ინტერვიუები

10:08 | 19.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

სოკრატის პაპასტატოპულოსი: "მილანი" ჩემი ოცნების უმაღლესი მწვერვალია"

უკვე მერამდენე ზაფხულია, ფეხბურთის გულშემატკივარი გვარიანად მობერებულ და დასუსტებულ “მილანში” საკადრო რევოლუციას ელის, მაგრამ “როსონერის” შეფები სოლიდურ ხარჯებს კვლავ თავს არიდებენ და შემადგენლობის მხოლოდ “კოსმეტიკური შელამაზებით” კმაყოფილდებიან. მართალია, უცხოურ პრესაში ხშირად ჩნდება ინფორმაცია იბრაჰიმოვიჩით, ლუიშ ფაბიანოთი, ჯეკოსა და კიდევ სხვა მაღალი დონის ფეხბურთელებით დაინტერესების შესახებ, თუმცა როგორც კი საქმე საქმეზე მიდგება, “მილანის” მესვეურები მაშინვე უკან იხევენ - ჩვენ არ შეგვიძლია საკუთარ თავს ასეთი თანხის გადახდის უფლება მივცეთო...
ასე გრძელდება უკვე მერამდენე წელია, რამაც ჩემპიონთა ლიგის შვიდჯერ მომგები გუნდი სატრანსფერო ბაზარზე მეორეხარისხოვან მოთამაშედ აქცია. ბოლო პერიოდში “მილანის” სატრანსფერო სტრატეგია მხოლოდ თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე და ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელების გადაბირებას ითვალისწინებს (უიშვიათესი გამონაკლისების გარდა). ახალგაზრდაა “როსონერის” კიდევ ერთი ახალწვეული, სოკრატის პაპასტატოპულოსი. 22 წლის ბერძენს ლომბარდიულ გრანდთან კონტრაქტის გაფორმებამდე მხოლოდ დღეს გასავლელი სამედიცინო შემოწმება აშორებს.
პაპასტატოპულოსი, რომელიც ამპლუით ცენტრალური მცველია, “მილანმა” “ჯენოადან” (2008-10 წლები, 51 მატჩი, 2 გოლი) გადაიბირა. უკვე შეთანხმებულია ხელშეკრულების პირობებიც - ფეხბურთელი “როსონერისთან” 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, მისი წლიური ანაზღაურება კი მილიონი ევრო იქნება. პაპასტატოპულოსმა, რომელსაც ეროვნულ გუნდში 12 მატჩი აქვს ჩატარებული, იტალიურ გრანდში გადასვლის ამბავი სამშობლოში შეიტყო და “მილანის” ფეხბურთელის რანგში აპენინურ პრესას პირველი ინტერვიუც ტელეფონის საშუალებით მისცა.
სოკრატის პაპასტატოპულოსი: დაწერეთ, რომ ბედნიერი ვარ, ძალიან ბედნიერი. მე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ვითამაშებ. სიგიჟემდე მიხარია “მილანში” გადასვლა. ამაზე ხომ ნებისმიერი ფეხბურთელი ოცნებობს.
- მოდით თავიდანვე გავარკვიოთ: როგორ მოგიხსენიოს მილანელმა გულშემატკივარმა - პაპასტატოპულოსი, სოკრატისი თუ სხვა რამე მეტსახელით?
- პაპასტატოპულოსი ჩემი გვარია, მაგრამ იმის გამო, რომ ის ძალიან გრძელია, მაისურზე სოკრატისის დაწერას ვამჯობინებ. მეგობრები კი, უბრალოდ, “პაპას” მეძახიან.
- მოკლედ, “პაპა”. ორი სიტყვით აღგვიწერეთ საკუთარი თავი.
- მე საკმაოდ ახალგაზრდა ვარ და ძალიან მსურს სწავლა და მუშაობა. არასდროს ვთაკილობ რჩევების მიღებას. მიხარია, რომ “მილანში” რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი თამაშობს, რომლებსაც სასარგებლო რჩევის მოცემა შეუძლიათ. ასე რომ, “მილანში” სწავლისა და შრომისთვის მზად ვარ.
- რომელ პოზიციაზე თამაშს ამჯობინებ?
- ამპლუით ცენტრალური მცველი ვარ, თუმცა, ფლანგზეც შემიძლია თამაში.
