სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ახმეტას ესტუმრა და ვეტერან სპორტსმენებთან: ძიუდოში ოლიმპიურ ჩემპიონ, ამჯერად კი საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ ზურაბ ზვიადაურთან და ასევე ყოფილ ძიუდოისტთან, ახმეტის რაიონის გამგებელ - ბექა ბადიაურთან ერთად რამდენიმე სპორტულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
სტუმარ-მასპინძლები სკოლებს შორის რაიონის საფეხბურთო ჩემპიონატის გახსნას დაესწრნენ და მონაწილე გუნდები საფეხბურთო ინვენტარით დაასაჩუქრეს. შემდეგ, მინისტრი და ოლიმპიური ჩემპიონი ახმეტის რაიონის სოფელ დუმასტურის საჯარო სკოლაში მივიდნენ და სპორტული სექციის მოსწავლეებს ძიუდოს კიმონოები და ფეხბურთის ბურთები გადასცეს.
ლევან ყიფიანმა ვიზიტის დასრულებამდე ზურაბ ზვიადაურის სახელობის სპორტული დარბაზიც დაათვალიერა.
“სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო საქართველოში მასობრივი სპორტის განვითარებისა და რეგიონების სპორტული ინფრასტრუქტურის გამართვის მიზნით მნიშვნელოვან ღონისძიებებს გეგმავს. ჩვენი ვალია მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი დამწყებ სპორტსმენებს და უყურადღებოდ არც ერთი რეგიონი და რაიონი არ დავტოვოთ” – განაცხადა სპორტის მინისტრმა.
სპორტის სამინისტროს ფოტო







