პოლონეთის ქალაქი პოზნანი ჭაბუკ მოჭიდავეთა შორის საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს. შეჯიბრს დამატებით მუხტს ბავშვთა ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების გათამაშება სძენს. სინგაპურის ოლიმპიადა აგვისტოში უნდა გაიმართოს და მასზე საქართველოს ნაკრები ორივე საჭიდაო სტილში 2-2 სპორტსმენით უნდა გამოვიდეს. თავიდანვე გაირკვა ის 5-5 წონითი კატეგორიაც, რომლებშიც ქართველები სინგაპურის საგზურებისთვის იბრძოლებენ.
სამდღიანი შეჯიბრის პირველ დღეს – 21 მაისს პოლონურ ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გავიდნენ. საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თამაზ ბენდიანიშვილმა პოზნანში წასაყვანი შემადგენლობა მთლიანად საქართველოს ჩემპიონებით დააკომპლექტა. 46 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბექა ბუჯიაშვილმა იჭიდავა, 54 კილოგრამში - ლაშა ბიტარაშვილმა, 63-ში - ირაკლი მოსიძემ, 76-ში - იაკობ პეტრიაშვილმა, ხოლო 100-ში გენო პეტრიაშვილმა.
საუკეთესო შედეგი მოსიძემ აჩვენა – ვერცხლის მედალს დაეუფლა. გენო პეტრიაშვილმა მე-3 ადგილისთვის ორთაბრძოლა მოიგო და ბრინჯაო ირგუნა. დანარჩენები კი საწყის ეტაპებზევე დამარცხდნენ.
ბერძენ-რომაელთა დამრიგებელმა ვაჟა კრავეიშვილმაც საქართველოს ჩემპიონებით დაკომპლექტებული გუნდი იახლა პოლონეთში. ედნარ შავაძე (42 კგ), შმაგი ბოლქვაძე (50 კგ), რამაზ სურმანიძე (58 კგ), მათე ბერიძე (69 კგ) და აკაკი კანდელაკი (85 კგ) მედლებისთვის ბრძოლაში ხვალ ჩაერთვებიან. ზეგ კი ხალიჩა გოგონებს დაეთმობათ. საქართველოს ქალთა სტილში წარმომადგენელი არ ეყოლება.
ბავშვთა ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოსაპოვებლად, წინასწარი ინფორმაციის თანახმად, პოლონეთში ფინალში გასვლაა აუცილებელი. ამრიგად, ბენდიანიშვილის შეგირდთაგან მიზანს მხოლოდ ირაკლი მოსიძემ მიაღწია, თუმც საბოლოო დასკვნის გაკეთება ჯერ მაინც ადრეა.
ოთარ მაღლაკელიძე







