“აბა ფეხბურთელები, კარგი ფეხბურთელები, სულ ნარჩევები, სულ ახალგაზრდები, სწრაფები, ტექნიკურები, ჯანიანები...” – ყვირის სტამბოლის ბაზარში რბილ ბალიშებზე ნახევრად მიწოლილი ონსურ ბეი და თან შარბათს უწრუპუნებს კარგი რქაწითელივით თვალების ნებიერად წკურვით. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ისევ დილაა, სტამბოლის ბაზარში უკვე ბევრი ხალხი ირევა და ყველა თავისი საფიქრალით მიდი-მოდის მტვრიან დახლებს შორის. მყიდველთა უმეტესობა სხვადასხვა საფეხბურთო კლუბებიდან წარმოგზავნილი ემისრები არიან, რომლებიც თავიანთი უფროსობის მიერ ჩამოწიკწიკებულ უსტარებს დააფრიალებენ. ზოგი განაპირა მცველს ეძებს, ზოგს მეკარის ყიდვა სურს და ზოგის საერთოდ მწვრთნელი სჭირდება, მაგრამ ყველაზე დიდი მოთხოვნა მაინც თავდამსხმელებზეა. კარგი თავდამსხმელები წინა დღეების ბაზრობებზე უკვე დაიტაცეს არაბმა შეიხებმა და რუსმა ოლიგარქებმა. ზანტი და ღიპიანი კავკასიელები კი კიევის მთავარმა წაასხა.
ონსურ ბეი ეშმაკი კაცია და გასაყიდადაც ისეთი ფეხბურთელები ჰყავს შერჩეული, რამე რომ იყოს, ფასის დაკლების რაომ არ შეეშინდება. აბა მონაკოს პრინცივოთ თავიდანვე ძვირადღირებულ მოთამაშეებს კი არ დაეძგერება? ეშმაკი და ოხერი კაცია ონსური და ისიც იცის, საღამოსკენ თუ მაინც ვერ ინახა კლიენტი, აუცილებლად ჩამოივლიან პატარა-პატარა კლუბების მესვეურები და ბითუმად წაიყვანენ იაფფასიან ფეხბურთელებს. ონსური ბოლო წლებია, ძირითადად სულ ბალკანელი და ვლახი ბიჭებით ვაჭრობს. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც ჩაუქი გურჯები და ოსები ჩამოჰყავდათ კავკასიიდან. ახლა სულ სხვა დრო და სულ სხვა მოთხოვნილებებია. შენ ფულის შოვნა მოინდომე და ფეხბურთელებით ვაჭრობა ისეთი სარფიანი საქმეა, სტამბოლის ბაზარში გაქექილი ვაჭარი არასოდეს დარჩება მშიერი...
ჯერ მზე გადასულიც კი არ იყო, როდესაც ონსურ ბეის თავზე თეთრწვერა და შავით მოსილი უცნაური კაცი წამოადგა. ონსურს შარბთის სმა და ქიშმიშის ჭამა მოეთავებინა და მტვრიან კაბის კალთას იბერტყავდა ფეხდაბუჟებული. ”გურჯები გყავს?” – ჰკითხა წვეროსანმა. ”გურჯები ვიღას უნდა? მაგათ ახლა ამ ბაზარში ვერც კი ნახავ. დაცოტავდნენო და მოსუქდნენო - ასე ამბობენ”. ”რეებსა ჩმახავ? მაშ გურჯები გასუქდნენ და გაზარმაცდნენ და ოსმალები გაჩაუქდით? მაგ სიტყვებისთვის კაი სარმას გამოგდებდი ჯანი რომ მომდევდეს, მაგრამ ამდენი წანწალით ისე ვარ დაძაბუნებული, ძლივსღა დავფამფალებ. მომიყვანე გურჯები და ვიხდი რამდენსაც მომთხოვ. ბევრს ნუღარ მალაპარაკებ” – გოროზად ჩაილაპარაკა წვეროსანმა და ონსურ ბეის დაუკითხავად ჩამოჯდა ონსურისავე რბილ ბალიშებზე.
“ალაჰსა ვფიცავ, სტამბოლის ბაზარში შოთა არველაძის მეტი ბოლოს სხვა გურჯი თუ შემენიშნოს. ეგ შოთა ბედს ეწია, კარგ ბეისთან მოხვდა და მწვრთნელობასაც ახლაფორთებს. კიდევ გვყავს ერთი, ვინმე ზურ-ხიზან-მირზა. მაგაზე ამბობენ თავის დროზე ბრიტანეთის მიწაზეც უგორავებია ბურთიო, მაგრამ ერთი-ორჯერ მე მაგის თამაშს ვუყურე და ნაბრიტანელობის დიდი ვერაფერი დავუნახე. მოკლედ ვერაფრით დაგეხმარებით ჩემო ბატონო. შემიძლია აგერ კარგი მონტენეგროელი და მაკედონიელი ბიჭები შემგთავაზო სულ იაფად. გაწვრთნით, მიუჩენთ კარგ მწვრთნელს და სულ მალე შედეგსაც მიიღებთ. რად გინდა ეს უბედური გურჯები, მაგათში სახეირო მაინც არაფერია” – თქვა ონსურ ბეიმ და წვერიან უცნობს გვერდით მიუჯდა.
“ის მაინც მითხარი რა გქვია და ვინ ხარ უცნობო კაცო” – ჰკითხა ონსურმა. “საბა მქვია, მეც გურჯი ვარ და ვეძებ ჩემსავით გურჯ ბიჭებს სამშობლოში რომ დავაბრუნო”. “სამშობლოში რატომ უნდა დააბრუნო? აკი თქვენი ჩემპიონატი ვერაა იმ დონის, ალაჰს რომ გაუხარდება.” “თქვენთან და სლავთა მიწაზე ბურთის გორებას, ისევ ჩვენსას აგორონ ბურთი - ჯობია”.
“არ გეზარება მაინც ასე უაზროდ სიარული და არაფრის გამო წვალება?”.
“ნეტა მართლა გამომივიდოდეს რამე და წვალებას ვინ ჩივის...” – ამოიოხრა გურჯმა, ბებრულად წამოიზლაზნა, აიღო თავისი ჯოხი, თავის დაკვრით დაემშვიდობა ონსურ ბეის და ნელა გაუყვა სტამბოლის ბაზრის ვიწრო ბილიკს. საღამოვდებოდა.
P.S. ბოლო დროს საქართველოში თურქული სერიალების დიდი ბუმია. ჰოდა, ეს ჩემი კნეინაც ჩაითრიეს მეზობლებმა და ნაცნობ-ახლობლებმა და მაშინ, როდესაც ტელევიზორში ფეხბურთის გორება და ერთი ამბავია, ეს ჩემი ცოლი ზის ტელევიზორთან და მავანი ოსმანების, ხათუნების, ფატიმებისა და მათთა მსგავსთა ლაყაფს უყურებს და უსმენს, უყურებს და უსმენს... ჰოდა, წავაკითხებ ამ ტექსტს და გამოოსმალება როგორ უნდა, ვაჩვენებ მე მაგას...…









