საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ დღეს, ფალავანთა კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა სამივე ასაკობრივი ჯგუფის ნაკრების ახალი მწვრთნელები წარუდგინა.
ძირითად ნაკრებში ზაზა თურმანიძეს რეზო მინდორაშვილი შეცვლის, ახალგაზრდულში – ნუგზარ სხირელს გიორგი გოგშელიძე, ხოლო ჭაბუკთა გუნდს თამაზ ბენდიანიშვილის ნაცვლად შაკო ბედინიდისი ჩაიბარებს. მინდორაშვილს ასისტენტობას დავით პოღოსიანი და ალექსანდრე კახნიაშვილი გაუწევენ, გოგშელიძეს – ოთარ თუშიშვილი და დავით ოთიაშვილი, ხოლო ბედინიდისს – გიორგი იანტბელიძე და გელა საღირაშვილი.
ლუკა კურტანიძის განცხადებით, ჩამოთვლილი მწვრთნელები მოვალეობას 2013 წლის ბოლომდე შეასრულებენ. შემდეგ კი ფედერაცია მათ მიერ გაწეულ სამუშაოს შეაჯამებს და თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
ოთარ მაღლაკელიძე







