ჭიდაობა

22:47 | 30.07.2011 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფლებმა კორძაიას ვერცხლით დაიწყეს

 

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრმა მამუკა კორძაიამ (96 კგ) ბუქარესტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. თავისუფალი სტილის მიმდევრებს მსოფლიოს ექვსდღიანი პირველობიდან ბოლო ორი დღე ეთმობათ. დღეს ჩემპიონ-პრიზიორები რვა წონითი კატეგორიიდან ოთხში: 50, 60, 74 და 96 კილოგრამებში გამოვლინდნენ. საქმეში ოთხი ქართველიც ჩაერთო, მაგრამ კვარცხლბეკამდე მხოლოდ ერთი მივიდა.
მამუკა კორძაიას მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ირანელი მეტოქის – ჰამედ დელავარ ტალებიზარინკამარის ძლევაღა დააკლდა. პირველი სეტი კი მოუგო, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო. ფინალამდე ქართველმა მოჭიდავემ სამი მოწინააღმდეგე ჩამოიცილა. კანადელ ჩანმიტ სინხ ფულკას და იაპონელ ტაკაჰირო ბაბას უპრობლემოდ გასცდა, ხოლო ნახევარფინალში, აზერბაიჯანელ ასლანბეკ ალბოროვთან დაძაბული სამსეტიანი ბრძოლა გადახდა.
ნუგზარ სხირელის გაწვრთნილი გუნდის დანარჩენი წევრები წინასწარ ეტაპებზევე ისეთ მოწინააღმდეგეებთან დამარცხდნენ, რომლებმაც ფინალში ვერ გააღწიეს. შესაბამისად, ქართველებს ბრძოლის რეპეშაჟში გაგრძელების შანსიც აღარ მისცემიათ.
ლევან როჭიკაშვილი (50 კგ) რუმინულ ლეიბზე ერთადერთხელ გავიდა. მისთვის დაუძლეველი ბარიერი აზერბაიჯანელი მირჟალალ ჰასან-ზადა აღმოჩნდა. თენგიზ ჩოჩიშვილიც (60 კგ) პირველსავე მოწინააღმდეგესთან – ირანელ ბეჰნამ ეშაგ ეჰსანპურთან დამარცხდა, ხოლო ბექა პეტრიაშვილი (74 კგ) მექსიკელი ლუის ანტონიო ორტიგოზა ერნანდესისა და ინდოელი დეეპაკ დეეპაკის ძლევის შემდეგ აზერბაიჯანელ იბრაჰიმ იუსუბოვთან ვეღარას გახდა.
ხვალ მედლები 55, 66, 84 და 120 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. საქართველოს დროშის ქვეშ კი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55 კგ), დავით გალეგაშვილი (66 კგ), დავით მარსაგიშვილი (84 კგ) და თედორე ებანოიძე (120 კგ) იჭიდავებენ. ხინჩეგაშვილი ჩემპიონატს ავსტრიელ მაქსიმილიან აუსერლეიტნერთან შეხვედრით გახსნის, გალეგაშვილი რუს ხეთიკ ცაბოლოვს შეხვდება, მარსაგიშვილი – ახალზელანდიელ ფაისალ ატაიეს, ხოლო ებანოიძე – უნგრელ რიჩარდ სერჩიკს.
 
ოთარ მაღლაკელიძე
0.09912