- “ჯენოადან” “მილანში” - ეს უდიდესი ნახტომია. ელოდით ასეთ პროგრესს?
- ეს ჩემი ოცნების უმაღლესი მწვერვალია. ამასთან, უდიდეს პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ - უნდა დავამტკიცო, რომ მსოფლიო გრანდი ჩემს შეძენაში არ შემცდარა. მე უმაღლესი დონის ფეხბურთელებთან ერთად მომიწევს ყოფნა. “მილანში” უდიდესი კონკურენციაა, რომელსაც უნდა გავუძლო და არ ჩავიკარგო.
- ახალ თანაგუნდელებთან საუბარი ხომ არ მოასწარი?
- ეს სიამოვნება ჯერ კიდევ წინ მელის.
- საინტერესოა, ბავშვობიდანვე მცველის პოზიციაზე თამაშობდი, თუ ეს ევოლუციის შედეგია?
- თავიდან თავდამსხმელობა მომწონდა, საკმაოდ ბევრი გოლიც გამქონდა. ბავშვობაში ჩემი მშობლიური ქალაქის, კალამატას გუნდში ვთამაშობდი და იმედისმომცემ ფორვარდად ვითვლებოდი. თუმცა, შემდეგ მწვრთნელებმა სულ უკან და უკან დამწიეს და საბოლოოდ მცველად ჩამოვყალიბდი.
- ვინ არიან შენი კერპები, რომელთა მსგავსად გსურს თამაში?
- პაოლო მალდინი, ალესანდრო ნესტა და ფაბიო კანავარო. ესენი ყველაზე უდიდესი მცველები არიან, ვინც კი მე მინახავს. მაგრამ მე ვერ ვიტყვი, რომ ვცდილობ მათ დონეზე ვითამაშო. ეს ჩემი მხრიდან სითავხედე იქნებოდა.
- შენი ოჯახური მდგომარეობა.
- მყავს მეგობარი გოგონა, თუმცა მისი სახელ-გვარის დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან არ მსურს შემდეგ ჩვენს პირად ცხოვრებაში ვიღაცებმა ქექვა რომ დაიწყონ.
- მილანში აპირებ ცხოვრებას?
- ამ საკითხზე ჯერ არ მიფიქრია, მაგრამ ალბათ ასე იქნება. მომწონს იმ ქალაქში ცხოვრება, რომლის გუნდშიც ვთამაშობ.
- ფეხბურთის, ოჯახისა და მეგობარი გოგონას გარდა, შენს ცხოვრებას კიდევ რა ავსებს?
- მუსიკა, მუსიკა და კიდევ ერთხელ მუსიკა.
- და როგორი მუსიკა მოგწონს?
- ბერძნული როკი.
- ეს რა, განსხვავებული მიმართულებაა?
- არა, აქ სპეციფიკური არაფერია. ესეც ისეთივე როკია, როგორც ამერიკული, ინგლისური და იტალიური. უბრალოდ, სიტყვებია ბერძნული.
- ევროპის საუკეთესო ლიგებიდან ყველაზე მეტად რომელი მოგწონს?
- რა თქმა უნდა, იტალიური სერია A. აპენინურ ფეხბურთში ყველაფერი ტაქტიკასა და აზროვნებაზეა აგებული. მომწონს ასევე ესპანეთის პრიმერა დივიზიონი, თუმცა “ბარსელონასა” და “რეალს” დანარჩენებზე ისეთი უპირატესობა აქვთ, რომ მთელი ჩემპიონატი ამ ორი გრანდის დუელად იქცა.
- “მილანთან” ერთად ყველაზე მეტად რომელი ტიტულის მოგება გსურს?
- “როსონერიში” გადასვლამ იმდენად გამახარა, რომ სამომავლო პერსპექტივებზე ჯერ არ მიფიქრია. ალბათ, ყველაზე მეტად ჩემპიონთა ლიგის მოგება გამიხარდებოდა.

 

P.S. პაპასტატოპულოსის გარდა, მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში “მილანმა” კიდევ 2 ფეხბურთელი დაიმატა - მცველი მარიო იეპესი (“კიევოდან”) და მეკარე მარკო ამელია (“ჯენოადან”). “როსონერის” ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, კლუბი თავის ახალწვეულებს, ისევე როგორც ახალ თავკაც მასიმო ალეგრის, სამშაბათს წარადგენს. გუნდის შეკრებაც ამ დღიდან დაიწყება.

ლუკა ანდრიაძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091655