“მსოფლიო სპორტი” “შსს აკადემიას” ორ ახალწვეულს, გამთამაშებელ-მსროლელ ჯასტინ ტაბსსა და გამთამაშებელ ენტონი მუდის საქართველოსა და თანაგუნდელების შესახებ გაესაუბრა:
- რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში ჩამოსვლა?
ჯასტინ ტაბსი: ჩვენი გუნდის სპორტულმა დირექტორმა ლევან მიქაბერიძემ მითხრა, რომ “შსს აკადემიაში” თამაში ჩემს კარიერას წაადგებოდა. დავუჯერე და ჩამოვედი.
ენტონი მუდი: მე კალათბურთის თამაშის სურვილმა ჩამომიყვანა.
- რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე საქართველომ?
ჯასტინ ტაბსი: მინდა გითხრათ, რომ თქვენს ქვეყანაში კალათბურთი საკმაოდ მაღალ დონეზეა.
ენტონი მუდი: მე ვიტყოდი, რომ ქართველები ძალიან სასიამოვნო ხალხი ხართ.
- თანაგუნდელებზე რას იტყვით? კალათბურთს მიღმაც ურთიერთობთ?
ჯასტინ ტაბსი: მიყვარს ჩემი თანაგუნდელები, რადგან ძალიან სტუმართმოყვარენი არიან და რაც მთავარია, პასების მოცემა უყვართ.
ენტონი მუდი: შესანიშნავი თანაგუნდელები გვყავს. ახალი ჩამოსულები ვართ, ქვეყანასაც და თანაგუნდელებსაც ახლა ვეცნობით, ამიტომ ჯერ დიდ დროს არ ვატარებთ ერთად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მომავალში ხშირი ურთიერთობა გვექნება.
- რა აზრის ხართ სუპერლიგაში მოასპარეზე კლუბებზე?
ჯასტინ ტაბსი: მიმაჩნია, რომ გამარჯვება ნებისმიერ გუნდს შეუძლია. “შსს აკადემია” ახალი დაკომპლექტებული კლუბია, რის გამოც ჯერ შეუთამაშებლები ვართ და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვერ ვაჩვენებთ. თუმცა, რამდენიმე მატჩი კიდევ გვაქვს ჩასატარებელი და იმედია, შევთამაშდებით.
ენტონი მუდი: სუპერლიგაში ბევრი თანაბარი სიძლიერის გუნდია, ამიტომ ყოველი გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია.
- ჩემპიონატის ფავორიტი “არმიაა”, რომელთანაც გუშინ მარცხი განიცადეთ. რას ფიქრობთ ამ კლუბზე და როგორ გგონიათ, მომავალში შეძლებთ მის დამარცხებას?
ჯასტინ ტაბსი: “არმია” ძლიერი და კარგი გუნდია, თუმცა დაუმარცხებელი არავინაა.
ენტონი მუდი: ჯასტინს დავეთანხმები და გეტყვით, რომ “არმია” მართლაც კარგი კლუბია, რადგან კარგი მწვრთნელიც ჰყავს და გუნდიც შეთამაშებულია, მაგრამ მისი დამარცხებაც შესაძლებელია.
- NBA-ში რომელ გუნდსა და კალათბურთელს გულშემატკივრობთ?
ჯასტინ ტაბსი: ჩემი საყვარელი მოთამაშე დუეინ უეიდია.
ენტონი მუდი: საყვარელი კლუბი არ მყავს. მოთამაშეს რაც შეეხება, ძველი კალათბურთელებიდან ალენ აივერსონს დავასახელებდი, ახლებიდან კი კევინ დურანტსა და რუდი გეის.
რუსუდან ჭუმბურიძე









