ბულგარეთში გამართული თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა. ნუგზარ სხირელის გუნდის მძიმეწონოსანმა გიორგი საკანდელიძემ შარშანდელ ევროპირველობაზე მოპოვებული ვერცხლის მედალი წლეულს ოქროთი გააუმჯობესა. საქართველოს ნაკრებმა ჯამში 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მე-3 ადგილი დაიკავა.
საჩემპიონო გზას საკანდელიძე ბულგარელი დანიელ იასენოვ იანკოვის ძლევით შეუყვა. თურქი ტაჰა აკგულითა და უკრაინელი მურადინ კუშხოვით გააგრძელა და აზერბაიჯანელი ასლან ძებისოვით დაასრულა. საგულისხმოა, რომ მან ოთხივე შეხვედრა ისე მოიგო, მეტოქეთათვის ერთი სეტიც არ დაუთმია.
სეტისწაუგებლად მივიდა ფინალამდე 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც - რუმინელი დავიდ დობრე, თურქი იბრაჰიმ იორულმაზი და სომეხი ვალოდია ფრანგულიანი იოლად დაჩაგრა, მაგრამ აზერბაიჯანელ ტოგრულ ასგაროვთან ვეღარას გახდა. ჩემპიონის ბედი დაძაბული შეხვედრის მე-3 სეტში გადაწყდა.
დღესვე, ხალიჩაზე ევროპის შარანდელი ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი დავით მარსაგიშვილიც (84 კგ) გავიდა, მაგრამ მოულოდნელად, პირველსავე მოწინააღმდეგესთან, უნგრელ ატილა სზმიკთან დამარცხდა და ცოტა ხანში, რეპეშაჟში გადართვის შანსიც დაკარგა, მას შემდეგ, რაც ფინალს ვერც ამ უნგრელმა უწია.
ახალგაზრდული ნაკრების დებიუტანტმა დავით ტლაშაძემ ლატვიელ ალექსანდრს პომიალოვს კი აჯობა, მაგრამ ბელარუს ანტონ აფანასიევთან აღარაფერი გამოუვიდა და სამეულს მიღმა დარჩა.
გუნდურ ჩათვლაში სხირელის გუნდმა 54 ქულა დააგროვა და 59-ქულიან რუსეთსა და 57-ქულიან თურქეთს ჩამორჩა.
1-2 ივლისს, სამოკოვოს ხალიჩა ქალთა სტილს დაეთმობა. 3-4-ში კი ევროპის ჩემპიონ-პრიზიორებს ახალგაზრდა ბერძენ-რომაელები გამოავლენენ.
თავისუფალი ჭიდაობა
ევროპის ჩემპიონატი
ახალგაზრდები
სამოკოვი (ბულგარეთი). 30 ივნისი
1 ტოგრულ ასგაროვი (აზერბაიჯანი)
2 ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (საქართველო)
3 კრუმ ანტონოვ ჩუჩუროვი (ბულგარეთი)
3 რუსტამ ამპარი (რუსეთი)
1 ალექსანდროს სამანიდისი (საბერძნეთი)
2 მუსტაფა კაია (თურქეთი)
3 ანდრეი კვატკოვსკი (უკრაინა)
3 დავიდ სუნიუჩხანოვი (აზერბაიჯანი)
1 კოლოი კორტოევი (რუსეთი)
2 იბრაჰიმ ბულუკბასი (თურქეთი)
3 რობერტ ბარანი (პოლონეთი)
3 ჰაინც ლუდვიგ პშერერი (გერმანია)
1 გიორგი საკანდელიძე (საქართველო)
2 ასლან ძებისოვი (აზერბაიჯანი)
3 იჰარ ძიატკო (ბელარუსი)
3 მურადინ კუშხოვი (უკრაინა)







