საგოლე მომენტების სიმწირე, ბრძოლა ცენტრში, თითზე ჩამოსათვლელი კარში დარტყმა – ასეთი გამოდგა მცხეთაში გამართული მატჩი, რომლის გმირი ცხინვალის "სპარტაკის" კაპიტანი თემურ შონია გახდა. შონიამ ბოლო 89-ე წუთზე გაიტანა გადამწყვეტი გოლი, თანაც, ლამაზი გოლი.
"სპარტაკმა" ბოლო 2 ტურში 6 ქულა აიღო, ანუ უფრო მეტი, ვიდრე წინა 10 ტურში. კახა კაჭარავამ გუნდს პროგრესი აშკარად დაატყო და ეს მარტო შედეგს კი არა, თამაშს ხარისხსაც მშვენივრად ეტყობა. "სპარტაკი" უფრო მოძრავი და თავდაჯერებული გახდა. აი, "მერანმა" კი ზედიზედ მეექვსე თამაში წააგო და ფაქტია, მალხაზ ჟვანიას წასვლა გუნდს ძალიან დაეტყო: ეს მოსალოდნელიც გახლდათ, რადგან ჟვანია "მერანს" რამდენიმე წლის განმავლობაში თავკაცობდა და ფაქტობრივად, მისი შექმნილი გუნდი იყო.
... ტემპს დიდად ვერ დაიწუნებდი, მაგრამ თამაში თითქმის სულ მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა და იშვიათად, რომ შემტევებს რაიმე განსაკუთრებული შეექმნათ. 90 წუთის განმავლობაში ასეთი თამაში იყო, აი, საწყის ნახევარ საათში კი ერთხელაც არ გვინახავს არათუ კარში, არამედ კარისკენ დარტყმაც კი (!). პირველი ხიფათი "სპარტაკმა" შექმნა, როცა გიორგი თექთურმანიძემ ითამაშა კარგად, მარცხნიდან მეკარის ბაქანთან გააკეთა პასი და იქ ვერავინ მიუსწრო ბურთს.
ტაიმის ბოლო წუთებში "სპარტაკი" ფლობდა უპირატესობას და ერთხელ ლაშა ჩაფიძემაც ოდნავ ააცილა, ხოლო "მერანმა" პირველად 43-ე წუთზე დაარტყა კარში: გიორგი ნადირაძე იოლად გაუმკლავდა ირაკლი ქათამაძის დარტყმულს.
მეორე ნახევრის პირველ წუთებში "მერანი" მწვავედ თამაშობდა და ჯერ ლევან გეგეჭკორს, მერე კი ლაშა კუჭუხიძეს აუცდათ თავურები. შემდეგ თამაში გათანაბრდა, ისევ ცენტრში ბრძოლა და წვრილ-წვრილი ჯარიმები ვნახეთ, რის გამოც თამაში ხშირად ჩერდებოდა.
მე-60 წუთზე "მერანის" მეკარე ჯონი შეროზიამ გადაარჩინა თავისიანები: ლევან ქურდაძე ახლოდან ურტყამდა თავით და შეროზიამ მართლაც სასწაულებრივი რეაქციით გადააგდო ბურთი კუთხურზე.
მეტი საგოლე მომენტი არ შექმნილა. ყველაფერი უგოლო ფრისკენ მიდიოდა, ოღონდ, "სპარტაკი" უფრო ჩქარობდა და ბოლოს გოლს ეწია: კაპიტანმა თემურ შონიამ შორიდან, 22-25 მეტრიდან უძლიერესი დარტყმით გაიტანა და გამარჯვება მოუტანა თავის გუნდს.
მატჩის შემდეგ:
კახა ჩხეტიანი: რომ გითხრათ, თამაშის ხარისხით ძალიან უკმაყოფილო ვარ-მეთქი, არ ვიქნები მართალი. სამწუხაროდ, ბოლოს კონცენტრაცია დაკარგეს ბიჭებმა და გოლიც გავუშვით. ცოტა არ იყოს, ამდენმა მარცხმა რწმენა დაუკარგა გუნდს, მაგრამ ყველანაირად ვეცდებით, რომ დაკარგული აღმოვფხრათ. ბევრი სამუშაო გველის. აკაკი შულაიას ტრავმას რაც შეეხება, საზარდულის პრობლემაა. ჯერ არ ვიცით, როდის დაგვიბრუნდება. იმედია, მალე".
კახა კაჭარავა: "ალბათ, ფრე უფრო ლოგიკური შედეგი იქებოდა, თუმცა საბედნიეროდ, ბოლოს გავიტანეთ და ზედიზედ მეორე მატჩი მოვიგეთ. რა შევცვალე გუნდში? განსაკუთრებული არაფერი. უფრო, მოტივაციაზე ვიმუშავე. ფსიქოლოგიური კუთხით სჭირდებოდა გუნდს გამხნევება".
თემურ შონია: "მოხარული ვარ, რომ მოვიგეთ. ბიჭებს მადლობა თავდადებისთვის, საკმაოდ კარგ გუნდს მოვუგეთ და იმედია, უფრო წინ წავიწევთ".
