ინტერვიუები

10:38 | 28.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

სტეფანო მაური: "პრანდელიმ ჩემი ირწმუნა და იმედს არ გავუცრუებ"

იტალიის სერია A-ში 8 ტური მიილია და ყველასთვის მოულოდნელად, გათამაშების ცხრილს სათავეში რომაული “ლაციო” უდგას. ეს მით უფრო გასაკვირია, დედაქალაქელთა შარშანდელი უკიდურესად წარუმატებელი გამოსვლის ფონზე. ცხადია, “ლაციალეს” ესოდენ კარგი შედეგი (6 მოგება, თითო ფრე და წაგება) შემთხვევითი არაა და სპეციალისტები შეთანხმდნენ, გუნდის აღმასვლა გუნდის მთავარი მწვრთნელის ედუარდო რეიას დამსახურებაა. მან გუნდი 2010 წლის თებერვალს ჩაიბარა. იმხანად “ლაციო” სერია B-ში დაქვეითების უმთავრეს კანდიდატად ითვლებოდა, მაგრამ რეიას დამრიგებლობით რომაელებმა რამდენიმე პრინციპული შეხვედრა მოიგეს და გათამაშების ცხრილში საბოლოოდ მე-12 პოზიციაზე დამკვიდრდნენ. “ცისფრების” აღმასვლა შემოდგომის დასაწყისიდანაც გაგრძელდა, რაც უპირველესად რეიასა და ფეხბურთელების საქმიანი ურთიერთობითაა გამოწვეული. ედუარდოსა და მოთამაშეებს ერთმანეთთან მუშაობა სიამოვნებთ, კოლექტივიც მეგობრული შეიკრა და სასურველი შედეგიც სახეზეა.
გუნდის დარად, საგრძნობლად გამოკეთდა ცალკეულ ფეხბურთელთა თამაშიც. თუკი ადრე “ლაციოს” ჰავბეკი სტეფანო მაური სტაბილური ასპარეზობით ვერ დაიკვეხნიდა, მიმდინარე სეზონის სტარტიდან მაყურებელმა “სხვა” მოთამაშე იხილა. 7 საჩემპიონატო მატჩში ითამაშა მაურიმ და მის ანგარიშზე 3 გოლი და 6 შედეგიანი გადაცემაა. სტეფანოს წარმატებული თამაში არც “სკუადრა აძურას” ახალ დამრიგებელს ჩეზარე პრანდელის გამოეპარა და “ლაციოს” კაპიტანს ევრო2012-ის ბოლო 2 შესარჩევ მატჩში უხმო. მაური მიღწეულს არ კმაყოფილდება და როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე შემდგომშიც მაღალ დონეზე გამოსვლად ჰპირდება გულშემატკივარს.
- სტეფანო, ელოდით “ლაციოს” და პირადად თქვენ მიმდინარე სეზონში ასეთი წარმატებული სტარტი რომ გექნებოდათ? გუნდის შარშანდელი გამოსვლის ფონზე ამას “ცისფრების” თავგადაკლული ქომაგებიც არ ფიქრობდნენ...
- ძალიან მახარებს როგორც გუნდის, ასევე პირადი წარმატება. წინა სეზონი მართლაც კატასტროფული გამოგვივიდა. განსაკუთრებით მისი დასაწყისი ჩავაგდეთ, რითაც გულშემატკივართა სავსებით სამართლიანი გულისწყრომა დავიმსახურეთ. გასული სექტემბრიდან მოყოლებული კი ფანებსაც ვახარებთ და თავადაც დიდ სიამოვნებას ვიღებთ თამაშისგან.
- გულახდილად გვიპასუხეთ, სკუდეტოს მოგების იმედი ნამდვილად გაქვთ?
- მოდით მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. ჩვენ ცდასა და მონდომებას არ დავაკლებთ, მაისის ბოლოს კი გამოჩნდება, რას მოგვიტანს მიმდინარე სეზონი.
- თქვენი აზრით, რამ გამოიწვია გუნდის თამაშის ესოდენ სასიკეთო მეტამორფოზა? “ლაციო” ხომ პრაქტიკულად უცვლელი, შარშანდელი შემადგენლობით ასპარეზობს...
- ჩვენმა მთავარმა მწვრთნელმა ედუარდო რეიამ წინასასეზონოდ დიდი სამუშაო გასწია. მან ბიჭები ერთ მუშტად შეგვკვრა. “ლაციოში” 2006 წლიდან გამოვდივარ და ასეთი შეკავშირებული, მეგობრული კოლექტივი აქამდე არ გვყავდა. ეს წარმატებული თამაშის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
