გასულ კვირას, “ბრეშასთან” მატჩის დროს, “ინტერის” ჰოლანდიელი ლეგიონერი ვესლი სნეიდერი შეუძლოდ შეიქმნა და მეორე ტაიმში მოედანზე აღარც გამოსულა. ადგილზე პირველი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ფეხბურთელი სამშობლოში გადაფრინდა, რათა საფუძვლიანი გამოკვლევა ჩაეტარებინა. ექიმების დასკვნა, მილანელთა ნახევარმცველისთვის სახარბიელო ნამდვილად არ აღმოჩნდა, მაგრამ სნეიდერი ფეხბურთიდან დასვენებაზე არც ფიქრობს. მითუმეტეს, კვირას მილანური დერბია და “ინტერის” შუახაზელს, ასეთი პრინციპული შეხვედრის წინ გუნდის მიტოვება არ სურს, რაც ჰოლანდიურ გამოცემა De Telegraaf-თან საუბარშიც აღნიშნა.
- “ბრეშასთან” შეხვედრაში რა დაგემართათ – ყველა შოკირებული იყო, რომ ფაქტობრივად გონება დაკარგეთ?
- შესვენებამდე ხუთი წუთით ადრე, მთელ სხეულში ტკივილი ვიგრძენი და შემაქანა. საშინელ მდგომარეობაში ვიყავი და მსგავსი რამ არასოდეს მიგრძვნია.
- რა მოხდა მას მერე, რაც მოედანი დატოვეთ?
- გასახდელისკენ გავემართე და ძალიან შეშინებული ვიყავი. ექიმებმა წნევა და პულსი გამიზომეს, რის შემდეგ, გამოკვლევისთვის ჰოლანდიაში გადავფრინდი.
- საბოლოოდ, ექიმებმა რა დიაგნოზი დაგისვეს?
- მათი თქმით, ანემია მაქვს. ძალიან დავიღალე და ძალა არ მყოფნის. ექიმებმა მითხრეს, რომ დასვენება მჭირდება.
- გამოდის, პრობლემა ისაა, რომ მიმდინარე წელს ძალიან ბევრი მატჩი ჩაატარეთ?
- მართლაც, უამრავი შეხვედრა ჩავატარე. სეზონის დასრულების შემდეგ იტალიაში, სადაც ჩემპიონობა და თასი მოვიგეთ, კიდევ ჩემპიონთა ლიგაში გავიმარჯვეთ. მადრიდში ჩატარებული ფინალის მერე, ავსტრიაში ეროვნული გუნდის შეკრებაზე გავემგზავრე. მოგვიანებით, სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს ჩემპიონატზე მატჩების მაქსიმალური რაოდენობა ჩავატარე, ვინაიდან ფინალში გავედით. მუნდიალის შემდეგ, დასვენებისთვის მხოლოდ ორი კვირა მქონდა და ქორწილი დავნიშნე.
- იმ ორი კვირის შემდეგ, ყველაფერი ჩვეულ რიტმში გაგრძელდა...
- სწორედ ასეა – ვარჯიშები, სერია А-ს მატჩები, ჩემპიონთა ლიგა, პლუს ხშირი გადაფრენები, სანაკრებო მატჩები. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ასეთი გრაფიკი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.
- ანემიის დიაგნოზი ნიშნავს, რომ ფეხბურთს დიდი ხნით ჩამოშორდებით?
- სრულებითაც არა, რადგან ამიხსნეს, რომ საშინელი არაფერი შემმთხვევია. მართალია. დასვენება მჭირდება, მაგრამ პარტნიორების მიტოვება არ შემიძლია.
- ე.ი. მზად ხართ ჯანმრთელობით გარისკოთ?
- არ ვიცი, ეს რისკია თუ არა, მაგრამ მზად ვარ “ინტერს” დავეხმარო, რადგან ნახევარდაცვაში ტრავმირებული ფეხბურთელები ისედაც ბევრი გვყავს – მუნტარი, მარიგა, კამბიასო, ტიაგო მოტა.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა









