ახლახან, “მსოფლიო სპორტმა” საქართველოს სამბისტთა და ძიუდოისტთა ნაკრების წევრის, დავით ლორიაშვილის ინტერვიუ შემოგთავაზათ, რომელშიც სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობის დაკომპლექტებისას მიღებული გადაწყვეტილების უსამართლობაზე საუბრობდა. სპორტსმენი, რომელიც ორიოდ თვის წინ საქართველოს ჩემპიონი გახდა მსოფლიოს პირველობისთვის მოსამზადებელ შეკრებაზე ჯერ მირიან პავლიაშვილით ჩაანაცვლეს, ხოლო შემდეგ, წინასაშეჯიბრო დასკვნითი შეკრებისას, მას მერე, რაც პავლიაშვილმა ტრავმა მიიღო, 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში საჭიდაოდ ლევან ჟორჟოლიანს უხმეს. კანდიდატებს შორის არჩევანის გაკეთება მთლიანად მწვრთნელების პრეროგატივაა და ჩვენი მხრიდან ასე პირდაპირ დაეჭვება არასწორი იქნებოდა, რომ არა ერთი ძალიან საინტერესო მომენტი - მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ კულუარებიდან ჯერ კიდევ მსოფლიოს ჩემპიონატამდე ორი კვირით ადრე შევიტყვეთ. სოსო ლიპარტელიანის კომენტარის მოსმენა ამ საკითხის უკეთ გასარკვევად ჩვენც გვაინტერესებდა და როგორც გაირკვა, თავადაც ჰქონდა სურვილი, ინტერვიუს გამოხმაურებოდა.
- იმაში, რომ დავით ლორიაშვილი ნაკრებში ვერ მოხვდა, სასკანდალო არაფერია. ტრავმების გამო 8 თვე გაუცდა და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჩემპიონი გახდა, მისი უმაღლესი რანგის ტურნირზე წაყვანა მაინც სარისკოდ მივიჩნიეთ. მით უმეტეს, რომ საქართველოს იმ პირველობაზე არც პავლიაშვილს უჭიდავია და არც ჟორჟოლიანს.
- გამოდის, რომ ნაკრებში მოსახვედრად საქართველოს ჩემპიონატზე ჭიდაობა აუცილებელი არაა?
- საქართველოს ჩემპიონობა პირდაპირ ნაკრებში დამკვიდრების გარანტია არაა და არც უნდა იყოს. პირადად ვუყურე ლორიაშვილის ჭიდაობას და საკმაოდ გაუჭირდა. მისი ჯინი ნამდვილად არ მჭირს, მაგრამ მოვიქეცით ისე, როგორც საქმისთვის უკეთესი იქნებოდა. ნაკრების მწვრთნელიც ვიყავი და მისთვის საერთაშორისო ტურნირებზე ჭიდაობის შანსიც არაერთხელ, მიმიცია, მაგრამ თავი ვერ გამოუჩენია. ცნობისთვის საქართველოს ჩემპიონები პაპინაშვილი და ზოიძეც გახდნენ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე არც ისინი წაგვიყვანია, თუმცა სიმართლე გითხრათ, პაპინაშვილის უფრო მეიმედებოდა, ვიდრე უშანგი კუზანაშვილის.არც ერთს ხმაური არ აუტეხია და ბრალდებები არ წამოუყენებია. სხვათა შორის, თავად ლორიაშვილიც უარყოფს, რომ თქვენთან ინტერვიუსას ფინანსური გარიგება ახსენა.
- არც უხსენებია და მსგავსიც არაფერი დაგვიწერია. თქვენ წაიკითხეთ ის ინტერვიუ?
- მე არ გავცნობილვარ, მაგრამ მითხრეს.
- შეგიძლიათ წაიკითხოთ, ფინანსური გარიგება ერთხელაც არ გაჟღერებულა და ამ მხრივ უკმაყოფილების საბაბიც არ არსებობს. ისევ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შემადგენლობის დაკომპლექტებას მივუბრუნდეთ. გადაწყვეტილება თქვენ მიიღეთ?
- ზურაბ კახაბრიშვილმა მინსკიდან დამირეკა, პავლიაშვილს ხელი სტკივაო. მას შემდეგ, რაც დამიდასტურა, რომ ამის დამადასტურებელი ცნობაც ჰქონდა, გადავწყვიტე ლევან ჟორჟოლიანი წამეყვანა და ეს მწვრთნელებსაც შევატყობინე. ვიმეორებ, გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ შედეგიდან გამომდინარე მივიღე და სხვა არანაირი მიზეზი არ არსებობს.
- მაშინ იქნებ დაინტერესდეთ, რატომ გავრცელდა ხმები მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ, გაცილებით ადრე, ვიდრე საჯარო გახდებოდა?
- ვერაფერს გეტყვით. ფაქტი ერთია, ჩვენ ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედეთ.
ოთარ მაღლაკელიძე







