მოსკოვში მიმდინარე ევროპის ერთა თასის ჯგუფური ეტაპი საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მეორე ადგილით ჩაამთავრა. ტურნირზე, რომელიც გუნდური პრინციპით ტარდება, სულ ექვსი ნაკრები მონაწილეობს, რომლებიც ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ექვსეულში შევიდნენ.
ორგანიზატორებმა მონაწილეები ორ ჯგუფში გადაანაწილეს. ქართულმა გუნდმა, რომელიც ძირითადად ახალგაზრდული ნაკრების წევრებითაა დაკომპლექტებული, თურქეთთან და ბელარუსთან კონკურენციაში მეორე ადგილი დაიკავა და დღეს, მეორე ჯგუფის მეორეადგილოსანს – უკრაინას დაუპირისპირდება. ამ წყვილში გამარჯვებული კი ევროპის ერთა თასის ბრინჯაოს პრიზიორი გახდება. ფინალში რუსეთისა და თურქეთის ნაკრებები იჭიდავებენ.
თავისუფალი სტილით ჭიდაობის პარალელურად, შეჯიბრება ბერძნულ-რომაულშიც მიმდინარეობს და იქ ფინალში რუსები და აზერბაიჯანელები გავიდნენ. ამ სტილში საქართველოს ნაკრები ევროპის თასზე ვერ მოხვდა, რადგან ევროპირველობა გუნდური მე-9 ადგილით დაასრულა.
ოთარ მაღლაკელიძე







