ქართველმა მოჭიდავეებმა 2013 წლის პირველი მედლები აზერბაიჯანში მოიპოვეს. 10 იანვარს ბაქომ თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა შორის მუშვიგ ისაევის სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა და კვარცხლბეკზე 4 ჩვენებურიც ავიდა.
54 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გიორგი ყაზარაშვილი გახდა, 100 კილოგრამში ყველას გივი მაჭარაშვილმა აჯობა. ცნობისთვის, ორივე ჩვენებურმა ფინალში მასპინძელი დაამარცხა: ყაზარაშვილმა არიფ ჰუსეინოვი, ხოლო მაჭარაშვილმა - რუსტამ ხაჩიბეროვი. ტარიელ გაფრინდაშვილს (69 კგ) უმაღლეს ტიტულამდე გადამწყვეტი გამარჯვების მოპოვებაღა დააკლდა – რუსეთის ნაკრების წევრ აბუმუსილ მუხიდინოვთან წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა. გიორგი პასიკაშვილმა (50 კგ) კი მესამე ადგილი დაიკავა. ტურნირში მონაწილეობა საქართველოს, აზერბაიჯანის, რუსეთისა და უზბეკეთის ნაკრებებმა მიიღეს.
ბაქოში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები თამაზ ბენდიანიშვილმა ჩაიყვანა, რომელიც ორიოდ დღის წინ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ ახალი მწვრთნელით - შაკო ბედინიდისით ჩაანაცვლა.
ოთარ მაღლაკელიძე







