გულშემატკივრის სვეტი

19:42 | 13.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

სოფია ნოსეტი-კლეპაკა – გახსოვდეთ ეს სახელი!

პოლონელი რომ ვიყო, ნამდვილად ვიამაყებდი ისეთი დიდებული ადამიანის თანამემამულეობით, როგორიც 26 წლის სერფერი გოგონა, სოფია ნოსეტი-კლეპაკაა. სოფიამ წლეულს, ლონდონის ზაფხულის ოლიმპიადაზე ვინდსერფინგში ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი აქამდეც არაერთ სპორტსმენს მოუპოვებია და მომავალშიც ბევრი მოიპოვებს, მაგრამ სოფია სულ სხვა ადამიანია. მის მკერდში სულ სხვანაირი გული ძგერს...
ვარშავაში, სოფია ნოსეტი-კლეპაკას მეზობლად 5 წლის გოგონა ცხოვრობს, რომელსაც დაბადებიდან, შინაგანი ორგანოების დამბლა აწუხებს და მისი სიცოცხლე ყოველდღიურად ბეწვზე ჰკიდია. გოგონას სახელად ჟუჟა კალინსკა ჰქვია და მისმა მშობლებმა ბავშვის სამკურნალოდ თითქმის ყველაფერი გაყიდეს, რაც ებადათ. დაავადება კი, მაინც მძლავრობს...
სოფია ნოსეტი-კლეპაკა ერთადერთი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, მოპოვებული პრესტიჟული ჯილდო აუქციონზე გაიტანა. სოფიას სურს, რომ გაყიდულ მედალში აღებული ფულით, პატარა ჟუჟას სიცოცხლე გაუხანგრძლივოს. თურმე, როდესაც სოფია სავარჯიშოდ მიდის, პატარა ჟუჟა ერთთავად აივანზე ზის დ სწორედ ეს ბავშვია მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი.
მიუხედავად შინაგანი ორგანოების დამბლისა, ჟუჟა კალინსკა ძალიან გონიერი ბავშვია და თურმე სულ ძირისძირობამდე გაეცნო ვინდსერფინგის ავან-ჩავანს. ოლიმპიადის მიმდინარეობისას კი, ბავშვს ისე განუცდია მეზობლის წარმატება, რომ მაღალი სიცხეები მისცა. ამის მიუხედავად, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც უკვე ბრინჯაოს მედლის მფლობელმა სოფიამ დაურეკა და საკუთარი წარმატება ახარა. პოლონელმა სპორტსმენმა სწორედ მაშინ გადაწყვიტა მედლის გაყიდვა.
”მენანება თუ არა გასაყიდად ჩემი მედალი? რასაკვირველია, დასანანია! ბრინჯაოს მედალი ხომ ოლიმპიადაზეა მოპოვებული და არავინ იცის, შემდეგ ოლიმპიადაზე შევძლებ თუ არა იგივე წარმატების განმეორებას. მაგრამ, მე პატარა ჟუჟას ჩემს შვილადაც ვთვლი და გულრწფელად ვამბობ, რომ ვოცნებობ, ისეთი ლამაზი და ნიჭიერი შვილი მყავდეს, როგორიც ჩვენი ჟუჟაა. სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში, ბანკებთან გარკვეული პრობლემები მაქვს და ფინანსური საკითხები ვერა და ვერ მოვაგვარე. სწორედ ამიტომ მიწევს მედლის გაყიდვა. თორემ, ვიცი ჟუჟასაც ძალიან ეწყინება, ჩემი მედლის გაყიდვის ამბავს რომ გაიგებს. ბიძაჩემი პადრე (კათოლიკე მღვდელი) იყო და ბავშვობაში ხშირად მეუბნებოდა, რომ ღმერთი კარგი საქმის კეთების შანსს როდესაც გაძლევს, ეს აუცილებლად უნდა გამოიყენო. თორემ, ცხოვრება ხანმოკლეა და შეიძლება, მეორე დღეს აღარც კი იყო ცოცხალი. ბიძაჩემი 3 წლის წინათ გარდაიცვალა, მე კი, ვცდილობ, სწორედ ისე ვიცხოვრო, როგორც ის მასწავლიდა”, – ამბობს  სოფია ნოსეტი-კლეპაკა და იქვე ყველას სთხოვს, რომ მისი მხრიდან მედლის გაყიდვის სურვილი რაიმე სახის ”პიარ-სვლად” არ ჩათვალონ. სოფიას მხოლოდ იმაზე სწყდება გული, რომ უფრო მაღალი სინჯის მედლის მოპოვება ვერ შეძლო. ოქროს ან ვერცხლის მედალში ხომ უფრო მეტ თანხას გადაუხდიდნენ...
...ვითომ არავინ იცის, ზუსტად სად გადის სიკეთისა და ბოროტების ზღვარი?! ნებისმიერი ”ცოდნით შეჯავშნული” ფილოსოფოსი რომ დასვა, სულ ადვილად ”წაშლის” ამ ზღვარს და მრავალ საინტერესო არგუმენტსაც მოიშველიებს იმის დასამტკიცებლად, რომ ”სიკეთის ქმნა მხოლოდ ჩვენი ამბიციების სიმრავლითაა განპირობებული” და მისთანანი... მაგრამ, არის რაღაც უფრო მეტი და დიდი, ვიდრე ჩვენი ყოველდღიურობაა. უფრო მნიშვნელოვანი და უფრო ამაღელვებელი! ამას, სახელად ვინ რას დაარქმევს, არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ ისევე როგორც ჩვენ, ამ მიწაზე ერთი ახალგაზრდა გოგონაც დადის. დადის და ცხოვრობს თავისთვის. როგორც ჩანს, არც სპორტსმენია ურიგო და თავის არსებობით ყველას გვარწმუნებს, რომ უწინარესად, ჩვენ ადამიანები ვართ!    
იმედია მაპატიებთ, ზედმეტად რომ გადავიჭერი ემოციებში და ჩემი ემოციები, ალბათ, თქვენც გადმოგედოთ. მაგრამ, ეს არის ამბავი, რომელზეც ემოციების გარეშე ვერ ისაუბრებ. სოფია კი, ის სპორტსმენია, ვისითაც ყველა სპორტის მოყვარულმა (და არა მარტო მათ) უნდა ვიამაყოთ.
პოლონელებს უამრავი დიდი სპორსტმენი ჰყოლიათ და მათ შორის ისეთებიც მრავლად არიან, რომლებთანაც სოფია ნოსეტი-კლეპაკა სპორტული წარმატებებით ახლოსაც კი ვერ მოვა. გავა წლები და პოლონეთი კიდევ მრავალ შესანიშნავ სპორტსმენს გაზრდის, მაგრამ შეუძლებელია დაგავიწყდეს ეს 26 წლის გოგონა, რომელმაც დიდი წვალებით მოპოვებული ბრინჯაოს მედალი მხოლოდ იმიტომ გაყიდა, რომ მეზობლისთვის ავადმყოფი ბავშვის სამკურნალოდ საჭირო თანხა მიეცა...

ლევან სეფისკვერაძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096262