“ზესტაფონი” – “ნეფთჩის” თამაშის დასრულების შემდეგ, სპორტული მედიის წარმომადგენლები საპრესკონფერენციო დარბაზში შეიკრიბნენ, სადაც რიცხვობრივდ სტუმართა უპირატესობა აშკარა გახლდათ. აქტიურობის მხრივაც ისინი უფრო გამოირჩეოდნენ, აღარაფერს ვამბობთ საერთო ხასიათზე. გასაგები მიზეზების გამო, ისინი უფრო სიტყვაუხვობის იშტაზე იყვნენ.
პრესკონფერენციაზე, ფაქტობრივად ორივე მწვრთნელს ინტერვიუების გაცემა მოუწიათ, რადგანაც თავდაპირველად კითხვებს მხოლოდ თარლან ახმედოვი პასუხობდა, ხოლო მეორე ნაწილში რესპოდენტის როლში გია ჭიაბრიშვილი იყო.
- ბ-ნო თარლან, როგორ შეაფასებდით დღევანდელ თამაშს?
- თავიდანვე ვამბობდი, რომ ზესტაფონში მძიმე მატჩი გველოდა. გარკვეულწილად, მნიშვნელობა არ ჰქონდა პირველი მატჩის შედეგს. საქმე საქართველოს ჩემპიონთან გვქონდა, რომელმაც ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. საბედნიეროდ, ჩვენ შევძელით შემდეგ ეტაპზე გასვლა. მთავარი რეზულტატია და ჩვენ ამას მივაღწიეთ.
- ელოდით მეტოქისგან ასეთ თამაშს?
- ვიცოდი, რომ “ზესტაფონი” კარგი, საკმაოდ გამოცდილი გუნდი იყო. ჩვენ ნანახი გვქონდა მისი შარშანდელი ასპარეზობები, სადაც ქართულმა კლუბმა ტოლი არ დაუდო სახელოვან ევროპულ კლუბებს. ასე რომ, მათი ასეთი თამაში მოულოდნელი არ ყოფილა. საწყისს 25 წუთში ქართველებს ყველაფერი გამოსდიოდათ, ჩვენ კი არეულები ვიყავით. საბედნიეროდ, მოვახერხეთ დალაგება და შესაბამისად თამაშის გადარჩენა.
- ორბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ, გქონდათ თუ არა ამ მატჩის გადარჩენის იმედი?
- იმ მწვრთნელს რა ვუთხარი, რომელსაც თავისი გუნდის არ ეიმედება. რა თქმა უნდა, მქონდა რწმენა იმისა, რომ ბიჭები თავის თამაშს იპოვნიდნენ. დღეს ამასთანავე დავამტკიცეთ, რომ გუნდური ფეხბურთის თამაშიც შეგვიძლია. დღეს მატჩის ბედი არა ფეხბურთელებმა, არამედ გუნდმა გადაწყვიტა.
- ლეგიონერების თამაშით თუ ხართ კმაყოფილი?
- ჩვენ 5-6 ახალი ფეხბურთელი დავიმატეთ, რომლებიც ყოველდღიურად პროგრესირებენ და კლუბისთვის სასარგებლონი ხდებიან. დარწმუნებული ვარ, ეს ტენდენცია გაგრძელდება.
- თქვენი მომავალი მეტოქე ისრაელის “ირონია”. რას გვეტყვით მომავალ დაპირისპირებაზე?
- ამ მომენტისათვის ვერაფერს. ისე მაქსიმალურად მობილიზებულნი უნდა შევხვდეთ ამ პაექრობას. განვიხილავთ და გავეცნობით ებრაული გუნდის სუსტ და ძლიერ მხარეებს. ისე, ამ გუნდის სიძლიერეზე მეტყველებს ის, რომ საკმაოდ ძლიერი სლოვაკური კლუბი - “ჟილინა” გამოთიშეს ასპარეზობას.
- დღეს გუნდს ყველაზე მეტი შეცდომები დაცვის მარჯვენა ფლანგზე მოსდიოდა, რაიმე კორექტირებას ხომ არ აპირებთ მომავალ თამაშებში?
- ახალი ფეხბურთელების დამატებას არ ვაპირებთ. ისე მე ასე არ ვფიქრობ, მარჯვენა ფლანგი მთლიანობაში ნორმალურად გამოიყურებოდა. ერთ-ერთმა ფსიქოლოგმა, რომელიც ვალერი ლობანოვსკისთან კიევში მუშაობდა, განაცხადა, რომ როდესაც გუნდი აგებს, მაშინ მისი სულისკვეთება სათანადო აღარ არის, ამისთვის კი, მზად უნდა იყო და მალე შეძლო მდგომარეობიდან გამოსვლა. დღეს ვაგებდით და შეიძლება არასასურველად მოგეჩვენათ იმ მომენტში ერთი, კონკრეტული რგოლის თამაში, მაგრამ მალე გუნდმა საკუთარი ხელწერა აჩვენა.
