გულშემატკივრის სვეტი

10:01 | 22.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

ტაში და ჭიტლაყი

როგორც ჩემი კოლეგების უმეტესობას, მეც სიკვდილივით მეჯავრება ჩვენი ნაკრების დამარცხების შემდეგ წერა. ჟურნალისტებზე გამწყრალ ხალხს, უმეტესად კი, ფეხბურთელების მამა-დეიდა-ახლობელ-მეზობელ-ბიძებს ჩვენთვის არაერთხელ წამოუძახებიათ, რომ თითქოს ცუდ ამბებს სპეციალურად დავეძებთ, რათა მერე მავანთ ”ძირი გამოვუთხაროთ” და ამით გახარებულები, ხელების სიამით ფშვნეტას მოვყვეთ. არადა, სიმართლეზე მეტია ის, რომ საქართველოს 19-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრების აზერბაიჯანის გუნდთან მარცხის შემდეგ, ხელების ფშვნეტა კი, არა, ტუჩების კვნეტა უფრო მოგვიხდება ჟურნალისტებსაც, ქომაგებსაც, ფეხბურთელებსაც და უპირველესად იმ ხალხს, რომლებიც საკუთარი ნათესავი ფეხბურთელების მტრებად და “სისხლის ამღებებად” გვთვლიან.
 ჩვენ წავაგეთ. წავაგეთ აზერბაიჯანთან. წავაგეთ საშინელი ანგარიშით და ახლა მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ ვიფიქროთ, რატომ და ვისი თუ რისი მიზეზით ვართ ტუჩების კვნეტის ხასიათზე. 0:3 მარცხი ის შედეგია, როდესაც ევროპაში, დამარცხებული გუნდის ხელმძღვანელობიდან დაწყებული, ფეხბურთის ფედერაციის თუ სპორტის სამინისტროს მოხელეებით დამთავრებული, ყველანი ჟურნალისტებს იბარებენ, მჭმუნვარე სახით სხდებიან საკონფერენციო დარბაზში და ყოველგვარი ზედმეტი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, ბოდიშს უხდიან გულშემატკივრებს და მთელს ქვეყანას.
 თავის გამართლება ასეთ დროს უადგილო და არასწორია, თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ ზოგიერთები თავსაც მშვენივრად იმართლებენ და ზოგიერთი ქართველის უხიაგ ხასიათს თუ გავითვალისწინებთ, ბოდიშის მოხდა რომ უხსენო, შეიძლება და კარგა გვარიანი ჭიტლაყიც მიიღო. ჩვენი ცხოვრება ხომ ჭიტლაყითა და ტაშით არის გარემოსილი.
 დღევანდელი სიტუაცია სწორედ ისეთია, როგორც ძველ ქართულ ზღაპრებში წაგვიკითხავს. ხომ გახსოვთ, მუდმივად სადღაც მოუსვლელში მიმავალ ზღაპრის გმირებს წინ სამი წარწერით დამშვენებული ლოდები რომ ხვდებათ ხოლმე, სადაც აწერია: “აქეთ წახვალ, გველეშაპი დაგხვდება”, “იქით წახვალ, სამთავიანი დევი დაყუდებულა”, გამოსავალი კი როგორც წესი გზის მესამე განშტოებაზეა ხოლმე. ჩვენთან კი, ეს “მესამე გზაც” დაკეტილია, რადგან ამ გზაზე ქართული ფეხბურთის მესვეურები დგანან, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ტაშსა და ხვევნა კოცნას აღიარებენ. ხოლო, თუ ცოტა სინდისი გიღიტინებს და ტაშის დასაკრავად ხელები ერთმანეთს ძალუმად არ შემოჰკარი, მაშინ შენზე მეტი მტერი ქართულ ფეხბურთს არ ჰყოლია. ჰოდა, სწორედ ესაა ყველაზე დიდი უბედურება.
 აზერბაიჯანელების მიმართ ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ალბათ არ დამძრახავთ თუკი ვიტყვი, რომ თუ სადმე რაიმე ლოგიკისა და ღირსების მარცვალი არსებობს, საქართველო ფეხბურთში აზერბაიჯანის გუნდებს ყოველთვის უნდა ამარცხებდეს. მთელი რიგი საფეხბურთო ისტორიული ფაქტორების გამო და თუნდაც სხვა ნიუანსების გათვალისწინებით, ჩვენი სამხრეთ-აღმოსავლეთელი მეზობლები ყოველთვის ჩამორჩებოდნენ ჩვენს ქვეყანას სპორტის ამ კონკრეტულ სახეობაში, მაგრამ ჩვენ იმდენი “შევძელით”, რომ ისტორიაზე “მაღლა დავდექით” და ეს ისტორიული მარცხიც “გამოვჭედეთ”.
 აზერბაიჯანის ნაკრებთან მარცხის მრავალ მიზეზთა შორის, მე ერთ, ცოტა არ იყოს უცნაურ მიზეზსაც ვხედავ. მრავალწლიანი ისტორიული თუ ტერიტორიული სიახლოვის მიუხედავად, ჩვენს სამეზობლოში დღეს ქართველებმა ყველაზე ცოტა ალბათ მაინც აზერბაიჯანის შესახებ ვიცით. თუ ვინმე შემეწინააღმდეგება და ეჭვს შეიტანს ჩემს სიტყვებში, მოდით მაშინ ერთად გავიხსენოთ რა ვიცით 21-ე საუკუნეში ამ ქვეყანასა და ხალხზე...
 ვიცით რომ, აზერბაიჯანი საქართველოს მეზობელია, რომ აზერბაიჯანელები ისლამური რწმენის ხალხია და მათ შესანიშნავად იციან ცხვრის ხორცისგან გემრიელი კერძების მომზადება და სხვა მუსლიმების მსგავსად უყვართ ჩაი და ტკბილეულობა, რომ ჰყავთ პრეზიდენტი, რომლის მამაც ასევე პრეზიდენტი იყო. დაახლოებით სულ ესაა ჩვენი ზედაპირული ცოდნა ისტორიული მეზობლის მიმართ, რომელთანაც პოლიტიკური და არამხოლოდ პოლიტიკური სიახლოვე, ჯერ კიდევ შირვანის სახანოს არსებობის დროიდან გვქონდა.
 საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოყოლებული, სწორედ ზედაპირულობაა ჩვენთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელი თვისება. მერე აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ზედაპირულ ადამიანებს, შედეგებიც შესაბამისი ექნებათ.  

ლევან სეფისკვერაძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094943