დღეს, 22 ნოემბერს, საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში, პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ევროპისა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ დავით ხახალეიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, მინისტრ ლევან ყიფიანის მოადგილე თამაზ თევზაძე, ხახალეიშვილის მიერ დღევანდელ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადება უარყო: “ვადასტურებ, რომ ხახალეიშვილის მიერ ნახსენები შეხვედრა მართლაც შედგა, რადგან ამ შეხვედრას ოფიციალური სახე არ ჰქონია, მე ამ შეხვედრას არ დავსწრებივარ. მინისტრის დავალებით გადმოგცემთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ის განცხადებას გააკეთებს.
სამინისტროში ჩვენი მოსვლა ოლიმპიურ წელს დაემთხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, წლის ბოლოა და ფედერაციები არჩევნებს ატარებენ. რა თქმა უნდა, ამ არჩევნებში ჩვენ არ ვერევით. თუ რა მოხდება და როგორ განვითარდება მოვლენები ამა თუ იმ ფედერაციაში, ეს მათი გადასაწყვეტია. მათივე გადასაწყვეტია ნებისმიერი პრეზიდენტონის კანდიდატის მოხსნა და კანონით გათვალისწინებული სხვა საკითხები. სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენგან მოხსენი ან დანიშვნები არასოდეს ყოფილა. მხოლოდ ჩვენს მიზნობრივ პროგრამებს განვიხილავთ. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ჩვენ ყველა ფედერაციასთან ვთანამშრომლობთ და არავის საქმეში არ ვერევით”.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ პრესკონფერენციაზე დავით ხახალეიშვილმა განაცხადა: “საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა დამიბარა, ჩვენს შეხვედრას პარლამენტის წევრი ლერი ხაბელოვი და ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი მამუკა ხაბარელიც ესწრებოდნენ. მინისტრმა მითხრა, რომ პრეზიდენტობის საკითხი გადაწყვეტილია და თუ სურვილი გაქვს, ვიცეპრეზიდენტად დაგნიშნავთო. რა თქმა უნდა, ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები, რადგან მსურს, არჩევნები ობიექტურად ჩატარდეს და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის საკითხი ძიუდოს სამყარომ გადაწყვიტოს”.
სპორტში სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციაა:
- საზოგადოებისთვის პოლიტიკური, იურიდიული და სამართლებრივი მხარდაჭერა და მისი უზრუნველყოფა;
- სპორტული ინფრასტრუქტურის და სპორტული ინდუსტრიის ხელშეწყობა-განვითარება;
- სპორტის მასობრიობის და ხელმისაწვდომობის პირობების შექმნა;
- საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი მართვა და კონტროლის განხორციელება;
- ორგანიზაციულ-სტრუქტურული და მმართველობის დემოკრატიული პირობების შექმნა;
- სამინისტროს მთავარი გზავნილია, რომ ის აღიარებს და დაიცავს ოლიმპიური და სპორტული ორგანიზაციების ავტონომიას და კომპეტენციას სპორტის ორგანიზაციულ და მართვის საკითხებში და მოუწოდებს სპორტის სამყაროს, სრულად განახორციელოს იმ განხილული საკითხების რეკომენდაციები, რომლებიც მოცემულია მე-13 საერთაშორისო ოლიმპიური კონგრესისა (ოქტომბერი, 2009 წ., კოპენჰაგენი, დანია) და პირველ საერთაშორისო ოლიმპიურ სპორტულ სახეობათა ყრილობის (ოქტომბერი, 2010 წ., აკაპულკო, მექსიკა) მასალებში, კერძოდ:
- სპორტული ორგანიზაციების წესდება, სტრუქტურა – დემოკრატიული პროცესების ასახვა;
- საქმის პროფესიული ორგანიზება და მართვა შესაბამისი ეთიკური კოდექსით და კონფლიქტური სიტუაციების გადალახვისთვის საჭირო პროცედურებით;
- ჰარმონიული ურთიერთობები მთავრობასთან, ავტონომიის შენარჩუნებით;
- ანგარიშვალდებულება, საჯაროობა, გამჭვირვალობა და კონტროლი...
როლანდ ლაბუჩიძე







