გასულ შაბათს ინგლისის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა “ლივერპულმა” მიმდინარე პრემიერლიგაში პირველი მოგება ჩაიწერა საკუთარ აქტივში. “ნორვიჩს” გოლი გუნდის 32 წლის კაპიტანმა სტივენ ჯერარდმაც გაუტანა, რომელსაც ინტერვიუ Sunday Times-მა ჩამოართვა.
- უპირველესად ლუის სუარესზე გკითხავთ, ურუგვაელი ფორვარდი “ლივერპულის” ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთი და იგივე მეტოქესთან ტამაშის დროს ზედიზედ 2 საგარეო შეხვედრაში ჰეთ თრიკის შესრულება მოახერხა...
- ლუისმა წლეულსაც და შარშანაც ნორვიჩში ფანტასტიკურად იასპარეზა. სუარესის სნაიპერულ თვისებებს მეტად სასიკეთო ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ჩვენი გუნდის გამოსვლაზე, რაც მან ამჯერადაც თვალნათლივ ყველას კიდევ ერთხელ დაუმტკიცა. მან სამჯერ გამოიჩინა თავი, თუმცა, ვინც კი მატჩს უცქირა დამეთანხმება, ლუისს კიდევ 2-3 გოლის გატანა რომ შეეძლო. ნორვიჩელმა მცველებმა ეს მხოლოდ წესების დარღვევით აღკვეთეს, მსაჯს კი ამ ჯარიმებზე სათანადო რეაგირება არ მოუხდენია – წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მეტოქის კარის მიმართულებით პენალტები უნდა დაენიშნა.
- ნორვიჩის შეხვედრამდე “ლივერპულის” რიგებიდან საპრემიერლიგო გოლები ანგარიშზე მხოლოდ 3 ფეხბურთელს გქონდათ ჩაწერილი. გასულ მატჩში ნური შაჰინიც დაგემატათ. ამასთან მიმდინარე პრემიერლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმეთ. რამდენად გაგიზრდით მოტივაციას ეს წარმატება?
- ლამაზი და მეტად საჭირო მოგებას მივაღწიეთ. მთელი მატჩის განმავლობაში ლამაზად ვთამაშობდით, ვდომინირებდით და ოსტატური გოლებიც გავიტანეთ. ყველაზე მთავარი ისაა კი, რომ წინა ტურებში უიღბლოდ ჩატარებული შეხვედრებმა ფსიქოლოგიურად არ გაგვტეხა და თავიდანვე ლაღად შევუტიეთ მოწინააღმდეგეს. ლუის სუარესის მიერ სასტარტო წუთებზე გატანილმა გოლმა კი ფრთები შეგვასხა და საბოლოოდ დამაჯერებელი სხვაობით ვიმარჯვეთ.
- წინა ტურში, “ენფილდზე” თქვენი გოლით “მანჩესტერ იუნაიტედს” უგებდით, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდით. პრინციპულ მეტოქესთან მარცხის შემდეგ ფსიქოლოგიური დამაჯერებლობის მიღწევა რთული არ იყო?
- პირიქით, მოტივაცია მოგვემატა. “მანჩესტერთან” უქულოდ დარჩენას არ ვიმსახურებდით. ბიჭები ერთმანეთს დაველაპარაკეთ და ყველანი ერთ აზრზე დავრჩით – “ლივერპულს” ქულების აღება უნდა დაეწყო. ჩვენი დამრიგებელი ბრენდან როჯერსი მაღალი ტემპით თამაშს გვავალებს, გვთხოვს ერთმანეთს გადაცემა არ დავუყოვნოდ და მწვრთნელის დავალებებს ვასრულებთ.
- ნორვიჩში შეხვედრის დროს საპრემიერლიგო მატჩების დროს სასტარტო შემადგენლობაში დებიუტი “ლივერპულის” საფეხბურთო სკოლის აღზრდილებს სუსო ფერნანდესსა და ანდრე უისდომს...
- როჯერსი ახალგაზრდა მოთამაშეებს თავის გამოჩენის შანსს აძლევს. ჩვენი აკადემია აქამდეც ყოველთვის კარგად მუშაობდა მაღალი კლასის ფეხბურთელებს ზრდიდა, მაგრამ როჯერსამდე არც ერთი მწვრთნელი მათ ძირითა შემადგენლობაში თამამად არ ანდობდა ადგილს. მისტერ ბრენდანმა კი მოსვლის პირველსავე დღეს მათ უთხრა, ვარჯიშის დროს თავი გამოიჩინეთ, ბევრი იშრომეთ და საკუთარი შესაძლებლობების ჩვენების საშუალებას აუცილებლად მოგცემთო. ამჟამად ჩვენ გუნდში გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების კარგი შეხამებაა და თამამად შემიძლია განვაცხადო, “ლივერპულის” ახალი თაობის მოთამაშეები სწორ გზაზე დგანან.
- მიმდინარე სეზონში “ლივერპული” რა ამოცანის გადაჭრას ისახავს?
- “მანჩესტერი”, “სიტი”, “არსენალი” და “ჩელსი” გამოკვეთილი ფავორიტები არიან. მათ ღირსეულ კონკურენციას გაუწევენ “ტოტენჰემი” და “ნიუკასლი”. როგორც ხედავთ, რთულ მდგომარეობაში ვართ ჩავარდნილი, თუმცა, ისე ნუ გამიგებთ, თითქოს “ლივერპულს” მოწინავე ოთხეულში მოხვედრის იმედი გადაწურული ჰქონდეს. ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსს 50-50-ზე შევაფასებდი. მომავალ წელს 33-ისა შევსრულდები. ძალიან არ მსურს კარიერის ისე დასრულება, რომ ინგლისის ჩემპიონის ტიტული ვერ მოვიპოვო, თუმცა, პირველობის დაუფლების პერსპექტივა ჯერჯერობით მეტად ბუნდოვანია. “ლივერპულმა” ბოლოჯერ ინგლისის ჩემპიონატი 1990 წელს მოიგო და აგერ უკვე 22 წელია ჩვენი ქომაგები მოთმინებით ელიან ახალ გამარჯვებას...
- ხანგრძლივი საფეხბურთო კარიერის ყველაზე მნიშვნელოვნად რომელი შეხვედრა მიგაჩნიათ?
- ასეთი რამდენიმე მატჩი იყო, განსაკუთრებული კი მაინც ჩემპიონთა ლიგის ფინალში “მილანის” დამარცხებაა. მაშინ 24 წლისა გახლდით, მაგრამ უკვე “ლივერპულის” კაპიტნის სამკლავურს ვატარებდი. 2001 წლის მაისში ესპანურ “ალავესს” უეფას თასის დრამატულ ფინალში 5:4 მოვუგეთ და დიდხნიანი პაუზის შემდეგ ”ლივერპული” ერთ-ერთი ევროთასის მფლობელი გახდა. ასევე არასდროს დამავიწყდება, “როსონერის” წინააღმდეგ ჩატარებული კიდევ ერთი საჩემპიონთალიგო ფინალი. ოღონდ, არაა გასაკვირი, მისი დასრულების შემდეგ საპირისპირო ხასიათზე რომ ვიყავი.
გოჩა კაჭარავა









