როგორი უნდა იყოს ფეხბურთელი, რომ მუდმივად არასპორტული, ყვითელი პრესის ფურცლებზე გამოიჭიმოს? უპირველესად, რა თქმა უნდა, წარმატებული, თუმცა, მხოლოდ წარმატებულობა და საფეხბურთო მოედნებზე ოფლის დაუზარელად ღვრა, ვერანაირად ვერ იქნება ფეხბურთელის “გაყვითლების” მიზეზი.
აგერ, ავიღოთ თუნდაც ლეო მესი. განა ვინმე დაუწუნებს ჩია არგენტინელს გარჯას, ტალანტსა და მონდომებას? მაგრამ ევროპელ ტაბლოიდებს რესპოდენტი მესი მაინცა და მაინც არ მოსწონთ, რადგან ლეო სრულიად არასკანდალური, წყნარი და ოდენ ფეხბურთზე მოსაუბრე ყმაწვილკაცია. მესის ვერ ნახავთ სტრიპტიზ-კლუბში ლამაზი გოგონების ცქერით თვალებამღვრეულს და ყველას თვალწინ თავის საცოლესთან ტუჩთა შეწებებასაც ერიდება. ლათინოამერიკელი მეფუტკრესავით წყნარ, უხმაურო ცხოვრებას არჩევს და მისგან აბა რა სახეირო სკანდალი შეიძლება გამოწუროს პაპარაცმა და ტაბლოიდმა? ამიტომ, როდესაც მსოფლიოს ან ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად ცერემონიები იმართება ხოლმე, ასეთი ღონისძიებებისადმი ყვითელი პრესის მესვეურებს ფეხბურთის გულშემატკივრებზე და სპორტულ ჟურნალისტებზე არანაკლები ინტერესი აქვთ, მაგრამ ისინი მუდამ ისეთ ფეხბურთელებს გულშემატკივრობენ, რომლებიც მუდმივი სკანდალებით არიან გარემოსულნი და მათი ცხოვრების დეტალები, ხშირად საფეხბურთო კარიერასაც კი ჩრდილავს.
როდესაც “ფრანს ფუტბოლმა”, ან უეფამ, საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად, არჩევანი, ვთქვათ მესის, რონალდუსა და ჯერარდს შორის უნდა გააკეთოს, ამ დროს, ყვითელი გაზეთების მესვეურთა სრული უმრავლესობა, რა თქმა უნდა, ჯერარდს გულშემატკივრობს, რადგან ჯერარდი, თავის სამხრეთელი კოლეგებისაგან განსხვავებით, კარგი მოსაუბრეცაა, საკმაოდ სკანდალური იმიჯიც აქვს და ქალაქურად რომ ვთქვათ, “კარგი დამრტყმელი და პურსიმჭამელი კაცია”. ჯერარდს, რა თქმა უნდა, ფეხბურთის თამაშიც მშვენივრად გამოსდის, მაგრამ მოედნისმიღმა ცხოვრება ის საკითხია, რომლის გამოისობით, მინავლებული ვარსკვლავი - დევიდ ბექჰემი მაინც ყველას ახსოვს და მისი ზორბა პოსტერები კვლავაც საკმაოდ იყიდება.
თქმა არ უნდა - ყველაფერი მაინც გემოვნების საკითხამდე დადის. ზოგს კრისტიან კარამბე მოსწონდა და ზოგს მისი ცოლი, ზოგს აგერო უყვარს და ზოგს მისი სიმამრი, მაგრამ საკმარისია თუნდაც საშუალო დონის ფეხბურთელმა ერთხელ მაინც ჩაიდინოს ან თქვას არაორდინალური რამ და დამთავრდა - მისი მომავალი ცხოვრება ყვითელ პრესას სამუდამოდ დაუკავშირდება და ძალიანაც რომ მოინდომოს, “გამამაძაღლებულ” პაპარაცებს ვერასოდეს ჩამოიშორებს.
ტაბლოიდებს ნაკლებად აინტერესებთ “ჯუზეპე მეაცაზე” ან “მარაკანაზე” კარგად მოთამაშე ადრიანო, მაგრამ აბა რომელი ყვითელი ჟურნალის რედაქტორი დაინანებს პაპარაცისთვის ფულს ფოტოებში, რომელზედაც უგონოდ მთვრალი, იტალიური გრაპას ბოთლთან ჩახუტებული, ღიპდადებული ადრიანოა გამოსახული... ჰოდა, ეს ჩვენი ადრიანო არ არი - როდესაც ნაბახუსევი გაიღვიძებს, საწოლიდან ძლივს წამოიზლაზნება და თავის წინაღამის “გმირობებთან” და მტანჯველ ფიქრებთან მარტო დარჩება, ისღა დარჩენია, ჟურნალისტებთან აღიაროს, რომ მასში, კარგ ფეხბურთელთან ერთად, ფარული ტოლუმბაშიც იმალება. აღიარებს და, ლოთის იარლიყს ვერასოდეს მოიშორებს. არადა, როგორ გინდა არ აღიარო?
ფეხბურთელების მოედანსმიღმა ცხოვრება ყოველთვის დიდი ინტერესის საგანი იქნება, სანამ არსებობს ფეხბურთი, არსებობს ყვითელი პრესა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არსებობს ყვითელი პრესის მკითხველი.
ადამიანური ბუნების ერთ-ერთი მთავარი სისუსტე პატივმოყვარეობაა და ფეხბურთელებისათვის, არც ხელოვნურად, ანუ მათსავე მიერ შექმნილი სკანდალია უცხო. თუკი მინდორზე კაცი თავს არ ზოგავს, მაგრამ მისი ინტერვიუები მაინც გაზეთების ბოლო გვერდებზე იბეჭდება და ამ კაცს პატივმოყვარეობის ჭია გულ-ჯიგარს უღრღნის, ერთ მშვენიერ დღესაც, შეიძლება გაზეთი გადაშალოთ და გაიგოთ, რომ ეს ერთი შეხედვით უპრეტენზიო კაცი, ქალაქის ცენტრში შიშველ-ტიტველი დარბოდა.
შეიძლება ვიფიქროთ, რომ ყურადღების მისაპყრობად მსგავსი რამის გაკეთება წარმატებულ ფეხბურთელებს არასოდეს დასჭირდებათ, მაგრამ თუ კარგად დაჰკვირვებიხართ დაბერებულ, ყავლგასულ და ყველასგან მივიწყებულ მომღერლებს, მოდელებსა თუ მსახიობებს და შეგიმჩნევიათ, ყურადღების ცენტრიდან გაქრობას როგორ განიცდიან, მარტივ დასკვნამდე მივალთ... უბერებელი ვარსკვლავი არ არსებობს! მივიწყებულ კაცს კი, ბევრი რამ ეპატიება...
ლევან სეფისკვერაძე









