სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გასულ უქმეებზე ტალინსა და პორეჩში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატებების შემაჯამებელი საერთო პრესკონფერენცია გაიმართა. შეგახსენებთ, ხორვატიაში ახალგაზრდა ძიუდოისტებს შორის გაიმართა ევროპირველობა და ქართველმა ახალგაზრდებმა 7 მედალი (1 ოქრო, 4 ვერცხლი, 2 ბრინჯაო) მოიპოვეს. 7 მედლითვე (5 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) მოიარეს ესტონეთის ნაკრები 15-16 წლის სამბისტებმაც. საპრესკონფერენციო დარბაზში ორივე გუნდის ჩემპიონ-პრიზიორები, მწვრთნელები და ფედერაციების ხელმძღვანელები შეიკრიბნენ.
“ორივე სახეობაში კარგად ვარ გათვითცნობიერებული და თავს უფლებას მივცემ, შემაჯამებელი პრესკონფერენცია გავხსნა – განაცხადა საქართველოს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო ლიპარტელიანმა – ვულოცავ ჩვენს ჩემპიონ-პრიზიორებს და ნაკრებების მწვრთნელებს ამ დიდ წარმატებას. ესტონეთსა და ხორვატიაში მშვენივრად გამოჩნდა, რომ სამბოსა და ძიუდოში ძალიან კარგი თაობები გვეზრდება. დარწმუნებული ვარ, 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე წამსვლელ გუნდში მოსახვედრად ეს ბიჭები რეალურად იბრძოლებენ და თავიანთ წონით კატეგორიებში ფავორიტებშიც იქნებიან. ამ ევროპირველობაზე მოპოვებული მედლების დასაფასებლად კი სოლიდურ პრემიალურ თანხებს სპორტსმენებიც და მწვრთნელებიც დაახლოებით ორ თვეში მიიღებენ”.
მილოცვას ძიუდოს ფედერაციის გენერალური მდივანი ვლადიმერ ნუცუბიძე შეუერთდა:
“მადლობა ჭაბუკ და ახალგაზრდა სპორტსმენებს ამ წარმატებისთვის. მათი სახით მართლაც საიმედო ცვლა ეზრდება ჩვენს ნაკრებებს. ძიუდოზე დავკონკრეტდები, განსაკუთრებულად სასიამოვნო იყო, რომ გუნდმა ყველა წონით კატეგორიაში სტაბილურად და შედეგიანად იჭიდავა. საერთოდ არ იგრძნობომდა გამძლეობის პრობლემა არ ყოფილა დაღლის პრეცედენტი, რაც ადრე ჩვენი უმთავრესი საფიქრალი იყო” – განაცხადა ნუცუბიძემ.
ბოლოს თავიანთი გუნდების ევროჭიდაობა მთავარმა მწვრთნელებმაც შეაფასეს:
გია გუგავა (ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
“მადლობა ყველას, ვინც ევროპის ჩემპიონატისთვის სრულყოფილად მომზადებაში დაგვეხმარა. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო მწვრთნელებს. ჩემპიონატში 40 ქვეყნის 500-მე ძიუდოისტი მონაწილეობდა და ამ კონკურენციაში 7 მედლის მოპოვება რა თქმა უნდა წარმატებაა. ბიჭებმა დიდი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს. რა თქმა უნდა, იყო ხარვეზებიც და მათ აღმოსაფხვრელად უნდა ვიმუშავოთ. აქვე მინდა ყურადღება იმაზეც გავამახვილო, რომ ამ ბიჭების უმრავლესობა ახალგაზრდულ ნაკრებში ჭაბუკებიდან ახალი გადმოსულია და კიდევ ორი წელი შეუძლიათ ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოსვლა”.
ემილ რაში (სამბისტთა ასაკობრივი ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
“15-16 წლის სპორტსმენებს შორის ევროპის ჩემპიონატი პირველად ჩატარდა და სასიამოვნოა, რომ ამ ისტორიულ ტურნირზე წარმატებულად გამოვედით. ჩვენი გუნდის წევრების უმეტესობამ საერთაშორისო დონეზე პირველად იჭიდავა და თავისი შესაძლებლობები ბრწყინვალედ წარმოაჩინეს. გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დავიკავეთ. ამასთან, მთავარ კონკურენტს – რუსეთს იმდენი პირადი შეხვედრა მოვუგეთ, მეორე ადგილიც კი დავაკარგვინეთ – ბელარუსმა გაუსწრო”.
ძიუდო, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი
პორეჩი, 21-23 სექტემბერი
ლევან მატიაშვილი (+ 100 კგ) - ოქრო
ბექა ღვინიაშვილი (81 კგ) - ვერცხლი
ფრიდონ გიგანი (73 კგ) - ვერცხლი
ვაჟა მარგველაშვილი (60 კგ) - ვერცხლი
ლერი ჭელიძე (55 კგ) - ვერცხლი
გურამ თუშიშვილი (100 კგ) - ბრინჯაო
ლევან გუგავა (73 კგ) - ბრინჯაო
სამბო, ევროპის ასაკობრივი (15-16 წლის) ჩემპიონატი
ტალინი, 21-24 სექტემბერი
დავით ოზბეთელაშვილი (84 კგ) - ოქრო
ირაკლი გოგია (78 კგ) - ოქრო
გიორგი მეტრეველი (60 კგ) - ოქრო
ჯაბა ქურდიანი (50 კგ) - ოქრო
თორნიკე ნაგლიაშვილი (46 კგ) - ოქრო
მიხეილ ახალაური (+ 84 კგ) - ვერცხლი
ჯემალ ბუჩუნტელი (66 კგ) – ბრინჯაო
ოთარ მაღლაკელიძე
სპორტის სამინისტროს ფოტო







