არიან ადამიანები, რომლებსაც ფეხბურთელობა, ლამის “ვალად” ადევთ. ასეთია ჰოლანდიის ნაკრების სული და გული ვესლი სნეიდერი, რომელსაც 9 ივნისს 26 წელი შეუსრულდა. ვესლი ქალაქ უტრეხტში დაიბადა, მამამისი როდნი სნეიდერი პროფესიონალი ფეხბურთელი იყო და კარიერის დიდი ნაწილი “უტრეხტში” გაატარა. მარტო მამა? ვესლის ძმები თამაშობენ: უფროსი ჯეფრი, ჰოლანდიის რანგით მეორელიგელ “ტელსტარშია”, უმცროსი როდნი კი, 15 წლისაა და “აიაქსის” აკადემიაშია – იქ, სადაც ჰოლანდიის დღევანდელი 10 ნომერი დაფრთიანდა.
ვესლი ბენჯამინ სნეიდერი ონავარი, ცელქი ბავშვი ყოფილა და ფეხბურთის გარდა, ველოსიპედები უყვარდა. სკოლაში კარგი მოსწავლე ვერ ყოფილა და მშობლებსაც გულს უწვრილებდა ამის გამო, თუმცა ისინიც მიხვდნენ, რომ ბავშვს სხვა მიდრეკილებები ჰქონდა და აღარ დასძალებიან. მამამისმა ვესლი 7 წლისა მიიყვანა “უტრეხტის” ბავშვთა სკოლაში, თუმცა ერთ წელიწადში “აიაქსში” გადაიყვანა და მანქანით დაჰყავდა ვარჯიშებზე თუ თამაშებზე.
სნეიდერი “აიაქსის” ყოფილ კაპიტან დენი ბლინდის “პროტეჟეა”. 2001 წელს, ბლინდი ამსტერდამელთა ახალგაზრდულ გუნდში მუშაობდა და ვესლის “აიაქსის” მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანთან გაუწია რეკომენდაცია - აიყვანე და არ ინანებო.
საინტერესო ცნობები: სნეიდერი ბავშვობიდან ესპანური “ბარსელონას” ფანი ყოფილა, მაგრამ მადრიდის “რეალში” კი გადავიდა. არადა, ლეგენდარული იოჰან კრუიფი ურჩევდა “ბარსას” მაშინდელ თავკაც ფრანკ რაიკაარდს - სნეიდერი ხელიდან არ გაუშვაო. ვესლის საყვარელი ფეხბურთელი... ანდრე ინიესტაა. ბედის ირონიით, წლეულს სწორედ ინიესტას გოლმა ჩაუკლა ოცნება, გამხდარიყო მსოფლიოს ჩემპიონი.
“მე ის პირველად 17-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვნახე, სადაც მეც ვთამაშობდი და არ შეიძლებოდა, არ დამმახსოვრებოდა”, – ამბობს სნეიდერი ინიესტაზე.
და ერთიც, სნეიდერი 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდელებმა “ამხილეს”: წარმოიდგინეთ, “რეალის” მოქმედი ფეხბურთელი მადრიდის ერთ-ერთ ბარში იყო და კატალონიელებს ხმაურიანად გულშემატკივრობდა “მანჩესტერ იუნაიტედთან” თამაშში.
ილია ნანობაშვილი









