სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით გუნდებისთვის მატჩი არაფერს წყვეტდა. ასეთ შეხვედრებში საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებისთვის ფეხბურთელებს შესაძლოა პრემიალური თანხაც არ მისცენ. პლუს ამას სიცხეც დაერთო და აქედან გამომდინარე, მოთამაშეები თავს რომ არ “მოიკლავდნენ” ადვილი სავარაუდო იყო.
პირველი სახიფათო მომენტი “სპარტაკმა” შექმნა, როდესაც ვალიკო ტყემალაძემ მარცხენა ფრთაზე “გახსნილი” გივი იოსელიანი მოძებნა, რომლის ჩამოწოდების შემდეგ, სტუმართა დებიუტანტმა ნიკა კაჭარავამ ერთი შეხებით ხელსაყრელი პოზიციიდან მიზანს ააცილა. კახა კაჭარავას ვაჟმა მიმდინარე სეზონი რუსეთის პრემიერლიგის ყაზანის “რუბინის” დუბლშემადგენლობაში დაიწყო და საქართველოს უმაღლეს ლიგაში დაასრულა.
მე-19 წუთზე, ნიკა მაისურაძემ ბურთი მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შესულ ელგუჯა ლობჯანიძეს “შეაყოლა”, რომლის სახიფათო დარტყმის მერე, სოსლან ნანიევმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.
28-ე წუთზე, ვალიკო ტყემალაძემ მარცხნიდან ცენტრისკენ შეიწია, გზად ორ მეტოქეს გაცდა და საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმით ბურთი შეროზიასგან მარჯვენა დაბალ კუთხეში “ჩააჭედა”. გატანილი გოლიდან ერთ წუთში, სტუმრებმა “სტანდარტული” შეასრულეს და კაჭარავამ კარგი პოზიციიდან თავით უზუსტოდ დაარტყა.
ტაიმის ბოლო წუთზე, საჯარიმოს ფარგლებს გარედან შეტევაში ჩართულმა მარჯვენა მცველმა გიორგი ცერცვაძემ სახიფათოდ დაარტყა და “ვიტ ჯორჯია” ბურთის გაშვებისგან შეროზიამ იხსნა. საპასუხო შეტევაში, მარჯვნიდან “სპარტაკის” საჯარიმოში ნიკა სიჭინავამ ჩააწოდა და ლობჯანიძეს ახლო მანძილიდან თავით ბურთის კარში გადაგზავნაში ხელი აკაკი წყაროზიამ შეუშალა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან მცირე დრო იყო გასული, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან კორიფაძემ “სპარტაკის” საჯარიმოში ბურთი ჩაჰკიდა ლობჯანიძის ეფექტური “მაკრატელა” არაზუსტი აღმოჩნდა. 71-ე წუთზე, პარტნიორმა კაჭარავა მასპინძელთა საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ ტანმაღალმა ფორვარდმა კარში დარტყმის მაგივრად, მცველისთვის გვერდის ავლა მოინდომა და ბურთი დაკარგა, რითაც კარგი მომენტი გააცუდა.
78-ე წუთზე, ირაკლი ღიბრაძის პასის მერე, “სპარტაკის” საჯარიმოში ბურთი მათე კვირკვიამ მიიღო, რომელსაც კარის ახლოდან მარცხენა მახვილი კუთხიდან დარტყმაში ხელი დავით მაისაშვილმა შეუშალა. მე-80 წუთზე, კორიფაძემ სტუმართა საჯარიმოს ფარგლებს გარედან ძლიერად “გაისროლა” და ცხინვალელები ნანიევმა ნახტომში გადაარჩინა.
84-ე წუთზე, მარცხენა ფლანგზე ცერცვაძემ კვირკვია წააქცია და მასპინძელმა ფეხბურთელებმა ჩათვალეს, რომ ცხინვალელმა წესი თავის საჯარიმოში დაარღვია, მაგრამ მთავარმა მსაჯმა ლევან კვარაცხელიამ სხვაგვარად განსაჯა. “ვიტ ჯორჯიას” სამმა ფეხბურთელმა მსაჯის გადაწყვეტილება ხმამაღლა გააპროტესტა და ყვითელი ბარათები მიიღეს. მატჩის მიწურულს, თექთურმანიძის პასის შემდეგ, “სპარტაკის” კარის წინ მყოფი ლაშა კემუხტაშვილი ბურთს ვერ მიწვდა, ხოლო კოტე ხიზანეიშვილმა ძალიან ახლო მანძილიდან მარჯვენა მახვილი კუთხიდან ვერ გაიტანა. “ვიტ ჯორჯიამ” თამაში კაცნაკლულმა დაასრულა, რადგან ლაშა ღონღაძემ უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს.
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – სპარტაკი (ცხინვალი) 0:1 (0:1)
17 მაისი. მცხეთა. “მცხეთა პარკი”.
ვიტ ჯორჯია: შეროზია, საბაძე, გეთიაშვილი (კ), ლაშა ღონღაძე, გიორგი მჭედლიშვილი (ღიბრაძე, 46), წყაროზია (გახარია, 67), დავლაშელიძე, მაისურაძე, სიჭინავა (კვირკვია, 58), კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე.
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე.
სპარტაკი: ნანიევი, ბურძენაძე, ცერცვაძე, იოსელიანი, მაქაცარია (თექთურმანიძე, 54), კემუხტაშვილი, მაისაშვილი, კაკუბავა (კ), ტყემალაძე, ნიკა კაჭარავა (გელაშვილი, 75), გაბაშვილი (კოტე ხიზანეიშვილი, 83).
მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა.
გოლი: ტყემალაძე (28).
გაფრთხილება: საბაძე (84), ღონღაძე (84), მაისურაძე (84); ცერცვაძე (84)
გაძევება:მჭედლიშვილი (89).
მთავარი მსაჯი: ლევან კვარაცხელია.
მერანი (მარტვილი) – ტორპედო (ქუთაისი) 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 ჩიკვილაძე (7, პენალტით)
დილა (გორი) – ზუგდიდი 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 ბულია (81)
| 1 | ტორპედო | 32 | 14 | 6 | 12 | 43:44 | 48 |
| 2 | ვიტ ჯორჯია | 32 | 13 | 6 | 13 | 41:45 | 45 |
| 3 | დილა | 32 | 11 | 8 | 13 | 44:36 | 41 |
| 4 | სპარტაკი | 32 | 12 | 4 | 16 | 33:38 | 40 |
| 5 | ზუგდიდი | 32 | 10 | 6 | 16 | 26:42 | 36 |
| 6 | მერანი | 32 | 6 | 4 | 22 | 21:60 | 22 |
მეგოლეები:
17 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)
15 - დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)
12 - ვილი ისიანი (“გურია”)
11 - ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)
10 - გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”)
8 - გიორგი კორიფაძე (“ვიტ ჯორჯია”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), რევაზ გეწაძე (“ზესტაფონი”), დათო კირკიტაძე (“ზუგდიდი”)
7 - ელგუჯა ლობჯანიძე (ვიტ ჯორჯია”), ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”)
6 - გიორგი კახელიშვილი (“სიონი”), გიორგი ქვილითაია (“დილა”)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;





