ჭიდაობა

10:32 | 14.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფლებმა ევროპა ბრინჯაოთი გახსნეს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბაქოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე ერთი ბრინჯაოთი ჩაამთავრა. კვარცხლბეკზე 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ოთარ თუშიშვილი ავიდა. 30 წლის ქართველი კენჭისყრამ პირველ წრეში დაასვენა და პირდაპირ მერვედფინალში განთესა. იტალიელ რაიმონდო კამპანას იოლად გაუსწორდა. ასევე უპრობლემოდ დაძლია უკრაინელი ანდრეი სტადნიკის ბარიერიც. ნახევარფინალში კი რუს მაგომედმურატ გაჯიევთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.
პირველი სეტი უილეთოდ გაილია. მსაჯმა ტომრიდან ქართველისთვის სასურველი ფერის ბურთულა ამოიღო და ფეხში შესვლაც გდებით დაგვირგვინდა. მეორე-მესამე სეტებში თუშიშვილი მეტოქის მძლავრ შეტევებზე თითოჯერ წამოეგო და ხალიჩის გარეთ გასვლისთვის დაკარგული ქულებით დამარცხდა. გადამწყვეტი ილეთი გაჯიევმა საფინალო სირენამდე ათიოდ წამით ადრე შეასრულა. რეპეშაჟში გადართულმა ქართველმა ბულგარელ ისმაილ ემინ რეჯეპს დამაჯერებლად მოუგო.
გუშინვე, მედლები კიდევ 3 წონით კატეგორიაში გათამაშდა, მაგრამ საქართველოს ნაკრების წევრებმა სამეულში შესვლის შანსი ისე დაკარგეს, დამამშვიდებელ ეტაპზეც ვეღარ გადაერთნენ.
ნაკრებსა და საერთაშორისო არენას ორწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ დაბრუნებული მძიმეწონოსანი, დავით მოძმანაშვილი აზერბაიჯანულ ხალიჩაზე ერთადერთხელ გავიდა. პირველსავე წრეში, 2 სეტში დამარცხდა მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორ ბერძენთან, იოანის არზუმანიდისთან. საწყის ეტაპზევე ჩამოსცილდა მედლისთვის ბრძოლას 84 კილოგრამში მოჭიდავე არჩილ ქიტიაშვილიც. იგი ჩემპიონატში მეორე წრიდან ჩაერთო და თურქ ცერდარ ბოკესთან წააგო.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (55 კგ) შეჯიბრი ლამაზი გამარჯვებით გახსნა. ბრიტანელ კრასიმირ კრასტანოვს იოლად მოუმთავრა საქმე, მაგრამ მერე მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორთან, რუს ვიქტორ ლებედევთან თანაბარ შეხვედრაში წააგო. პირველი სეტის ბედი ბურთულამ გადაწყვიტა. მეორეში კი ლებედევმა ბოლო წამებზე მიიღო ოქროს ქულა, საკმაოდ საკამათო ეპიზოდში. მომენტი ქართველმა მწვრთნელებმა უმალ გააპროტესტეს, მაგრამ ვიდეოჩანაწერმა მსაჯის გადაწყვეტილება გაამართლა და ნახევარფინალში რუსი გავიდა. ერთიც რომ მოეგო, ხინჩეგაშვილს რეპეშაჟის გზას გაუხსნიდა, მაგრამ ცოტა ხანში დამამშვიდებელ ეტაპზე თავად გადაერთო.
პირველი დღის შედეგებით გუნდურ ჩათვლაში ყველაზე მეტად რუსეთისა და აზერბაიჯანელებმა იყოჩაღეს. მათ ორ-ორი ოქროს მედალი მოიპოვეს. შედარებით უკეთესი მაჩვენებელი რუსებს აქვთ, რომლებმაც ოქროებს თითო ვერცხლი და ბრინჯაოც წაამატეს, მასპინძლებმა კი მხოლოდ ვერცხლი.
დღეს ჩემპიონ-პრიზიორები თავისუფალი სტილის დარჩენილ 3 წონაში გამოვლინდებიან. 60 კილოგრამში საქართველოს სახელით მალხაზ ზარქუა იჭიდავებს, რომელიც ჩემპიონატში მერვედფინალიდან ჩაერთვება და პოლონელ ადამ ბლოკს დაუპირისპირდება. გელა საღირაშვილის (74 კგ) პირველი მეტოქე ბელარუსი რამან სოლტანი იქნება, გიორგი გოგშელიძე (96 კგ) კი ბერძენი იოანის პაპადოპულოსით დაიწყებს.

ოთარ მაღლაკელიძე



55 კგ
1 მაჰმუდ მაგომედოვი (აზერბაიჯანი)
2 რადოსლავ ველიკოვი (ბულგარეთი)
3 მარსელ ევალდი (გერმანია)
3 ვიქტორ ლებედევი (რუსეთი)

66 კგ
1 ჯაბრაილ ჰასანოვი (აზერბაიჯანი)
2 მაგომედმურატ გაჯიევი (რუსეთი)
3 ოთარ თუშიშვილი (საქართველო)
3 ადამ ჰენრიკ სობიერაჟი (პოლონეთი)

84 კგ
1 ანზორ ურიშევი (რუსეთი)
2 შარიფ შარიფოვი (აზერბაიჯანი)
3 სტეფან ჩეორგიტა (რუმინეთი)
3 მიხაილ პეტროვ განევი (ბულგარეთი)

120 კგ
1 ბილიალ მახოვი (რუსეთი)
2 ფათიჰ ჩაკიროღლუ (თურქეთი)
3 დიმიტარ ანგელოვ კუმჩევი (ბულგარეთი)
3 ალექსეი შემაროვი (ბელარუსი)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167951