პირნათლად შეასრულეს - საქმე ისაა, ბევრისათვის მოულოდნელ ბოლო წარმატებას ფიფაში როგორ შეაფასებენ. მოგეხსენებათ, ფიფა-კოკა კოლას წლის ბოლო რეიტინგი 15 დეკემბერს გამოქვეყნდება და მასში, ქართველებს ერთობ შთამბეჭდავი ნახტომი უნდა გამოუვიდეთ. წლის 124-ე ადგილზე დამწყებ თემურ ქეცბაიას გუნდს, ნოემბრის კლასიფიკაციაში 78-ე საფეხური ეკავა, მაგრამ ვინაიდან კოპერში ძლეული სლოვენია “ჯვაროსნებზე” ბევრად მაღლა (მე-15) იყო, პროგრესი თვალსაჩინო იქნება.
17 ნოემბერს ადრიატიკის ნახევარკუნძულზე ნათამაშები ტესტ-მატჩი, ქართველებისთვის საპირველნაკრებო დონეზე გამართული შეხვედრებიდან 159-ე იყო. სრული ბალანსი ასეთია - 46 მოგება, 33 ფრე, 80 წაგება, გატანილ-გაშვებული გოლების სხვაობა 186:242.
უშუალოდ სლოვენიელებთან შეხვედრთა მონაცემებს თუ დავთვლით, აქ ასეთი თანაფარდობაა - 4 მატჩში, ერთი ქართველებმა მოიგეს, 2 ექს-იუგებმა (ბურთები 4:5). ოთხშაბათის მატჩში მხოლოდ ერთი ფეხბურთელი მონაწილეობდა, ვინც გასულ ურთიერთდაპირისპირებებშიც იყო ყურადღების ცენტრში. ესაა “ჯვაროსანთა” კაპიტანი კახა კალაძე, რომელმაც სლოვენიასთან 1999 წელს გამართულ ორივე შეხვედრაში (1:1, 1:2) შეუცვლელად (ერთში კაპიტნის რანგში) ითამაშა. რაც შეეხება ქართველთა მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას, მან გასულ მეტოქესთან, შორეულ 1994 წელს, მალტის ტურნირზე წაგებულ (0:1) შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ასე რომ, ერთმაც და მეორემაც სრულფასოვანი რევანში აიღეს.
ქეცბაიამ და კალაძემ, სლოვენიასთან მოგებულ შეხვედრაში მონაწილეობით, ქართული ფეხბურთის ისტორიაში თანარეკორდსმენებად შესვლაც შეძლეს. პირველი, ნაკრების თავკაცის რანგში (2010 წლის 3 მარტიდან 17 ნოემბრამდე), გუნდს ზედიზედ მე-8 წაუგებელ მატჩში (3 მოგება, 5 ფრე, ბურთები 7:4) გაუძღვა, რითაც 1997 წლის 10 სექტემბერს  (საქართველო-იტალია 0:0) დავით ყიფიანის მიერ დაწყებული და 1998 წლის 12 აგვისტოს (აზერბაიჯანი-საქართველო 1:0) გიგლა იმნაძის მიერ დასრულებული 8-მატჩიანი სერია გაიმეორა. იტალიური “ჯენოას” მცველმა კი, “ბონიფიკაზე” გუნდის გაყვანით, 42-ე სანაკრებო შეხვედრა ითამაშა კაპიტნის სამკლავურით. ამ მიღწევაში, კალაძის თანამოზიარე გიორგი ნემსაძეა, რომელმაც 1992-2004 წლებში, “ჯვაროსანთა” ღირსება სულ 68-ჯერ დაიცვა, რომელთაგან 42 შეხვედრაში კაპიტანი იყო.
საკმაოდ უხვი გამოდგა ბოლო სანაკრებო შეხვედრა დებიუტების მხრივ. ქეცბაიამ სლოვენიელებთან სულ 5 დებიუტანტი (ხუბუტია, ხოჯავა, გურული, კაკუბავა, ოქრიაშვილი) ათამაშა, რომელთაგან ლვოვის “კარპატის” შემტევმა ნახევარმცველმა სადებიუტო გოლიც გაიტანა.
ეროვნული ნაკრების მაისურით, ასევე პირველი გოლი გაიტანა ჯანო ანანიძემ. მოგეხსენებათ, იგი ოქტომბერში გახდა სრულწლოვანი. მასზე ახალგაზრდას, “ჯვაროსანთა” რიგებში მხოლოდ ლევან ყენიას აქვს გოლი გატანილი. ეს მოხდა 2008 წლის 27 მაისს, ესტონეთის ნაკრებთან შეხვედრაში. ყენია, ხორვატმა პეტარ სეგრტმა 61-ე წუთზე შეიყვანა თამაშში და მან, საფინალო სასტვენამდე 8 წუთით ადრე, ანგარიში გაქვითა. ამ დღეს, ლევან ყენია 17 წლის 7 თვის და 9 დღის იყო.
ბოლოს, იმ 16 ფეხბურთელის სანაკრებო სტატისტიკას შემოგთავაზებთ, რომლებსაც თემურ ქეცბაიას გადაწყვეტილებით სლოვენიასთან მინდორზე გასვლის საშუალება მიეცათ:
გიორგი ლორია (“დინამო”, საქართველო) - 24 წლის, 7 მატჩი, 9 გაშვებული გოლი (1 “მშრალი” მატჩი);
კახა კალაძე (“ჯენოა”, იტალია) - 32 წლის, 75 მატჩი, 1 გატანილი გოლი, 13 გაფრთხილება, 2 გაძევება;
გურამ კაშია (“ვიტესი”, ჰოლანდია) - 23, 6-0-0
აკაკი ხუბუტია (“გაზ-მეთანი”, რუმინეთი) - 24, 1-0-0;
ზურაბ ხიზანიშვილი (“რედინგი”, ინგლისი) - 29, 71-1-19+2;
დავით კვირკველია (“რუბინი”, რუსეთი) - 30, 41-0-5;
გოჩა ხოჯავა (“ვოლგა”, რუსეთი) - 25, 1-0-0;
ჯაბა კანკავა (“დნიპრო”, უკრაინა) - 24, 25-2-12+2;  
ჯანო ანანიძე (“სპარტაკი” მოსკოვი, რუსეთი) - 18, 7-1-0;
ნიკოლოზ გელაშვილი (“ზესტაფონი”, საქართველო) - 25, 8-0-0;
ირაკლი მოდებაძე (“ოლიმპი”, საქართველო) - 26, 2-0-0;
სანდრო გურული (“კარპატი” უკრაინა) - 25, 1-1-0;
მათე ვაწაძე (“დინამო”, საქართველო) - 21, 3-0-0;
ლევან კაკუბავა (“დინამო”, საქართველო) - 20, 1-0-0;
თორნიკე ოქრიაშვილი (“შახტარი”, უკრაინა) - 18, 1-0-0
ალექსანდრე კოშკაძე (“დინამო”, საქართველო) - 28, 3-0-0.

 

ფრიდონ კერვალიშვილი


   
   

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09189