საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს ახალი მწვრთნელები ჰყავს, უფრო ზუსტად კი, მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლები, რომელთა უფლებამოსილებაც სამიოდ დღეში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმმა უნდა დაამტკიცოს. თუმცა მდგომარეობა არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თუ პრეზიდიუმი ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, მაშინ ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე მწვრთნელების წლის ბოლომდე დანიშვნას თავად გეგმავს. იქამდე კი, კურტანიძემ ფალავანთა კლუბში პრესკონფერენცია ჩაატარა და მასმედიას მწვრთნელობის მოვალეობის შემსრულებლები წარუდგინა.
წინასწარი ინფორმაციით, პრესკონფერენცია 14 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ფალავანთა კლუბის კარი ჟურნალისტებისთვის დახურული აღმოჩნდა. საპრესკონფერენციო დარბაზი სპორტსმენებსა და ვეტერან მოჭიდავეებს გაევსოთ. სიტუაცია დაძაბული რომ იყო, კარისკაცის ბეჯითად მუშაობაც ამტკიცებდა. ეს უკანასკნელი ზღურბლს მიღმა არათუ არ გვიშვებდა, კარის მინაში გახედვის საშუალებასაც არ გვაძლევდა – რამდენჯერაც დავაპირეთ, იმდენჯერ მკერდით გადაეფარა, დაახლოებითაც რომ არ გაგვეგო, რა ხდებოდა. ცოტა ხანში შიდა ვითარება ისე დაიძაბა, კარისკაციც ვეღარაფერს გახდა. ხმაურიანი სიტყვიერი და ფიზიკური შეხლა-შემოხლის შემდეგ შენობაში ექიმს უხმეს. ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, თამაზ გეგეშიძის ცუდად გახდომის გამო კი ფალავანთა კლუბში სასწრაფო დახმარების ჯგუფიც გამოიძახეს. ვნებათაღელვა დაახლოებით ნახევარ საათში ჩაცხრა და პრესკონფერენციის დროც დადგა. ფედერაციის პრეზიდენტი ჟურნალისტების წინაშე შერჩეულ მწვრთნელებთან ერთად წარსდგა.
“დადგა დრო, ცვლილებები ჭიდაობის სამწვრთნელო შტაბშიც განხორციელდეს. 20-წლიანი მუშაობის შემდეგ, ნაკრების დამრიგებლები იმ ხალხმა უნდა შეცვალოს, რომლებსაც ქართული ჭიდაობის წარმატებულად განვითარების ძალა რეალურად შესწევთ. ვნებათაღელვას ვერ ავცდით, რაც მოსალოდნელიც იყო. ცვლილებით, ცხადია, ყველა კმაყოფილი ვერ დარჩება, მაგრამ გარწმუნებთ, ახალი თაობა მზადაა, ქვეყნისთვის დიდი გამარჯვებებისთვის ბრძოლაში მწვრთნელის რანგში ჩაერთოს. წარმოგიდგენთ სამკაციან ჯგუფებს, რომლებიც ერთ მთლიან, ჯანსაღ მექანიზმს შეადგენენ. ეროვნულ ნაკრებს ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი რეზო მინდორაშვილი უთავკაცებს. მას დავით პოღოსიანი და ალექსანდრე კახნიაშვილი დაეხმარებიან. ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი გოგშელიძე იქნება, რომელსაც ასისტენტობას ოთარ თუშიშვილი და დავით ოთიაშვილი გაუწევენ. ჭაბუკთა ნაკრებს კი შაკო ბედინიდისი ჩაიბარებს. მასთან ერთად გიორგი იანტბელიძე და გელა საღირაშვილი იმუშავებენ. ჩამოთვლილ სპეციალისტებს ნაკრების მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის სტატუსი ექნებათ და წლის ბოლოს მათ მიერ გაწეულ სამუშაოს ფედერაცია სპეციალურ სამეთვალყურეო საბჭოსთან ერთად შეაჯამებს. იქამდე კი, 11 იანვარს სამივე ნაკრების ახალ მწვრთნელებს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმი დაამტკიცებს”, – განაცხადა ლუკა კურტანიძემ.
