საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა “ოქროს გრან-პრის” სერიის ფინალურ ტურნირზე 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ზაზა თურმანიძემ ბაქოს ხალიჩაზე 21 შეგირდი გაიყვანა და მათგან 9 საღამოს პროგრამამდე მივიდა, ოღონდ ფინალში ვერც ერთმა მათგანმა გააღწია, ცხრავემ მე-3 ადგილისთვის იჭიდავა.
60 და 120 კილოგრამ წონით კატეგორიებში ქართული რეპეშაჟის ფინალები შედგა. თბილისის “ოქროს გრან-პრის” ოქროსმედალოსანმა მალხაზ ზარქუამ (60 კგ) გიორგი ბალიაშვილს სძლია, ხოლო ლევან ბერიანიძემ (120 კგ) დავით მოძმანაშვილი დაამარცხა.
ბესიკ გუჩაშვილმა ბრინჯაოს მედალი იაპონელი იასუჰირო ინაბას დამარცხებით მოიპოვა, გიორგი გოგშელიძემ (96 კგ) – ირანელ ჯაფარ ალიდად დალირის აჯობა, ხოლო ბელდუხ გავაშელიშვილმა (96 კგ) – უკრაინელ ვალერი ანდრიიცევს. გოგა ხუჭუასა (66 კგ) და ბექა ჭელიძეს (84 კგ) კვარცხლბეკამდე თითო ნაბიჯი დააკლდათ. ხუჭუამ ირანელ მოჰსენ იაჰან ბახშიანთან წააგო, ჭელიძემ კი - აზერბაიჯანელ შარიფ შარიფოვთან და საბოლოოდ მე-5 ადგილებს დასჯერდნენ.
ხვალ “ოქროს გრან-პრიზე” მედლები ქალთა სტილში გათამაშდება. წერტილს კი ზეგ, ბერძენ-რომაელები დასვამენ და ხალიჩაზე 20 ქართველიც გავა.
ოთარ მაღლაკელიძე







