ცნობილი იტალიელი მწვრთნელი, ალბერტო მალეზანი ნატურალური ღვინის დიდი მოყვარული ყოფილა. მაშინ, როდესაც სენიორ ალბერტო იტალიურ ”ჯენოას” წვრთნიდა, ერთ გენუელ ნატურალური ღვინით მოვაჭრეს დაუმეგობრდა და მისი ეს ღვინოში ჩაბუჟბუჟებული ამბავიც გაგიკვირდებათ და სწორედ იმ იტალიელი ღვინით მოვაჭრისაგან ვიცი. უფრო ზუსტად კი, იმ ღვინით მოვაჭრის ქართველი მეგობრისგან, რომელმაც სხვა საინტერესო გენუური ამბებიც გამიმხილა.
იყო, არის და ღვთის შეწევნით, იმედია, კიდევ დიდხანს იქნება ერთი 60 წელს გადაცილებული გენუელი ღვინით მოვაჭრე, სიცოცხლით სავსე კაცი, სახელად ლუკა გარგანო. ლუკა გარგანო არის კაცი, რომელიც გამუდმებით ძიებაშია. დაეხეტება პლანეტაზე, ეძებს საინტერესო ქვეყნებსა და ადამიანებს და თუკი ამ საინტერესო ადამიანებსა და ქვეყნებს რაიმე გამორჩეული ნატურალური პროდუქტიც გააჩნიათ, აიღებს ამ პროდუქტებს, დატვირთავს გემზე, გაყიდის ევროპაში და ყველა კმაყოფილია. პროდუქტის გამყიდველიცა და მყიდველიც. ახლახან ქართული ღვინო მოეწონა სენიორ ლუკას და კიდეც ეწევა ჩვენი ნატურალური ღვინის პოპულარიზაციას. მოკლედ, ძალიან მაგარი კაცია ეს გარგანო. თუმცა, ალბათ ხვდებით, ახლა მხოლოდ ლუკა გარგანოს გზა-კვალზე რომ არ ვაპირებ ლაპარაკს...
ერთი პერიოდი, ლუკა ერთობ უცნაურ და საინტერესო ქვეყანას - ტაიტის ეწვია. რაღა ერთი პერიოდი... წლები იცხოვრა იქ და ადგილობრივი ენა ისე კარგად ისწავლა, რომ მარტო ”გამარჯობა, როგორ ხარ” და ”წამოდი ჩემსას, კაი ღვინო უნდა დაგალევინო” კი არა, ტაიტური შელოცვებიც კი ისწავლა. ჰოდა, ყველაზე დაუჯერებელი და უცნაური ისაა, რომ დღეს როდესაც საფეხბურთო კლუბიო ”ჯენოა” მეტოქესთან საშინაო არენაზე მარცხდება, სტადიონ ”ლუიჯი ფერარისზე” სწორედ ის ტაიტური შელოცვები ისმის, რომელიც ლუკა გარგანომ გენუელ ტიფოზებს ასწავლა.
როდესაც ლუკა გარგანომ და ალბერტო მალეზანიმ ერთმანეთი შემთხვევით გაიცნეს და დამეგობრდნენ, მაშინ ლუკას მთელი მსოფლიო კი ჰქონდა მოვლილი, მაგრამ ვერა და ვერ შეეყვარებინა ეს ფეხბურთი. სამაგიეროდ, ალბერტო მალეზანის დიდი ხათრი ჰქონდა და ”ჯენოას” ერთ საშინაო შეხვედრას მეგობრის ხათრით დაესწრო. (სხვათა შორის იმ გუნდში კახი კალაძეც თამაშობდა და შემდეგ ლუკა გარგანომ ქართველი მცველიც პირადად გაიცნო) ეს დღე იყო და ეს დღე... ამის შემდეგ, იტალიელი ნატურალური პროდუქტებით მოვაჭრე კაცი, ”ჯენოას” თავგადაკლული ქომაგი გახდა და თუკი გენუური კლუბის საშინაო მატჩის დროს სხვა ქვეყანაში არ იყო, არც ერთ შეხვედრას აღარ ტოვებდა და გულშემატკივრებშიც ხმაურიანი და საინტერესო კაცის სახელი დაიგდო.
ერთხელ, ”ჯენოა” საშინაო მატჩს ატარებდა (სამწუხაროდ მეტოქე კლუბის ვინაობა ვერ დავადგინეთ) და შინ 0:1 მარცხდებოდა არცთუ ისე ძლიერ მეტოქესთან. წარმოიდგინეთ, ”ლუიჯი ფერარისზე” არის ერთი გინება და ღრიანცელი. უცებ, სკამიდან წამოდგა ლუკა გარგანო, ხელები ზეაღმართა და მთელი ხმით მოჰყვა ტაიტური შელოცვების კითხვას თავისი ტანის რხევითა და შამანური რამე-რუმეებით. ”ჯენოას” ქომაგებს ჯერ დიდმა გაოცებამ გადაუარათ სახეზე, მაგრამ ლუკამ შელოცვა დაასრულა თუ არა, მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს და აი მაშინ დაიწყო რაც დაიწყო. ყველა ერთხმად ცდილობდა ტაიტური ლოცვის სრულიად წარმოუდგენელი სიტყვების განმეორებას. იმ თამაშის დროს, ლუკა გარგანოს უკანასკნელი შელოცვის შემდეგ კი, ”ჯენოამ” გამარჯვების გოლიც გაიტანა. ბედნიერებისაგან გაბრწყინებული, საწერი კალმებით და ფურცლებით შეიარაღებული გენუელი ტიფოზები ”უცნაურად მლოცველ კაცს” მიეახლნენ და ტექსტის ლათინური ასოებით გადაწერა სთხოვეს. ამის შემდეგ კი, როდესაც ”ჯენოა” მარცხდება, ”ლუიჯი ფერარისის” ტრიბუნებზე დღემდე ისმის ტაიტური ლოცვა, რომლის შინაარსიც რასაკვირველია რიგითმა იტალიელმა ტიფოზებმა არ იციან, მაგრამ მტკიცედ სჯერათ, რომ ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, ”ჯენოას” ნებისმიერი ძალის მეტოქის დამარცხება შეუძლია!
ლუკა გარგანო სულ მალე საქართველოში თავის ქართველ მეგობრებს ესტუმრება. მან რასაკვირველია არ იცის, მისი ”ტაიტური ლოცვის საიდუმლო” გენუელების გარდა ქართველებსაც რომ ვამცნე. ლუკას ქართველები ძალიან უყვარს და იმედია, ერთ კარგ შამანურ შელოცვას ესპანეთის ნაკრებთან თამაშის დროსაც წაიკითხავს. იქნებ ამან მაინც გვიშველოს!
ლევან სეფისკვერაძე