- ასეთ ვითარებაში გუნდის კაპიტნობაც, ალბათ, სასიამოვნოა...
- ძალიან. მართალია, მთელი ჩემპიონატის ესოდენ მაღალ დონეზე ჩატარება არ მოხერხდება და რომელიღაც პერიოდში მცირე ჩავარდნასაც ველოდებით, მაგრამ გულშემატკივრებს პირობას ვაძლევ, რომ შედარებით წარუმატებლად ნათამაშები მატჩები მხოლოდ ეპიზოდური ხასიათისა იქნება. ასე რომ, მოწინააღმდეგეებს ვურჩევ, სერიოზულად მოეკიდონ “ლაციოს” ამბიციას. უშუალოდ მე რაც შემეხება, მტკიცედ გადავწყვიტე, საფეხბურთო კარიერის ბოლომდე რომში დავრჩე. 30 წლის ვარ და კიდევ 4-5 წელი “ლაციოს” სამსახურში ყოფნას ვაპირებ.
- წინა წელთან შედარებით, თქვენი თამაში გაცილებით უკეთესი გახდა. რის ხარჯზე მოახერხეთ ეს?
- როგორც იტყვიან, “საკუთარი თამაში დავიჭირე”. ამან მეტი თავდაჯერებულობა შემძინა. ეს ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგიერთი მატჩის მსვლელობისას ოპტიმალურ ფორმაში არ ვარ და სწორედ ასეთ დროსაა საჭირო საკუთარი ძალისადმი რწმენა. ეს გარკვეულ ნიშნულზე ქვემოთ დაშვების უფლებას არ გაძლევს.
- თქვენი გათვლით, კიდევ რამდენ ხანს გასტანს “ლა¬ციოსა” და სტეფანო მაურის აღმასვლა?
- ამაზე ყოველმა ჩვენთაგანმა ნაკლებად უნდა იფიქროს და შედეგიც თავისთავად მოვა. ჩვენი საქმე მონდომებით ვარჯიში და თამაშია. გულშემატკივარს კი ბოლომდე ერთგულებას ვთხოვ. მათ ვარწმუნებ, რომ ყოველგვარი წუწუნის და სიზარმაცის გარეში ყოველკვირეულად ვიშრომებთ, კვირის ბოლოს კი მინდორზე მხოლოდ და მხოლოდ მოსაგებად გავალთ. დიდი მნიშვნელობა ენიჭება თავმდაბლობასაც. თუკი მოთამაშეს “ვარსკვლავური ავადმყოფობის” ბაცილა შეეპარა, მისი საფეხბურთო საქმე დასრულებულია.
- სტეფანო, 2007 წლიდან მოყოლებული “სკუადრა აძურას” მწვრთნელები არ გწყალობდნენ და იტალიის ნაკრებში აღარ გიწვევდნენ. ბოლო ხანს მდგომარეობა შეიცვალა და ჩეზარე პრანდელიმ ჩრდილოეთ ირლანდიასა და სერბეთთან ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრებისთვის გიხმოთ. როგორ გგონიათ, იმსახურებთ ეროვნულ გუნდში თამაშს?
- ნებისმიერი იტალიელი ფეხბურთელის ოცნება სანაკრებო დონეზე გამოსვლაა და მეც არაფერს დავიშურებ საიმისად, “სკუადრა აძურას” დამრიგებელთა ყურადღება რეგულარულად რომ მივიქციო. საკუთარი თავის ყოველთვის მწამდა, მაშინაც კი, როცა ნაკრების მწრთნელები “ზედაც არ მიყურებდნენ”. სწორედ ამ რწმენამ გადამატანინა რთული პერიოდი. თავისი სიტყვა “ლაციოს” წარმატებულმა სტარტმაც თქვა. დარწმუნებული ვარ, ნაკრებისთვის სარგებლობის მოტანა შემიძლია. როცა ნაკრებში მიხმობენ, შეკრებაზე ფრთაშესხმული მივიჩქარი. ახლაც ასეა.
- ჩეზარე პრანდელით კმაყოფილი ხართ?
- მინდვრის შუაგულში თამაში მიყვარს. მეტნაკლები წარმატებით ფლანგზეც ვასპარეზობ და უკანდახეული ფორვარდის პოზიციაზეც. ნაკრებში პოზიციას არ ვირჩევ, რომელ ამპლუაშიც მომთხოვს თამაშს მთავარი მწვრთნელი, ყაბულს ვიქნები. სინიორ ჩეზარემ ჩემი ძლიერი მხარეები კარგად იცის, მე კი მხოლოდ სამადლობელი სიტყვები უნდა ვთქვა მისი მისამართით. პრანდელიმ ჩემი ირწმუნა და იმედს არ გავუცრუებ.

 

გოჩა კაჭარავა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089174