...ბუნებრივია, შედეგიდან გამომდინარე ხასიათზე ვერ იყო “ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი, მაგრამ მას სპორტული მედიის წარმომადგენლებთან თავი ღირსეულად ეჭირა და შესაძლო არასასურველ კითხვებსაც გართულებების გარეშე პასუხობდა. კითხვების აბსოლუტური უმრავლესობა, ისევ აზერბაიჯანელი ჟურნალისტებიდან წამოვიდა.
- ბ-ნო გია, დღევანდელი მატჩის თქვენეული შეფასება?
- დღეს შემიძლია იმის თქმა, რომ ორმატჩიან დუელში ბაქოს “ნეფთჩიმ” გვაჯობა. ვულოცავ მეტოქეს შემდეგ ეტაპზე გასვლას. შეიძლებოდა ამ პაექრობებს უკეთესადაც შევხვედროდით, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელით.
- რას იტყვით, “ნეფთჩიმ” ინდივიდუალური თამაშის ხარჯზე აჯობა “ზესტაფონს” თუ გუნდური თამაშის?
- მე ასე ცალ-ცალკე არ დავყოფდი ამას. ორმატჩიან პაექრობებში ბაქოურმა გუნდმა უკეთ გამოავლინა საკუთარი შესაძლებობები. ეს, რასაკვირველია, კარგ გუნდურ თამაშს და ინდივიდუალურ გამოსვლასაც გულისხმობს.
- გუნდის მომავალი და თქვენი მომავალი ამ გუნდში როგორ წარმოგიდგენიათ?
- ვაპირებთ ახალი გუნდის აშენებას. მოხდება განახლება და ამ ყველაფერში მეც მონაწილეობას მივიღებ. თუ ჩემი წასვლა გუნდს გააძლიერებს, მზად ვარ ეს ნაბიჯი დაუფიქრებლად გადავდგა, თუმცა, ეს საკითხი ჯერჯერობით მხოლოდ თქვენ გაღელვებთ და უკვე მეორედ მკითხეთ (კითხვის ავტორი ერთ-ერთი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი იყო – ზ.ლ.)
- “ნეფთჩი” კარგად გყავდათ შესწავლილი, მისი სუსტი მხარეებით. მაინც რა რგოლში იყო თქვენი მეტოქე ძალიან სუსტი?
- ისე რომ გვყოლოდა შესწავლილი, როგორც თქვენ ამბობთ, მაშინ შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავიდოდით. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით შეტევაში თამაში გაგვეუმჯობესებინა, მაგრამ სასურველ დონეს ვერ მივაღწიეთ.
- თქვენმა პრეზიდენტმა აზერბაიჯანულ პრესასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ შეცდომა დაუშვა, როდესაც ლეგიონერებზე უარი თქვა, თქვენ რას გვეტყოდით?
- მე ამ კლუბში მუშაობისას მაქვს ის კომფორტი, რომ ჩემს მუშაობაში არავინ ერევა. ჩვენი კლუბის პრეზიდენტი არასდროს ჩარეულა სატრანსფერო საქმეებში, ვგულისხმობ ფეხბურთელების მოწვევას და კლუბში თამაშს. უბრალოდ მჯეროდა, რომ ამ ეტაპზე შეგვეძლო ლეგიონერების გარეშეც გავსულიყავით ფონს. ამან არ გაამართლა, როგორც ჩანს, ვერ გავთვალე სწორად, თორემ მე რომ მეთხოვა ბ-ნი ილიასათვის ლეგიონერების მოწვევა, დარწმუნებული ვარ, არანაირი პრობლემა არ შემექმნებოდა.
- ვინ მოგეწონათ ყველაზე მეტად “ნეფთჩიში”, თქვენი ნება რომ იყოს, რომელ ორ ფეხბურთელს დაიმატებდით ჩვენი გუნდიდან?
- ცალსახად ამაზე პასუხს ვერ მოგცემთ, რადგან არ მიფიქრია, მაგრამ ამ თამაშებში ყველაზე გამორჩეულები და ეფექტურები ვობაი და იმამვერდიევი იყვნენ.
- თქვენ შარშან “ბრიუგეს” ეთამაშეთ, თუ შეგიძლიათ ბელგიურ კლუბს “ნეფთჩი” შეადაროთ?
- არ ვიცი, ეს პასუხი მოგეწონებათ თუ არა, მაგრამ ასეთი შედარების გაკეთება არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. “ბრიუგე” ყველა რგოლში მაღალი კლასის ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული, რომლებიც საოცარ სისწრაფეებს ანვითარებენ. “ნეფთჩი” კარგი გუნდია, მაგრამ შარშანდელ “ბრიუგესთან” შედარება არ შეიძლება.
ზაზა ლეთოდიანი ზესტაფონიდან









