ჭიდაობა

12:07 | 11.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფლების 3 ოქრო თურქეთიდან

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (60 კგ), დავით მარსაგიშვილმა (84 კგ) და ელიზბარ ოდიკაძემ (96 კგ) ანკარაში, იაშარ დოგუს სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე ყველა შეხვედრა მოიგეს და ჩემპიონები გახდნენ. გიორგი ედიშერაშვილმა (55 კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
თურქეთის ჭიდაობის ფედერაციის ვებ-გვერდის ინფორმაციით, ხინჩეგაშვილმა ფინალში მონღოლ ენიამ ოჩირს მოუგო, მარსაგიშვილმა - თურქ ჰაკი ჩეილანს, ხოლო ოდიკაძემ – აზერბაიჯანის ნაკრების ტიტულოვან წევრს, ევროპის 3-გზის და მსოფლიოს ჩემპიონს, ოლიმპიური თამაშების 2-გზის პრიზიორს, ხეთაგ გაზიუმოვს.
იაშარ დოგუს 41-ე მემორიალში სულ 12 ქვეყნის 150-ზე მეტი სპორტსმენი ჩაერთო. ყველაზე მრავალრიცხოვანი გუნდით ხალიჩაზე, რა თქმა უნდა, მასპინძლები გავიდნენ და 61 ქულით, საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. 44 ქულით მეორე ადგილზე აზერბაიჯანი გავიდა, რომელმაც ტურნირზე ასევე გაფართოებული შემადგენლობით იჭიდავა. საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ რევაზ მინდორაშვილს კი თურქულ განაცხადში მხოლოდ 6 მოჭიდავე ჰყავდა შეყვანილი და ოქროს მედლების რაოდენობით მაინც ყველა კონკურენტს აჯობა, საერთო ქულებით კი მესამე ადგილს დასჯერდა (42 ქულით).

ოთარ მაღლაკელიძე

ვიდეო





 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.106311