ჭიდაობა

0:55 | 11.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფლებმა ევროსამზადისი შეაჯამეს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ამაღამ ბაქოში მიემგზავრება. წასვლამდე რამდენიმე საათით ადრე კი მთავარი მწვრთნელი ვაკის ფალავანთა კლუბში ჟურნალისტებს შეხვდა. ზაზა თურმანიძემ ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ციკლი შეაჯამა და გუნდის ევროშანსზეც გააკეთა კომენტარი.
“ევროპის ჩემპიონატისთვის სრულყოფილად მოსამზადებლად ყველა პირობა შეგვიქმნეს. შეკრებებიც გავიარეთ და საერთაშორისო ტურნირებზეც გამოვედით. გამოიკვეთა შემადგენლობა, რომელიც ამ ეტაპზე მართლაც საუკეთესოა. დანარჩენი კი ხალიჩაზე გამოჩნდება. ჯერ კიდევ მოსამზადებელი ციკლის დაწყებისას გაირკვა, რომ ევროპირველობაზე ნაკრები რევაზ მინდორაშვილის გარეშე გამოვიდოდა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ბოლო თვეებში, ავადმყოფობის გამო, ვარჯიში ვერ შეძლო და 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნაკრების შემადგენლობაში ადგილი ახალგაზრდა არჩილ ქიტიაშვილმა დაიკავა. პერსპექტიული მოჭიდავეა და პირველ ყოვლისა, მისი შემართების გვეიმედება. უმნიშვნელოვანესი მომენტია გუნდში დავით მოძმანაშვილის დაბრუნება. დისკვალიფიკაციას ვადა ახლახან ამოიწურა, დათო შიდა კონკურენციაში ისევ გაპირველდა და ბაქოში ჭიდაობის უფლებაც მოიპოვა. ერთადერთი, რაც მაფიქრებს, ხანგრძლივი სატურნირო პაუზაა. საერთაშორისო არენაზე ბოლოს 2 წლის წინ გავიდა და ახლა პირდაპირ ევროპის ჩემპიონატზე ბრუნდება. იმედია, ეს მომენტი მოძმანაშვილისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება, წარმატების მოსაპოვებლად. პროგნოზის გაკეთება არ მიყვარს, მაგრამ ევროპის ჩემპიონატიდან მედლებს ველით, ოღონდ სინჯს ვერ გეტყვით” – განაცხადა ზაზა თურმანიძემ.
პრეს-კონფერენციას სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე და ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელებიც დაესწრნენ. დავით ნამგალაურმა, თამაზ გეგეშიძემ და მალხაზ ჯორბენაძემ მოჭიდავეებს წარმატება უსურვეს.
ევროპის ჩემპიონატი ბაქოში 13-18 აპრილს გაიმართება. პირველი-ორი დღე თავისუფლების იქნება, მესამე-მეოთხე – ქალების, წერტილს კი, ბერძენ-რომაელები დასვამენ, 17-18 აპრილს.
აქვე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობაც: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55 კგ), მალხაზ ზარქუა (60 კგ), ოთარ თუშიშვილი (66 კგ), გელა საღირაშვილი (74 კგ), არჩილ ქიტიაშვილი (84 კგ), გიორგი გოგშელიძე (96 კგ), დავით მოძმანაშვილი (120 კგ).
13 აპრილს მედლები 55, 66, 84 და 120 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება, ხოლო 14-ში, ხალიჩაზე 60, 74 და 96-კილოგრამიანი მოჭიდავეები გავლენ.
ოთარ მაღლაკელიძე

0.091606