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს ვკითხეთ, რა მოხდება, თუკი პრეზიდიუმი მის ინიციატივას არ დააკმაყოფილებს. კურტანიძე დარწმუნებულია, რომ საკითხი დადებითად გადაწყდება, მაგრამ თუ პრეზიდიუმი მხარს არ დაუჭერს, გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად მიიღებს. ამის უფლება მაქვს და თუ საჭირო გახდება, გამოვიყენებო, – დასძინა კურტანიძემ.
სამომავლოდ ანალოგიური ცვლილების განხორციელება ბერძნულ-რომაული ჭიდაობის სამწვრთნელო შტაბშიც იგეგმება, ოღონდ კონკრეტულად როდის, ამაზე ჯერ არავინ საუბრობს. ლუკა კურტანიძის განცხადებით, ეს საკმაოდ მძიმე და ხანგრძლივი პროცედურაა. თავისუფალ ჭიდაობაში გადაწყვეტილების მიღებას დაახლოებით ერთთვიანი მუშაობა დასჭირდა. ბერძნულ-რომაულში კი ეს პროცესი მხოლოდ ახლა იწყება და ვიდრე საქმე კონკრეტული ნაბიჯის გადადგმაზე მიდგება, ფედერაციის ხელმძღვანელობამ სპეციალისტებთან და სპორტსმენებთან უნდა გაიაროს კონსულტაციები.
“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში ჭიდაობა სწორი გზით განვითარდეს და ქართველმა გულშემატკივრებმა ამ სახეობაში მიღწეული წარმატებებით იამაყონ. ცვლილებების ინიციატორი პირადად ვარ და სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ”, – აღნიშნა ფედერაციის პრეზიდენტმა.
“მსოფლიო სპორტმა” მოკლე კომენტარები ეროვნული ნაკრების ახალ და ძველ დამრიგებლებს და ახალგაზრდული ნაკრების ყოფილ თავკაც ნუგზარ სხირელსაც ჩამოართვა.
რეზო მინდორაშვილი:
“ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნა ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა. კარგად მესმის ისიც, როგორ დროს მიწევს მუშაობის დაწყება – ევროპის ჩემპიონატამდე ორი თვეღა რჩება. ნაკრების კანდიდატები უკვე გამოიკვეთნენ საქართველოს ჩემპიონატზე. სწორედ შიდა კონკურენციაში თავგამოჩენილ მოჭიდავეებს მიეცემათ ნაკრებში დამკვიდრების შანსი. პირველ წინასაჩემპიონატო შეკრებას 15 იანვარს დავიწყებთ. ევროპირველობამდე სავარაუდოდ ორ საერთაშორისო ტურნირზე გამოვალთ”.
ზაზა თურმანიძე:
“ის, რომ თითქოს ფედერაციის პრეზიდენტს გადაწყვეტილების ინდივიდუალურად მიღების უფლება აქვს, ცრუ ინფორმაციაა. წესდების თანახმად, მთავარი პრეზიდიუმის გადაწყვეტილებაა და ვნახოთ, რას გადაწყვეტენ 11 იანვარს პრეზიდიუმის წევრები”.
ნუგზარ სხირელი:
“საქმე გვაქვს არაობიექტურობის იშვიათ შემთხვევასთან. რატომ დავასრულეთ ის სისტემა, თუკი ახლაც ანალოგიურად თუ უნდა გაგრძელდეს და ერთპიროვნული უსამართლო გადაწყვეტილების წინააღმდეგ ვერაფერს გავხდებით. ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი ძალიან ცუდად იწყებს მუშაობას, რაც ქართულ ჭიდაობას სასიკეთოდ ვერაფრით წაადგება. იგი ცვლილებებს პირადი სიმპათიების გათვალისწინებით ახორციელებს. მაგალითად, ჩემს შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი მიზეზი წლების წინ ჩემს მიერ რუსეთიდან გიორგი გოგშელიძის დაბრუნების ფაქტია. მაშინ გოგშელიძემ კურტანიძეს ნაკრებში ადგილი წაართვა და ეს ვერაფრით მაპატია. სხვა ახსნას ვერ ვპოულობ. რატომ უნდა დავტოვო ახალგაზრდული ნაკრები, როდესაც ერთი პატარა ჩავარდნაც კი არ მქონია?”
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა 11 იანვარს 16 საათზე დაიწყება და სავარაუდოდ, სერიოზული ხმაურით ჩაივლის, ოღონდ სავარაუდოდ, ჟურნალისტების გარეშე.
ოთარ მაღლაკელიძე