9.11.2013. 14:00. მცხეთა. "მცხეთა პარკი". 80 მაყურებელი
სპარტაკი (ცხინვალი) – მერანი (მარტვილი) 1:0(0:0)
სპარტაკი: ნადირაძე, ჭაფოძე, მგელაძე, ქურდაძე, მეგრელიშვილი, კაკაშვილი, შონია, ჩაფიძე, თუხარელი (კემუხტაშვილი 55), თექთურმანიძე (ფანცხავა 88), მეტრეველი.
მწვრთნელი: კახა კაჭარავა.
მერანი: შეროზია, გეგეჭკორი, ქარქუზაშვილი, გაბუნია, მელიავა, კერძევაძე, ბაბუნაშვილი (ხუბუა 88), ფონიავა, ქათამაძე (ციკოლია 75), მელქაძე, კუჭუხიძე.
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი.
გოლი: 1:0 შონია (89).
გაფრთხილება: კაკაშვილი (28), კერძევაძე (73), გაბუნია (90+2).
მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი.
დილა (გორი) – სიონი (ბოლნისი) 0:2 (0:1)
9 ნოემბერი. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.”
გოლები: 0:1 თოთაძე (2), 0:2 განუგრავა (91)
მე-18 წუთზე მოდებაძემ პენალტი ვერ გამოიყენა
მეტალურგი (რუსთავი) – ტორპედო (ქუთაისი) 2:1 (0:0)
გოლები: 1:0 რევაზ გეწაძე (47), 2:0 გიორგი ბერიაშვილი (55), 2:1 მამია გავაშელიშვილი (77)
ჩიხურა (საჩხერე) – ზუგდიდი
10 ნოემბერი. ქუთაისი. ცენტრალური. 14:00
დისკვალიფიცირებული: გიორგი პაჭკორია (“ზუგდიდი”)
მსაჯები: ბ. ნინუა, ზ. ფიფია, ლ. ვარამიშვილი, თ. ხუჭუა (სათადარიგო)
პირველ წრეში – 3:1
გურია (ლანჩხუთი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი)
10 ნოემბერი. ქობულეთი. “ჩელე არენა.” 14:00
დისკვალიფიცირებულები: გურამ ადამაძე, გურამ მჭედლიშვილი (ორივე “ვიტ ჯორჯია”)
მსაჯები: ლ. კვარაცხელია, ზ. ბერულავა, ზვ. ერქვანია, ჯ. ხორავა (სათადარიგო)
პირველ წრეში – 0:3
ზესტაფონი – დინამო (თბილისი)
10 ნოემბერი. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე.” 18:00
დისკვალიფიცირებული: თევდორე გრიგალაშვილი (“ზესტაფონი”)
მსაჯები: ა. ბასლეჰლო, ზ. მენთეშაშვილი, დ. ჩიგოგოძე, ა. კრიჭაშვილი, ა. ნონიკაშვილი, მ. ბეუქლიშვილი (სათადარიგო)
პირველ წრეში – 1:2
| 1 | დინამო | 11 | 8 | 2 | 1 | 27:9 | 26 |
| 2 | ჩიხურა | 11 | 7 | 1 | 3 | 25:19 | 22 |
| 3 | მეტალურგი | 12 | 6 | 3 | 3 | 18:16 | 21 |
| 4 | ტორპედო | 12 | 5 | 4 | 3 | 17:11 | 19 |
| 5 | გურია | 11 | 6 | 0 | 5 | 11:14 | 18 |
| 6 | დილა | 12 | 5 | 3 | 4 | 16:12 | 18 |
| 7 | ზესტაფონი | 11 | 4 | 3 | 4 | 12:8 | 15 |
| 8 | სიონი | 12 | 3 | 4 | 5 | 12:15 | 13 |
| 9 | მერანი | 12 | 4 | 0 | 8 | 12:26 | 12 |
| 10 | ვიტ ჯორჯია | 11 | 3 | 3 | 5 | 15:17 | 12 |
| 11 | სპარტაკი | 12 | 3 | 1 | 8 | 9:16 | 10 |
| 12 | ზუგდიდი | 11 | 1 | 4 | 6 | 5:16 | 7 |
მეგოლეები:
9 - ირაკლი მოდებაძე (2, “დილა”)
8 – დიმიტრი ტატანაშვილი (2 პენ, “ჩიხურა”)
6 – დორინ გოგა (“დინამო”)
5 - თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”)
4 – ჩისკო, ჯაბა დვალი (ორივე -“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (ორივე -“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (ორივე - “ვიტ ჯორჯია”), გრიგოლ დოლიძე (“დილა”), ვილი ისიანი (“გურია”),
3 – ლადო ახალაია, ლაშა თოთაძე (ორივე - “სიონი”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (ორივე - “მეტალურგი”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), ჯამბულ ჯიღაური, გიორგი გაბედავა (ორივე - “ჩიხურა”)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
სსს-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა







